14:18 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
საქართველოს საპატრიარქო

საეკლესიო სკანდალი - სერიოზული გამოწვევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის

© photo: Sputnik / Levan Avlabreli
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
35020

ხვალ თბილისში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რომელსაც დიდი ინტერესით ელის როგორც საეკლესიო და საერო ხელისუფლება, ასევე მთელი საზოგადოება.

 

წინასწარი ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე საუბარი იქნება მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით, თუმცა მთავარი მაინც ეკლესიაში გავლენის სფეროებისათვის დაუნდობელი ბრძოლაა, რომელმაც უკვე საჯაროდ გამოჟონა.

ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის არსებული ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგება ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ დაიწყო. საქართველო სეკულარული და არა რელიგიური სახელმწიფოა, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტები მართავენ. ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულია კონკორდატი, რომელმაც გამიჯნა საეკლესიო და საერო საქმეები და ის, რომ მართალია, სახელმწიფო აღიარებს ქართული ეკლესიის როლს ქვეყნის გადარჩენის საქმეში, მაგრამ მაინც არც საერო ხელისუფლება აპირებს საეკლესიო საქმეებში ჩარევას და არც - ეკლესია ჩაერევა საერო საქმეებში.

თუმცა კონკორდატი მაინც დაწერილი სამართლებრივი აქტია, რომელმაც რეალური ძალა ჯერ ვერ შეიძინა. საპატრიარქოს და ეკლესიას უზარმაზარი გავლენა აქვს საზოგადოებაზე და თითქმის ყველა სოციოლოგიური კვლევით, მის მიმართ ნდობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პარლამენტის, მთავრობისა და სასამართლო ხელისუფლების მიმართ. დღეს რომ ვინმემ კვლევა ჩაატაროს, ეს შედეგები და განსხვავებები, ალბათ, უფრო თვალში საცემი იქნება.

საქართველოს ყველა ხელისუფლება ცდილობდა და ცდილობს, ახლო მეგობრულ ურთიერთობაში იყოს საპატრიარქოსთან, ჰქონდეს მისი მხარდაჭერის იმედი საარჩევნოდ და კეთილგანწყობილი ურთიერთობები.

თუმცა ცხადია, რომ დღეს ბრძოლა პატრიარქის ტახტისათვის უკვე დაუნდობელ ფაზაში გადავიდა. ამ პროცესებს გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება და ის მხოლოდ სინოდის გადაწყვეტილებით არ შემოიფარგლება.

ის ფაქტი, რომ საპატრიარქოდან მეუფე იაკობის განცხადებები არავის დაუგმია და პირიქით, ისიც კი ითქვა, რომ მისი დასჯა უკვე მოხდა ერთი საეკლესიო წოდების ჩამორთმევით, მიანიშნებს იმაზე, რომ საპატრიარქოს გავლენიანი ფრთის ნაწილი, ასე თუ ისე, იზიარებს მეუფე იაკობის განწყობას.

ვინაა და რა თქვა მეუფე იაკობმა?

ხელისუფლებასთან ძალიან დაახლოებულმა მეუფემ თქვა, რომ 2018 წელს ხელისუფლების პირველი პირები პატრიარქის გადაყენებას გეგმავდნენ. რომ მას შეხვედრა ჰქონდა პრემიერ კვირიკაშვილის კაბინეტში თავად კვირიკაშვილთან, ამჟამინდელ პრემიერ გახარიასა და სუსის მაშინდელ უფროს ვახტანგ გომელაურთან და მათ პატრიარქის გადაყენებაში მონაწილეობა სთხოვეს. ამ განცხადების შემდეგ რომ მონასტერი სერიოზულად აირია, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას დღეს რეალური კონკურენტი არ ჰყავს, ხვალ რომ არჩევნები იყოს ეს ამბავი სერიოზულად იმოქმედებდა მის იმიჯზე.

დღეს ძნელი სათქმელია, რამდენად შეესაბამება მეუფე იაკობის განცხადებები სიმართლეს. მეორეს მხრივ, ეს ადამიანი პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი იყო. შესაძლოა, განაწყენებულიც. მაგალითად, ჟურნალისტი ელისო კილაძე წერს, რომ ის სუსის შეფის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თანამოაზრეა და განაწყენებულია გავლენის სფეროების დაკარგვის გამო. სხვათაშორის, ზოგიერთი ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ მისი სახით ხელისუფლებას ჩამოშორებული ეს ჯგუფი, ამჟამინდელ ხელისუფლებას აშანტაჟებდეს. ასე რომ არ იყოს, ახლა რატომ აცხადებს იმას, რაც ორი წლის წინ მოხდაო. თუმცა ამაზე მეუფე იაკობს ის პასუხი აქვს, რომ ამის შესახებ თავად პატრიარქს უამბო. ექსპერტ არჩილ გამზარდიას თქმით, მას არ უკითხავს ვინმესთვის, გაეკეთებინა თუ არა განცხადებები ამ თემაზე, რადგან „ტვ პირველის“ ეთერში მან მძიმე სულიერ მდგომარეობაში ისაუბრა.

განსხვავებულია უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის ვერსია მომხდართან დაკავშირებით. ის თვლის, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილსა და ნიკა გვარამიას სერიოზული კომპრომატები აქვთ მეუფე იაკობთან დაკავშირებით და ამით აიძულებენ, ისეთი რაღაცეები ილაპარაკოს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კაკაბაძე არ გამორიცხავს, რომ მეუფე იაკობის უკან მდგარი ძალები „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყვნენ და მათი მიზანი როგორც არეულობა, ასევე ხელისუფლებისა და საპატრიარქოს დაპირისპირება იყოს.

ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სასწრაფოდ უარყო პატრიარქის წინააღმდეგ რაიმე შეთქმულებაში მონაწილეობა. როგორც ჩანს, ზუსტად იცის, რა გავლენა აქვს ილია მეორეს და ისიც, რომ მასთან დაპირისპირებასა არავის აპატიებს ქართული საზოგადოება. საერთოდ უარყო ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ გაიმარჯვა და მეუფე იაკობის განცხადებებს პატრიარქის გადადგომა მოჰყვება, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ეს ასე სულაც არაა.

არც ილია მეორის მხარდამჭერები აპირებენ გულხელდაკრეფილი ჯდომას

ასაკის მიუხედავად, პატრიარქის შემოდგომა ჯერ არ დამდგარა. მასთან დაპირისპირება კი ხელისუფლებას შესაძლოა, ძალიან ძვირი დაუჯდეს.

ახლა უკვე ყოფილი მეუფის სკანდალურ განცხადებებზე საპარლამენტო ტრიბუნიდან ითხოვენ საქმის აღძვრას და გამოძიებას. უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ასეთი მძიმე ბრალდებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა და პროკურატურა ყოველდღიურად ვერ დაიწყებს გამოძიებას.

არადა, ყოფილმა ქორეპისკოპოსმა უფრო სკანდალური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ყოფილი გენპროკურორი ფარცხალაძე და უჩა მამაცაშვილი ნაციონალების ყოფილ ლიდერს, რამაზ ნიკოლეიშვილს 15 მილიონ დოლარს სთხოვდნენ.

თუ ეს განცხადება მეუფე იაკობის გარდა თუნდაც ერთმა ადამიანმა დაადასტურა, პროკურატურას მაინც მოუწევს საქმის აღძვრა და იმის გარკვევა, სასულიერო პირი სიმართლეს ამბობს თუ ცილს სწამებს ადამიანებს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის მეუფის განცხადებებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს და არც არანაირი სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არ აპირებს.

ზოგადად, ციანიდის საქმიდან მოყოლებული, ბევრი ისეთი ფაქტი და ინფორმაცია გამოვიდა სააშკარაოზე, რამაც საზოგადოების ნაწილს, შესაძლოა, რწმენაც დაუკარგოს, მაგრამ კარგი ისაა, რომ ეს გამჭვირვალეობა მეტ სიცხადეს შეიტანს ეკლესიისა და ერის ურთიერთობებში.

და კიდევ - დიდი ხანია, საეკლესიო და საერო წრეებში, გულისტკივილით საუბრობენ, რომ ისევე როგორც ერს, ეკლესიასაც გაწმენდა სჭირდება და რუის-ურბნისის კრებაა მოსაწვევი. მართალია, არც დავით აღმაშენებელი ჩანს ქართულ პოლიტიკურ წრეებში და არც გიორგი ჭყონდიდელი, მაგრამ შესაძლოა, ამ განხილვებში ბევრი სიმართლე ითქვას. ფაქტია, რომ ასაკის მიუხედავად ილია მეორის შემოდგომა ჯერ არ დამდგარა და ბრძოლა პატრიარქის ტახტისათვის კიდევ გაგრძელდება.

 

 

მთავარი თემები