თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებს ეკონომიკურ ატაშეებს, რომლებიც საქართველოდან ექსპორტის გაზრდისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრებიან, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში.
ეკონომიკური დიპლომატიის განვითარება საქართველოს საგარეო პოლიტიკის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტია და იგი ორიენტირებულია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ეკონომიკური ატაშის თანამდებობის შემოღებაზე გადაწყვეტილება 2016 წელს იქნა მიღებული. თუმცა, ხელისუფლება საკანონმდებლო ბაზას 2018 წლამდე ამზადებდა.
„პირველ ეტაპზე ეკონომიკურ ატაშეებს ჩინეთში გავგზავნით. უკვე ჩატარდა კანდიდატების შესარჩევი კონკურსი, შეირჩა შვიდი ადამიანი... მე ყველა გასაუბრებას ვესწრებოდი, რამდენადაც ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ვფიქრობ, მისი გაძლიერებაა საჭირო“, – განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარეს. დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 2018 წლის იანვარში მხარეებმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. 2018 წელს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება. 2019 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 568 მლნ დოლარს მიაღწია.
საქართველოს ჩინეთში გააქვს სპილენძის მადანი, ნატურალური ღვინო და სხვა საქონელი. ჩინეთი საქართველოს ძირითადად ამარაგებს გამომთვლელი ტექნიკით, რეზინის საბურავებითა და სხვა საქონლით.
ამ დროისთვის შვიდი მომავალი ეკონომიკური ატაშე, რომლებმაც შესარჩევი კონკურსი წარმატებით გაიარეს, ტრენინგებს გადის.
„მათ ტრენინგები აუცილებლად უნდა გაიარონ ჩვენთან, ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში. ჩვენ მათთვის სპეციალური პროგრამა შევიმუშავეთ, რამდენადაც ეს ადამიანები არ არიან დიპლომატები, რომელთაც აქვთ დიპლომატიური მუშაობის გამოცდილება... მთავარია, რომ მათ ეს უნარები კარგად ჰქონდეთ განვითარებული“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
კომერციული ატაშეების ძირითად ვალდებულებებში ორი სხვადასხვა მიმართულება შევა, ერთი – ქართული საექსპორტო პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობა და, მეორე – ინვესტიციების მოზიდვა. ატაშე დახმარებას გაუწევს მეწარმეებს წინააღმდეგობების დაძლევაში, რომლებიც შეიძლება საზღვრებს გარეთ წარმოიქმნას.
ზალკალიანის სიტყვებით, საგარეო უწყების გეგმებშია ეკონომიკური ატაშეების გაგზავნა იმ ქვეყნებში, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან, მათ შორის, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ბელგიაში.
ბოლო პერიოდში საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონკონგთან და ჩინეთთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს განხილვა მსგავსი ხელშეკრულებების იაპონიასთან და აშშ-სთან გაფორმების შესაძლებლობაზე. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე მოლაპარაკებების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.