ქართული პოლიტიკური გოგლიმოგლი და მოსამართლის გაცვეთილი მანტია...

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნების ოფისი
ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა ხდება "სალაყბოში", ვინ და რატომ ლობირებს საზოგადოებაში რეპუტაციაშელახული მოსამართლეების უვადოდ გამწესებას, უღალატა თუ არა მმართველმა პარტიამ 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალებს, სად იწყება და მთავრდება ოცნება?..

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიას ბანალური ჭეშმარიტების შეხსენებით დავიწყებ: მარტოოდენ ოცნება არ კმარა, პაწა ხელსაც განძრევა უნდა. ასეა ეს!.. მხოლოდ ოცნებას სასიკეთო არავისთვის არაფერი მოუტანია, შედეგი კი მძიმეა, როცა წლების მანძილზე სხვებს აოცნებებ კოლექტიურად, ერთს ფიქრობ, მეორეს ჰპირდები და მესამეს სთავაზობ, თანაც ჯიუტად არწმუნებ, რომ თუ ყაბულს არ იქნება, შეიძლება ოცნებაც დაკარგოს, შემდეგ კი გგონია, რომ ის, ვინც ოცნებაში დიდხანს მოგყვება, ბრიყვია და გავიწყდება, რატომ ჩაირთო ოცნების წამზომი. სასტიკია ცხოვრება, არ გაპატიებს! შესაძლოა ვცდები, თუმცა, ვნახოთ, დრო გვიჩვენებს...

ერთი ფაქტია, გასული კვირის ხუთშაბათი ოცნებით გართულებისთვის პოლიტიკურად შავი გამოდგა. მმართველმა პოლიტიკურმა ელიტამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. „ქართული ოცნების“ ე.წ. ძველი გვარდიის ერთმა ნაწილმა უმრავლესობის რიგებიც დატოვა და პარტიის მანდატზეც უარი თქვა. იმედია, ქართული პოლიტიკური გოგლიმოგლის ჩამოსხმის შემხედვარე მკითხველს ეს კარგად მოეხსენება, მაგრამ მაინც შემოგთავაზებთ მოკლე ამონარიდებს პოლიტიკურად გაყრილთა კომენტარებიდან. უპირატესობას ეკა ბესელიასა და ირაკლი კობახიძეს მივანიჭებ. პირველი აშკარად ოჯახიდან წასულთა ლიდერად გვევლინება, ხოლო მეორეს, რომელსაც მთავარი მეოცნებე ჯერ სწყალობს, არწასულები ანგარიშს უწევენ. თუმცა მეოცნებეთა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის სიტყვების უგულებელყოფაც არ იქნება სწორი. მაშ ასე, ძირითადი აქცენტები, ზედმეტი ლირიკის გარეშე...

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
ეკა ბესელია „ქართულ ოცნებას" ტოვებს

ეკა ბესელია: „მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად დავაფუძნე... ხედვაში ავცდით! თურმე, მთელი საზოგადოების ის უდიდესი ნაწილი, რომელიც სასამართლოს აკრიტიკებს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსშია. მე არ ვეთანხმები ასეთ შეფასებებს. ბიძინა ივანიშვილი, ეჭვი არ მეპარება, ბოლომდე იბრძოლებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი არ დაბრუნდეს, თუმცა განცდა მაქვს, რომ პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები სახიფათოა. რაც მთავარია, ამ ადამიანებთან ერთად, ვინც დღეს „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობს, ის მიზანს ვერ მიაღწევს... ჩემი ამოცანა არ არის ბიძინა ივანიშვილთან ომი, ჩემი მიზანია სასამართლო იყოს ამ ქვეყანაში. ამას აქ ვერ ვახერხებდი... მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, სადაც ჯერ კიდევ არის იმედი, რომ ამ კოჰაბიტაციას არ გადაჰყვება ყველაზე ღირებული – სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა...“

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი ჩავარდა – უმრავლესობამ სიტყვა შეასრულა

მოგეხსენებათ, კარგ ნათქვამს კარგი გამგონი სჭირდება. თქვენის ნებართვით, ჩემეულ ხედვას წარმოგიდგენთ. მაშ ასე, ეკა ბესელიამ ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნების“ დაფუძნებაში მას დამსახურება მიუძღვის. ჩვენ კი, სავარაუდოდ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამას დაფასება უნდა. მომდევნო რამდენიმე წინადადებით ავტორი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ეჭვი არ ეპარება პარტიის თავმჯდომარის კეთილ ზრახვებში, თუმცა შეფასებებს, მეთოდებს, ახლო გარემოცვას უწუნებს. საბედნიეროდ (თავად განსაჯეთ ვისთვის), ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილთან ომს არ აპირებს, მისი მიზანი სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლაა და იქ მიდის, ხალხში, სადაც ათასობით თანამოაზრე ეგულება. აქ  ნამდვილად არ ცდება, სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე ეტაპი საზოგადოებაში კრიტიკას ვერ უძლებს. აქვე ძალზე საგულისხმოდ მენიშნა, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გაცილებით მწვავედ

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
ვნებები პარლამენტში: ბესელიას „პრინციპულობა" კანონპროექტის ბედზეა დამოკიდებული

არ დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც წარსულში სამოსამართლეო საქმიანობით რეპუტაციაშელახული მოსამართლეების უვადოდ გამწესების მთავარ ლოკომოტივად, გამწევ ძალად მოგვევლინა. რა კვალს დაამჩნევს ბიძინა ივანიშვილის ეს პოზიცია პარტიის იმიჯსა და პერსპექტივას, დრო გვიჩვენებს. საეჭვოა შედეგი პოზიტიური იყოს, რადგან უსამართლობის განცდა არის ის მთავარი, თუ ერთადერთი ფაქტორი არა, რამაც შესაძლებელია პოლიტიკურად დემოტივირებული ხალხი ქუჩაშიც გამოიყვანოს და ძალაუფლების საკითხი გადააწყვეტინოს. სავარაუდოდ პოლიტიკური პრაგმატიზმი, ანუ ბიძინა ივანიშვილის ჯერ კიდევ პოზიტიური იმიჯი გახდა იმის მიზეზი, რომ ეკა ბესელიამ სამიზნედ არა პარტიის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე აირჩია. სალაყბოს სპიკერი სწორედ მართლმსაჯულების საკითხისადმი მისი დამოკიდებულების გამო ბოლო დროს საზოგადოების სულ უფრო დიდ ნაწილს აღიზიანებს...

„ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს

პარლამენტის თავმჯდომარე ვახსენეთ და რომ არ გაგვინაწყენდეს, მასაც დავუთმოთ ასპარეზი.

ირაკლი კობახიძე: „ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებებს მე კომენტარს არ გავუკეთებ, ასე აჯობებს. ყველას ვურჩევ, რომ ემოციურ ფონზე, ზოგადად, არ გააკეთონ ხოლმე განცხადებები... 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია გუნდის ერთიანობის შენარჩუნება და გვექნება მსჯელობა გუნდის შიგნით, დისკუსია გაგრძელდება...“ 

არაფერი განსაკუთრებული, ბრძანებთ თქვენ და მართალიც იქნებით. მხოლოდ ერთს ვიტყვი, გუნდის ერთიანობის შენარჩუნების სურვილის დეკლარირების მიუხედავად პრაქტიკული და ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ე.წ. ახლები უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფიქრობენ და ამთავითვე ზრუნავენ მომავალი საარჩევნო სია რაც შეიძლება უფრო თავისუფალი იყოს ე.წ. ძველი მეოცნებე სახეებისგან. სავარაუდოდ ეს პროცესი პარტიის თავმჯდომარისგან ხელდასმულია, თუ არა და მაშინ ოცნება უფრო პრობლემატური ყოფილა, ვიდრე ეს ჩვენ გვეგონა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ურთიერთობის ფორმატს ცვლის

მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მოვლენები არა პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ ჭრილში წარმოადგინა...

მამუკა მდინარაძე: „როდესაც გუნდის წევრები ტოვებენ გუნდს, ძალიან სამწუხაროა... მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს მოცემულობასთან, როცა თვალსაჩინოა, რომ ანტიკონსტიტუციური კანონის მხარდაჭერის გამორიცხვის გამო გუნდის წევრებმა დაგვტოვეს. ეს მათი არჩევანია და მათი გადასაწყვეტია. მიმაჩნია, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონს ხმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ, რაც არ უნდა ემოციური ფონი იყოს. ჩემი აზრით, ეს იყო პოლიტიკური შეცდომა...“  

დეპუტატები - Sputnik საქართველო
ოპოზიცია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისთვის ემზადება

მოჩვენებითი სინანული აქაც იკითხება − დამეთანხმება მკითხველი. დეპუტატის ნარატივის ის ეპიზოდი, სადაც დეპუტატ ეკა ბესელიას კანონპროექტს ანტიკონსტიტუციურად აფასებს, საგულისხმოა, თუმცა გათვლილია იმ მოქალაქეზე, რომელიც საკანონმდებლო საქმიანობაში კარგად ვერ ერკვევა. მე კი მივანიშნებ, თუ კანონპროექტის ძირითადი პრინციპები მეოცნებეთა მეორე ნაწილისთვის მისაღები იყო, რამ შეუშალათ ხელი, ჯერ კიდევ პოლიტმეგობრებთან ერთად ის ქვეყნის ძირითად კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ და გადაწყვეტილებაც ისე მიეღოთ? დასმულ კითხვას თავად ვუპასუხებ, სწორედ რომ ნება არ იყო ასეთი...

ამასობაში უზენაეს სასამართლოში წევრების შესარჩევად კრიტერიუმებისა და პროცედურების დამდგენი კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათი განმარტებით, ირაკლი კობახიძის წარმოდგენილ კანონპროექტში არ არის ასახული არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის რეკომენდაციები. ამ ბრალდებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გაფიცულთა პოლიტიკურ ინტერესებზე მიანიშნა.

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
შეუცვლელი არავინ არის - „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის შედეგები

პარლამენტის თავმჯდომარეს ბევრი ვარცხნილობასაც უწუნებს და მას დალაქზე გამწყრალს უწოდებს. მიუხედავად ამისა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, სავარაუდოდ, ოქროს ასოებით ჩაიწერება მისი ფრთოსანი ფრაზა: „შემადგენლობის ცვლილების გარეშე შეიცვალა სისტემა... ადამიანები, რომლებიც ჩადიოდნენ მასობრივად ცუდ რაღაცეებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცეებს, ამაშია საქმე...“ რა გინდა რომ ქნა, როცა ასეთია მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხისადმი პარლამენტის თავმჯდომარის მიდგომა?!. 

და, ბოლოს, გავრცელებულ მოსაზრებას, რომ მეოცნებეთა შორის წყალგამყოფი სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხი იყო, ნაწილობრივ გავიზიარებ და დავძენ, რომ დაპირისპირების ფესვებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მივყავართ, როცა კოალიციის დაშლის შემდეგ პარტიაში ახალი სახეები, ახალბედა პოლიტიკოსები გამოჩნდნენ და მოწინავე პოზიციებიც დაიკავეს. მათი უმრავლესობა ირაკლი კობახიძის გუნდში მოიაზრება. „ქართული ოცნების“ წევრებს შორის ღირებულებითი კონფლიქტია! ეს თანდათან კიდევ უფრო იჩენს თავს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელი, დამფინანსებელი და თავმჯდომარე საკუთარ პარტიაში უმცირესობაში იყოს. არ მინდა დავიჯერო, რომ მთავარი მეოცნებე მის მიერ შექმნილი ფიგურების მძევალია, არადა, დასაკარგი ბევრი აქვს!..

 

ყველა ახალი ამბავი
0