მეუფე იაკობის განცხადებამ ყველა გააოგნა - ხელისუფლებაც, საპატრიარქოც და მოსახლეობაც

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი ვერსიით, მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება უკავშირდება კათოლიკოს-პატრიარქის ადგილისთვის ბრძოლას, მეორეთი კი - პოლიტიკოსების მიერაა პროვოცირებული

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. უკვე მესამე დღეა, არ ცხრება ემოციები ბოდბის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე იაკობის სკანდალური განცხადების გამო, რომელმაც მთავრობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაყენების დაგეგმვაში დაადანაშაულა.

მეუფე იაკობის სკანდალურმა განცხადებამ საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია >>

რამდენიმე დღის წინ მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება გააკეთა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში და აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. მისი თქმით, შეხვედრა კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა. გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, ეს იყო მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა.

ორშაბათს მეუფე იაკობი შეხვდა კათოლიკოს-პატრიარქს და აცნობა მას თავისი გადაწყვეტილება პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ილია მეორის პასუხი ცნობილი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა განცხადებას ხელი მოაწერა.

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი - Sputnik საქართველო
მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობიდან გადადგა

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ტიგინაშვილი ამტკიცებს, რომ მეუფე იაკობს შურისძიების სურვილი ამოძრავებს. ის თითქოსდა განაწყენებულია იმაზე, რომ პატრიარქის მოსაყდრედ ილია მეორემ მეუფე შიო დაასახელა.

 „ქართული ოცნების გარკვეული შტო ლობირებდა მეუფე იაკობის კანდიდატურას მოსაყდრის თანამდებობაზე. იმის შემდეგ, რაც ეს არ განხორციელდა, მას გაუჩნდა პირადი ანტაგონიზმი იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ, შესაბამისად, ეს განაწყენებაა მთავარი ინსპირატორი ამ ყველაფრის“, - განუცხადა ტიგინაშვილმა ტელეარხ Rustavi2-ს.

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პატრიარქის მოსაყდრე ილია მეორის გადაწყვეტილებით 2017 წელს გახდა.

„მეუფე იაკობმა საპატრიარქოსა და ამ ხელისუფლებისთვის ბევრი რამ გააკეთა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ არასწორია მისი დემონიზება და მტრად გამოცხადება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ პიროვნებასა და ძალას სურს მეუფე იაკობის დაპირისპირება როგორც მეუფე შიოსთან, ისე ბიძინა ივანიშვილთან“, - განუცხადა საპატრიარქოს მთავარმა იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ გარკვეულწილად შოკირებული იყო სკანდალური განცხადებით, რადგან მეუფეს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი იერარქიის წარომადგენლებთან, ისე ივანიშვილთან.

შოკირებული იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მან მინისტრთა კაბინეტის წევრების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს სისულელე უწოდა და ყველას ურჩია, თავისი საქმით დაკავებულიყო: „მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ილია მეორე ავადმყოფობის გამო საკვირაო წირვას ვერ დაესწო >>

 „ერთი წამითაც არ მჯერა იმის, რომ ხელისუფლებას პატრიარქის გადაყენება სურდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ თუ ვინმეს არ მოსწონს სულიერი მოძღვარი, შეუძლია სხვასთან წავიდეს. „ჩვენ კულტურული საზოგადოება გვყავს და არა მგონია, ამან დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე“, - ხაზი გაუსვა თალაკვაძემ.

ოპოზიციამ, თავის მხრივ, პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა, რადგან მიტროპოლიტმა სერიოზული ბრალდებები გაახმოვანა.

ეკლესია და პოლიტიკა

ქართველი ექსპერტების მოსაზრებები ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ერთმანეთს ემიჯნება.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია მეუფე იაკობის განცხადებაზე: „შოკირებული ვარ...“

პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ მიდის ბრძოლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ადგილისთვის.

„შთაბეჭდილება ჯერ ასეთია, რომ მისი (მეუფე იაკობის, - რედ.) მკაცრი განცხადებები ეკლესიის შიდა პოლიტიკას ემსახურება. იშვიათი არ არის, როდესაც ეკლესიის შიგნით მწიფდება ინტერესი იმის მიმართ, თუ ვინ დაიკავებს პატრიარქის ადგილს. მით უმეტეს, რომ პატრიარქის ასაკიცა და ჯანმრთელობის მდგომარეობაც მორწმუნეთა შეშფოთებას იწვევს“, - განუცხადა საყვარელიძემ „Sputnik-საქართველოს“.

იმის მიუხედავად, რომ ბოდბის ეპარქიის მიტროპოლიტი მთავრობის წევრთა მისამართით ბრალდებებით გამოვიდა, ექსპერტი ამაში პოლიტიკურ ინტერესებს ვერ ხედავს.

„როგორც წესი, როდესაც ვინმე ერთვება პოლიტიკაში, იგი რომელიმე მხარეს იკავებს. ძალიან იშვიათად ეწინააღმდეგება ყველას, ძალიან იშვიათად უჯანყდება ყველას. ჩემი აზრით, ეს გამორიცხავს იმას, რომ ის როგორღაც დაკავშირებულია პოლიტიკასთან, ამა თუ იმ ჯგუფის პარტიულ პოლიტიკასთან“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ექსპერტი ფიქრობს, რომ მეუფე იაკობის თავდასხმის რეალური ობიექტი კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე შიოა.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ მაისაია ამტკიცებს, რომ სკანდალური განცხადება პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკას.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
პატრიარქმა საკვირაო წირვის შემდეგ წმინდა ამბროსი ხელაიას მოღვაწეობაზე ისაუბრა

„ადაიანები, რომლებიც ამ პროვოკაციას ამზადებდნენ, უმიზნებდნენ იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური არეულობა დაწყებულიყო, რათა „პოლიტიკური ჰაერი“ კვლავ უზომოდ გახურდეს და ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკური გადატრიალებისკენ უბიძგოს, როგორც 20-21 ივნისის მოვლენების მაგალითზე დავინახეთ. ასეთი ტენდენციები ვლინდება“, - განუცხადა მაისაიამ „Sputnik-საქართველოს“.

მან საჩვენებელი უწოდა იმას, რომ მეუფე იაკობმა განცხადება გააკეთა ტელეარხის ეთერით, რომელიც, მისი სიტყვებით, ოპოზიციურ პარტიასთან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ასოცირდება. ეს პარტია 2017 წლის დასაწყისში „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსულმა გავლენიანმა პოლიტიკოსებმა შექმნეს.

„ეს არის მომზადებული პოლიტიკური პროვოკაცია, ამაში უკვე ეჭვი აღარ მეპარება“, - ხაზი გაუსვა მაისაიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ დღეს „აბსოლუტური ასიმეტრიული დაუბალანსებლობაა ორ ინსტიტუტს შორის - საპატრიარქოსა და მთავრობას შორის“. ეს, პოლიტოლოგის თქმით, არის „სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის შედეგი, რომელმაც საპატრიარქოთი მანიპულირების მცდელობისას მასთან ურთიერთობის ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა“.

ყველა ახალი ამბავი
0