23:36 06 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6398
  • 100 RUB4.2064
  • USD3.0739
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
30 0 0

კონსორციუმს მთავრობის მიმართ ორი მოთხოვნა ექნება – ფინანსური ზარალის ანაზღაურება და ხელშეკრულების აღდგენა.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელსაც საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა, მთავრობის გადაწყვეტილებას არ ურიგდება და საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელს ამზადებს, განუცხადა ჟურნალისტებს კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა.

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, საბოლოოდ გაწყვიტოს საინვესტიციო შეთანხმება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, რომელმაც 2019 წლის დეკემბერში უკვე მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა. ხელისუფლება უკვე ახალ ტენდერს ამზადებს.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დავა სასამართლოში გაგრძელდება? >>

„სამწუხაროდ, მთავრობა არ დგამს არანაირ ნაბიჯს, რათა საარბიტრაჟო დავას თავი აარიდოს. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მოლაპარაკების დამატებითი მცდელობები იქნება, მაგრამ ორი თვის გასვლის შემდეგ, ალბათ, ჩვენ მოგვიწევს სასამართლო დავაში შესვლა“, – განაცხადა ახვლედიანმა.

კონსორციუმს მთავრობის მიმართ ორი მოთხოვნა ექნება – ფინანსური ზარალის ანაზღაურება და ხელშეკრულების აღდგენა.

„კონსორციუმმა 75 მილიონ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, რათა რეალობად ექცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და ძალიან დიდი სამუშაო გასწია, რომ შეერჩია და დაეპარტნიორებინა პორტის ტერმინალის ოპერატორი, მოემზადებინა საფუძვლები პორტის დიზაინისა და მშენებლობისთვის, შეესრულებინა მნიშვნელოვანი წინასამშენებლო, დაღრმავებითი და სარეკლამაციო სამუშაოები“, – ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

რატომ ჩამოართვეს პროექტი კონსორციუმს

საქართველოს მთავრობამ ინვესტორთან 2016 წელს ხელმოწერილი შეთანხმების გაწყვეტა გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება კი ახსნა იმით, რომ კონსორციუმმა 2019 წლის დეკემბერში უკვე მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა. კერძოდ, კონსორციუმმა ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან.

შეთანხმების ხელმოწერიდან 2018 წლის ოქტომბრამდე სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის შეთანხმებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა. პრაქტიკულად ყველა ცვლილება ეხებოდა ვადების გაგრძელებას. ამასთან, კონსორციუმს ჩამოაწერეს 11 მლნ დოლარის ჯარიმა.

მიუხედავად ამისა, კონსორციუმი მიიჩნევს, რომ კეთილსინდისიერად ასრულებდა ყველა პირობას და მთავრობას არასაკმარის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ გამოიჩინა ნება, რომ კონსორციუმთან და სხვებთან ერთად ემუშავა, რათა გამოსავალი მოეძებნა საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციებისა და ინვესტორების მიერ დასმულ საკითხებთან მიმართებაში“, – ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

კონსორციუმი ირწმუნება, რომ სწორედ ხელისუფლების ქმედებების გამო ვერ დაასრულა ძირითად პირობებზე შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან, რომელთა მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელებისა და სამომავლო წარმატების საკითხში.

არბიტრაჟი – როგორც იძულებითი ნაბიჯი

კონსორციუმი ირწმუნება, რომ მზად არის მშვიდობიანი გზით მოაგვაროს სადავო საკითხები. 2020 წლის 23 იანვარს ინვესტორმა აცნობა მთავრობას სასამართლო დავის დაწყების შესახებ და კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა.

საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტზე ახალ ტენდერს ამზადებს >>

„მაშინ, როდესაც კონსორციუმი კვლავ მზად არის, გამოსავალი ეძებოს შექმნილი სიტუაციიდან, რათა მოხერხდეს პროექტის წარმატებით განხორციელება და სჯერა, რომ შესაძლებელია დავის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ შესულა კონსორციუმთან კონსტრუქციულ დიალოგში და არ გადაუდგამს ნაბიჯები, რომ თავიდან იქნას აცილებული არბიტრაჟი. როგორც ჩანს, კონსორციუმს არ დარჩება სხვა გზა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის წამოწყებას კონსორციუმის საერთაშორისო ინვესტორებიც გეგმავენ.

რას ფიქრობს ხელისუფლება

კონსორციუმთან დავის წამოწყების განსაკუთრებული სურვილი მთავრობას არ აქვს. როგორც ადრე განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მთავრობა კონსორციუმისგან კონკრეტულ წინადადებას ელოდება საარბიტრაჟო დავის აცილების თაობაზე. თუმცა საკითხი ინვესტორთან ჯერჯერობით არ განხილულა.

რამაზ გერლიანი: ანაკლიის პორტში წილს მოსახლეობაც უნდა ფლობდეს >>

„კონსორციუმთან ჯერ შეხვედრა არ გვქონია. მივიღეთ შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ არ ეთანხმებიან მთავრობის პოზიციას. ეს არის უკვე პრაქტიკულად წინასაარბიტრაჟო პროცესი. შესაბამისად, უკვე იუსტიციის სამინისტრო იქნება ამ პროცესში აქტიურად ჩართული და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა მოვისმინოთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კონკრეტული წინადადებები, თუ რაში ხედავს უშუალოდ კონსორციუმი რესურსს და, მათ შორის, რა რეალური შეთავაზება აქვს მას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ავცდეთ საარბიტრაჟო პროცესს“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მომავალი პორტის ტერიტორია დაცარიელდა

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2018 წლის ივლისში კი დაიწყო მუშაობა ფსკერის 16 მეტრამდე ჩასაღრმავებლად. ამჟამად პორტის მშენებლობა გაჩერებულია.

ინვესტორმა უკვე გაიყვანა ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკა. კომპანია Van Oord International-ი, რომელიც კონსორციუმის ქვეკონტრაქტორია, ფსკერის დაღრმავების მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებდა და მან პირველი ეტაპი უკვე დაასრულა.

სახელმწიფომ გამოიხმო კონსორციუმის მიერ წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალებები. დაღრმავების სამუშაოებთან დაკავშირებულ ჰოლანდიელ კონტრაქტორს „ვან ოორდს“ მოუწია საინვესტიციო ტერიტორიიდან დემობილიზაცია. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ადგილზე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება და, შესაბამისად, აღარ არის ცხადი, თუ როდის აშენდება და დაიწყებს ოპერირებას ანაკლიის პორტი, ნათქვამია ამ კომპანიის განცხადებაში.

მთავარი თემები