თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტმა 2019 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით 992,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,2%-ით მეტია 2018 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.
2019 წლის დასაწყისიდან საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. მას მოსდევენ რუმინეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები.
ბენზინის იმპორტმა 2019 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით 501,9 ათასი ტონა შეადგინა, დიზელის საწვავის იმპორტმა – 490,7 ათასი ტონა.
ბენზინის იმპორტი წლის დასაწყისიდან 0,8%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დიზელის საწვავის იმპორტი კი 0,4%-ით შემცირდა, აღნიშნეს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
დიზელის იმპორტი იზრდება
ბოლო სამ თვეში დიდი მოცულობის დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ამ პროდუქტის წლევანდელი სტატისტიკა, აღნიშნეს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
2019 წლის პირველ რვა თვეში დიზელის საწვავის იმპორტმა 327,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 11,6%-ით ნაკლებია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში. სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით კი სულ იმპორტირებულია 40,6 ათასი ტონა დიზელით მეტი, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში, აღნიშნეს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
საქართველო ნაკლებ საწვავს ყიდულობს>>
მთლიანობაში, 2019 წლის დასაწყისიდან საწვავის იმპორტის შემცირების მიზეზად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში დიზელის საწვავის იმპორტის შემცირებას მიიჩნევენ, რაც, ძირითადად, უკავშირდება საწვავის ამ სახეობის რეექსპორტის შემცირებას საქართველოდან თურქეთში, ასევე საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის მნიშვნელოვან მატებას.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში 80 ათასამდე ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს.
საწვავის იმპორტის შემცირების კიდევ ერთი მიზეზი – დაურეგისტრირებელი დიზელის საწვავის მზარდი ნაკადია აზერბაიჯანიდან, ლაგოდეხისა და წითელის ხიდის გავლით, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, ასევე ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ავტომობილებით ხორბლის იმპორტი ხორციელდება, აღნიშნეს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
„რეალურად, ყველა ფაქტორი, რომელიც დიზელის საწვავის მოხმარებას განსაზღვრავს – ავტოპარკი, ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, გადაზიდვები – მაღალია და, შესაბამისად, წელს უნდა დაფიქსირდეს დიზელის საწვავის იმპორტისა და მოხმარების მაღალი დონე", – აღნიშნეს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
საწვავის ფასი
2019 წლის დასაწყისიდან ბენზინის იმპორტის 65,5% მოდის რეგულარის (А-91) მარკის საწვავზე, 32,6% – პრემიუმის (А-95) მარკის საწვავზე და 1,9% – სუპერის (А-98) ტიპის საწვავზე.
ამჟამად ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ფასი შეადგენს: სუპერი – 2,68-2,78 ლარი ერთ ლიტრზე, პრემიუმი – 2,59-2,65 ლარი/ლ, რეგულარი – 2,45-2,55 ლარი/ლ, ევრო დიზელი – 2,66-2,74 ლარი/ლ, დიზელი – 2,67-2,69 ლარი/ლ. ლარის კურსი დოლარის მიმართ არის: 1 დოლარი – 2,9 ლარი.