11:00 22 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
მამუკა ბახტაძე

რით დაგვამახსოვრდა მამუკა ბახტაძე: პრემიერის ინიციატივები, აღმასვლები და ჩავარდნები

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
8110

მამუკა ბახტაძე 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მეოთხე პრემიერ-მინისტრი იყო და ყველაზე მოკლე პერიოდით ეკავა ეს თანამდებობა.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 37 წლის მამუკა ბახტაძე წელიწადსა და ორ თვეზე ცოტა მეტ ხანს იკავებდა.

ბახტაძე პრემიერი 2018 წლის 25 ივნისს გახდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" შიგნით კრიზისის მომწიფების პერიოდში. მან თავი წარმოადგინა, როგორც რეფორმატორმა და ადამიანმა, რომელსაც მმართველი პარტიის მიმართ დამოკიდებულება ძირეულად უნდა შეეცვალა.

სად მიდის ბახტაძე?>>

სიღარიბესთან ბრძოლა, დასაქმების მაჩვენებლის ამაღლება და მოსახლეობის კეთილდღეობა – ეს ის ამოცანებია, რომლებიც ბახტაძის წინაშე დააყენეს.

ბახტაძემ მოქმედებები მტკიცე ნაბიჯებით დაიწყო, მაშინვე შეამცირა მინისტრთა კაბინეტი 11 ადამიანამდე და, შესაბამისად, შემცირდა ხარჯებიც. თუმცა, ბევრი უკმაყოფილოც დარჩა. მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაერთიანება კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან დღემდე იწვევს კითხვებს და, გავრცელებული ხმების თანახმად, ეს უწყებები კვლავ გაიყოფა.

ბახტაძის პრემიერობის პერიოდში 600 ათას ადამიანს საბანკო დავალიანებები ჩამოაწერეს. მართალია, ინიციატივა მთლიანად ბახტაძეს არ ეკუთვნოდა – ვალების გამოსყიდვა და ჩამოწერა ხდებოდა ქართველი მილიარდერის, მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სახელთან ასოცირებული ბანკის მიერ.

ბახტაძის ინიციატივა იყო დღგ-ის დაბრუნება და მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება კრედიტების მიღებაში. ახლა მთავრობა მათთვის გარანტორის როლს ასრულებს.

მაგრამ, როგორც ჩანს, ბახტაძის მთავარი მიღწევაა განათლების რეფორმის დაწყება. სწორედ ის გამოვიდა წინადადებით, რომ ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი, ანუ მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) 6% განათლების სფეროს მოხმარდეს.

ასევე ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის დროს გაიზარდა პენსიები, პოლიციელებისა და სამხედროების ხელფასები და ახლა ხელფასი მოემატებათ მასწავლებლებს.

თუმცა, მთავარ კითხვად რჩება – მოახერხა თუ არა ბახტაძემ მის წინაშე დასმული ამოცანების შესრულება. საქმე ისაა, რომ ბოლო წელს პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში გამწვავდა. გარე ფაქტორებმა და არასტაბილურობამ ქვეყანაში ლარის კურსის დაცემა გამოიწვია და უკვე დაიწყო ფასების ზრდა.

2018 წლის ივნისთან შედარებით, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 20,7%-ით დაეცა. მიმდინარე წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4,9% შეადგინა.

ვერ შექმნა ბახტაძემ ასევე პარტიის დადებითი იმიჯი. გასული წლის შემოდგომაზე არჩევნებზე მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გაყვანა ძლივს მოახერხა. ზურაბიშვილმა მხოლოდ მეორე ტურში შეძლო მოგება.

საქართველოს პედაგოგებს ახალი წლიდან ხელფასი გაეზრდებათ>>

ბახტაძის პრემიერობის ბოლო პერიოდი კიდევ უფრო დაძაბული იყო. მან ვერ შეძლო თავისი კონფლიქტის დამალვა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, რომელმაც 2012 წლიდან სამი პრემიერი „გამოიცვალა".

ხოლო ივნისში სიტუაცია საქართველოში კინაღამ კონტროლიდან გამოვიდა. რუსი დეპუტატის თბილისში ჩამოსვლას საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომელიც პარლამენტის შტურმით აღების მცდელობაში გადაიზარდა. პოლიციის ძალისხმევით არეულობები აღიკვეთა, მაგრამ აქციის დაშლის მეთოდებმა მოიტანა ის, რომ თბილისში აქციები ყოველდღე იმართება.

ამას დაემატა გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები, ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის ახალი მფლობელის ხელში გადასვლა, წამყვანი ჟურნალისტების გათავისუფლებები და საინფორმაციო გამოშვებების დროებითი შეწყვეტა.

ამჯერად მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, ფსონი უფრო მტკიცე ხელმძღვანელზე დადოს, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელიწადში ტიტანური შრომა მოუწევს.

ცვლილებები, პრობლემები, აღმოჩენები და ისევ რეფორმების მოლოდინი – 2019 წელი განათლებაში>>

ბახტაძის მემკვიდრე გიორგი გახარიამ უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი პოზიციების დაცვა. რამდენად გაუმკლავდება ის დასახულ ამოცანებს, უკვე შემდეგ შემოდგომაზე გახდება ცნობილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, რომელიც ქვეყნის მომავალ ხელმძღვანელობას განსაზღვრავს.

მთავარი თემები