თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ახალი კორონავირუსით COVID-2019 დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი შეიძლება დაავადდეს, განუცხადა სააგენტო Bloomberg-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველმა, ბიოსტატისტმა და ეპიდემიოლოგმა აირა ლონჯინიმ.
ლონჯინის მოდელი ეფუძნება მონაცემებს, რომელთა თანახმად, თითოეული ინფიცირებული ორ-სამ ადამიანს ასნებოვნებს. ამასთან, ეპიდემიოლოგის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვირუსის გავრცელება ორჯერ შემცირდება, ინფიცირების რისკი პლანეტის 30%-ს მაინც ემუქრება.
ლონჯინის მოსაზრებას იზიარებს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელ ლენგი, რომელსაც ასევე მიაჩნია, რომ ვირუსს კაცობრიობის ორი მესამედის ინფიცირება შეუძლია.
გარდა ამისა, ლონდონის Imperial College-ის სწავლული ნილ ფერგიუსონი აცხადებს, რომ მისი გამოთვლებით, მარტო ჩინეთში ყოველდღიურად შეიძლება 50 ათასი ადამიანი დაავადდეს.
მკურნალობის ეფექტური მეთოდი
სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, ეფექტური გამოდგა ჩინელი ექიმების მეთოდი COVID 2019-ის სამკურნალოდ — კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმის გადასხმა.
ექსპერტების თქმით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ზოგი ადამიანის პლაზმაში აღმოჩენილია ისეთი ანტისხეულები, რომელიც დაავადებასთან ბრძოლას უწყობს ხელს.
გაზეთ Global Times-ის ცნობით, ახალი მეთოდის საშუალებით უკვე განიკურნა ათი მძიმე ავადმყოფი.
ბოლო მონაცემები
COVID 2019-ით დაავადებულთა რაოდენობამ მატერიკულ ჩინეთში 63 851 ადამიანი შეადგინა, ხოლო ჩინეთის ფარგლებს გარეთ — 505. მათგან მძიმე მდგომარეობაშია 10 204 კაცი. გარდაცვლილია 1 380 ადამიანი, განიკურნა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 6 723 პაციენტი.
ამასთან ექიმები აკვირდებიან დაახლოებით 178 ათას ადამიანს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.