თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე ახალი კონკურსის გამოცხადებისთვის ემზადება, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება და საბოლოოდ გაწყვიტა საინვესტიციო შეთანხმება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან", რომელმაც 2019 წლის დეკემბერში უკვე მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა. ამის შემდეგ ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ახალი სატენდერო წინადადებების მომზადების პროცედურებს შეუდგა. მინისტრის განცხადებით, შეთანხმების გაწყვეტა მოხდა ყველა დადგენილი წესის გათვალისწინებით და მისი აღდგენა შეუძლებელია.
„ამ ეტაპზე ინტერესთა გამოხატვის პირობებზე ვმუშაობთ. წინა ინტერესთა გამოხატვა 2014 წელს გამოცხადდა, მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო ბანკებთან, რომლებიც შეიძლება მომავალში ინვესტორის ჭრილში განვიხილოთ", – განაცხადა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი სიტყვებით, ახალი კონკურსის საფუძველზე მოხდება ახალი ინვესტორის შერჩევა, რომელსაც ექნება საკმაო ფინანსური რესურსი და შესაბამისი გამოცდილება მოცემული პროექტის განსახორციელებლად.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" 2019 წლის დეკემბერში უკვე მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა. კერძოდ, კონსორციუმმა ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან. აქედან გამომდინარე მთავრობამ ინვესტორთან 2016 წელს ხელმოწერილი შეთანხმების გაწყვეტა გადაწყვიტა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალი აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ამასთან ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი მცირე სიღრმე – ამ დროისთვის მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2018 წლის ივლისში კი დაიწყო მუშაობა ფსკერის 16 მეტრამდე ჩასაღრმავებლად. ამჟამად პორტის მშენებლობა გაჩერებულია.