შეასრულებს თუ არა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები პანაცეის როლს ქვეყნის ეკონომიკისთვის

© photo: Sputnik / Stringerბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 2,7%-ით გაიზარდა და 12,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმებამ საქართველოს დადებითი შედეგი მოუტანა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს დიდი ბაზრებია, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა.

ბოლო დროს საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნებთან (EFTA), თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან. უკვე გაფორმებულია შეთანხმება დიდ ბრიტანეთთან, რომელიც ამოქმედდება Brexit-ის შემდეგ. აქტიურად განიხილება მსგავსი შეთანხმების დადების შესაძლებლობა იაპონიასთან და აშშ-თან. მოლაპარაკება შეიძლება დაიწყოს ინდოეთთან.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან

2019 წელს ევროკავშირთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3,1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 2,8%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ თანხიდან ექსპორტმა შეადგინა 825,7 მილიონი დოლარი (13%-ით მეტი), იმპორტმა კი – 2,3 მილიარდი დოლარი (7,4%-ით ნაკლები).

საქართველო და დიდი ბრიტანეთი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს Brexit-ის შემდგომ შეინარჩუნებენ>>

საქართველომ ევროკავშირთან 2014 წელს მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

„რაც შეეხება ევროკავშირს, აქ ვითარება შედარებით უფრო რთულადაა. სიმართლეა, რომ ჩვენ თავისუფლად ვვაჭრობთ, მაგრამ ჩვენგან ითხოვენ სტანდარტებთან შესაბამისობას, დოკუმენტაციის უფრო მაღალ დონეზე მოწესრიგებას და ა.შ. და ზოგჯერ ჩვენს მეწარმეებს უჭირთ ამ პროცედურების გავლა", – აღნიშნა ბაირახტარმა.

თუმცა, მან აქვე დასძინა, რომ ქართველი ბიზნესმენები ნელ-ნელა ეჩვევიან ახალ წესებს და თუ ევროკავშირთან საგარეო ვაჭრობის მონაცემებს დავაკვირდებით, სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება.

ჩინეთი საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობით მესამე ადგილზეა

ეკონომისტის სიტყვებით, ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთი წამყვანია საქართველოსთვის, მაგალითად, ღვინის ექსპორტის სფეროში.

2019 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთთან დაახლოებით 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 8,5%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, 2018 წელთან შედარებით, 5,3%-ით გაიზარდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს გერბი - Sputnik საქართველო
გასვლა ჩინეთზე – საქართველო ეკონომიკურ ატაშეებს ამზადებს

ჩინეთში წლის დასაწყისიდან გავიდა 102,3 ათასი ტონა სპილენძის მადანი, 5,2 ათასი ტონა ნატურალური ღვინო, 71,1 ტონა ინსტრუმენტი და ხელსაწყო, რომელიც მედიცინასა თუ ვეტერინარიაში გამოიყენება, 1,8 ათასი ტონა სუნელი, 2,5 ათასი ტონა ძვირფასი მეტალის მადანი და კონცენტრატი და სხვ.

ჩინეთიდან შემოვიდა დაახლოებით 4 ათასი ტონა მოწყობილობა ჰაერის კონდიცირებისთვის, 341 ტონა გამოსათვლელი ტექნიკა თავისი ბლოკებით, 9,1 ათასი ტონა რეზინის პნევმატური საბურავი და სხვ.

„ჩინეთთან ვაჭრობა იმითაც გამოირჩევა, რომ იქიდან საქართველოში იმპორტი ისედაც დიდი მოცულობით ხორციელდებოდა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ კი შესაძლებლობა მოგვცა, ჩინეთში უფრო მეტი პროდუქცია გაგვეტანა. აქედან გამომდინარე, პოზიტიური ეფექტი, რასაკვირველია, არის. და თუ ბოლო მონაცემებს დავაკვირდებით, ეს ბაზრები ყოველწლიურად იზრდება", – განაცხადა ბაირახტარმა.

საქართველო წარმატებით ვაჭრობს

2019 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2,7%-ით გაიზარდა და 12,8 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გათვალისწინების გარეშე), აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

რკინიგზა - Sputnik საქართველო
საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა ბოლო შვიდ წელიწადში პირველად გაიზარდა

2018 წელთან შედარებით, ექსპორტი 2019 წელს 12,4%-ით გაიზარდა და 3,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 5,7%-ით გაიზარდა და 2,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ამასთან, იმპორტი 0,8%-ით შემცირდა და 9,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გასულ წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საერთო საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,2%-ს უდრის.

რით ვაჭრობს საქართველო

საქართველოდან გადის საქონლის ფართო ასორტიმენტი – სპილენძის მადანი და კონცენტრატები, ნატურალური ყურძნის ღვინო, ფეროშენადნობები, მინერალური წყალი, სამკურნალო საშუალებები, მსუბუქი ავტომობილები, დამუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ოქრო, მიწის თხილი და თხილის სხვა სახეობები და ა.შ.

საქართველოს სულ უფრო მეტი პროდუქცია გააქვს საზღვრებს გარეთ>>

მსუბუქი მანქანების ექსპორტი 2019 წელს 68,2%-ით გაიზარდა, სპილენძის მადნისა და კონცენტრატების – 29,2%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინის – 13,2%-ით, მედიკამენტების – 17,2%-ით და სხვ. ამავე დროს, ფეროშენადნობების ექსპორტი 14,1%-ით შემცირდა.

რატომ მცირდება იმპორტი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩი" (Fitch) მიიჩნევს, რომ საქართველოში იმპორტის შემცირება უკავშირდება მსხვილი ენერგეტიკული პროექტების დასრულებას. გარდა ამისა, სააგენტოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმპორტის დინამიკაზე გავლენას ახდენს სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდის შენელება და დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამუშავების შემდეგ საშინაო დანაზოგის ზრდა.

აზერბაიჯანის ნავთობის გადაზიდვა რკინიგზაზე - Sputnik საქართველო
ნავთობპროდუქტების იმპორტი: რამდენი საწვავი შემოიტანეს საქართველოში 2019 წელს

„საქსტატის" მონაცემების თანახმად, იმპორტის შემცირება ძირითადად საქართველოში ნავთობპროდუქტების მოწოდების 12,4%-ით შემცირებას უკავშირდება.

იმპორტის შემცირების მიზეზად საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიიჩნევენ დიზელის საწვავის იმპორტის შემცირებას, რაც ძირითადად უკავშირდება საწვავის ამ სახეობის საქართველოდან თურქეთში რეექსპორტის მოცულობის შემცირებას, ასევე საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას.

მათივე მონაცემებით, დღეს საქართველოში 80 ათასზე მეტი ჰიბრიდული ტიპის ტრანსპორტი მოძრაობს.

„რაც შეეხება ბენზინს, ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო პარკის ზრდის მიუხედავად, მისი მოხმარება მატულობს. ბენზინის ფასმა ისტორიულ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, მაგრამ მისი იმპორტი და მოხმარება შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ რეალობებს, რაც საწვავის მოხმარების დონეს განსაზღვრავენ", – აღნიშნეს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გარდა შემოაქვთ მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, ტელეფონის აპარატები და სხვ.

საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა>>

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2019 წელს 52,2%-ით გაიზარდა, მსუბუქი ავტომობილების – 6,5%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 12,8%-ით და სხვ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2019 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან ბრუნვამ 2019 წელს დაახლოებით 4,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 34,1%-ია.

საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხრივ ლიდერობს თურქეთი. თურქეთთან ბრუნვამ აღნიშნულ პერიოდში დაახლოებით 1,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,1%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 6,4%-ით გაიზარდა.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველო წარმატებით ვაჭრობს: ექსპორტი 11,4%-ით გაიზარდა

თურქეთში 2019 წლის დასაწყისიდან გავიდა 76,7 ათასი ტონა არალეგირებული ფოლადის ნახევარფაბრიკატი, 9,3 ათას ტონაზე მეტი სპილენძის მადანი და კონცენტრატი, 17,7 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობი, 1,8 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი და სხვ.

თურქეთიდან ამავე პერიოში შემოვიდა 26,4 ათასი ტონა შავი ლითონის კონსტრუქცია, 1,3 ათასი ტონა სამედიცინო მედიკამენტი, 59,3 ათასი ტონა შავი ლითონის მილები და პროფილები, 2550 მსუბუქი ავტომობილი და სხვ.

„თურქეთთან ეს შეთანხმება უკვე დიდი ხანია გაფორმებული გვაქვს და ჩვენ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული თურქულ პროდუქციაზე. თურქეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელთანაც უარყოფითი სავაჭრო სალდო გვაქვს. თუმცა ნელ-ნელა ვზრდით ექსპორტს. იმპორტის კუთხით კი მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული თურქეთზე, ჩვენი ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე", – აღნიშნავს ბაირახტარი.

მეორე ადგილზეა რუსეთი

საგარეო ბრუნვამ რუსეთთან 7,5%-ით მოიმატა და 2019 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 1,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 11,5%-ია.

ღვინო - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება

2019 წლის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში გავიდა 107,9 ათასი ტონა ფეროშენადნობი, 43,1 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ღვინო, 95,6 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 7 ათასი ტონა სპირტიანი სასმელი და სხვ.

რუსეთი საქართველოში საწვავის კვლავ ყველაზე მსხვილი მომწოდებელია – რუსეთიდან გასული წლის მანძილზე დაახლოებით 333,3 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა.

რუსეთიდან შემოვიდა ასევე 430,2 ათასი ტონა ხორბალი, დაახლოებით 119,5 ათასი ტონა კოქსი და ნახევარკოქსი, დაახლოებით 142,7 ათასი ტონა ნავთობის აირი, 40,2 ათას ტონაზე მეტი მზესუმზირის ზეთი და სხვ.

საქართველოს სხვა სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში არიან: აზერბაიჯანი (დაახლოებით 1,1 მლრდ დოლარი), სომხეთი (დაახლოებით 679,7 მლნ დოლარი), უკრაინა (დაახლოებით 659,5 მლნ დოლარი), აშშ (დაახლოებით 521,9 მლნ დოლარი), გერმანია (დაახლოებით 497,4 მლნ დოლარი), რუმინეთი (390,2 მლნ დოლარზე მეტი), ბულგარეთი (408,2 მლნ დოლარზე მეტი).

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ტურიზმიდან შემოსავლები დაითვალა>>

საქართველო ასევე წარმატებით ვაჭრობს დსთ-ის ქვეყნებთან – სავაჭრო ბრუნვამ 2019 წელს 4,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1,8%-ით მეტია.

ექსპორტმა შეადგინა 2 მილიარდი დოლარი – 20%-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვეებელთან შედარებით, იმპორტმა კი – 2,4 მილიარდი დოლარი – 9,5%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით. დსთ-ის ქვეყნების წილმა მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 8,2% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0