„ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების" ოფისი
„ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიიდან წასვლის მიზეზებზე ორშაბათს ისაუბრებს

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ყველაზე დიდი ფრაქციის ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

გედევან ფოფხაძე ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად იყო ავტორი პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტისა, რომელიც მათ პარლამენტში 11 თებერვალს წარადგინეს. საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა პარლამენტის დეპუტატების ინიციატივას საქალაქო, რაიონული და სააპელაციო მოსამართლეების უვადო წესით  დანიშვნის  2025 წლამდე გადადების შესახებ. ბესელიამ და გოგიჩაიშვილმა მას შემდეგ, რაც ეს შესწორებები ჩავარდა, განაცხადეს, რომ ტოვებენ პარტიას.

„მე, პირადად, როგორც ფრაქციის ხელმძღვანელს, განცხადებით მომმართა ფრაქციის დატოვებაზე გედევან ფოფხაძემ. როგორც ვიცი, მან პარტიასაც მიმართა ასეთი განცხადებით. ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პარტიას ტოვებენ ჩვენი კოლეგები, ჩვენი თანაგუნდელები, მაგრამ მათ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

თავისი გადაწყვეტილების შესახებ ფოფხაძე ორშაბათს ისაუბრებს.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ურთიერთობის ფორმატს ცვლის

„ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ბიუროზე დროზე მოხვდეს და დროში არ გაიწელოს საკითხი. ორშაბათს, 12:00 საათზე შევხვდები ჟურნალისტებს და იქ ვილაპარაკებ უფრო დასაბუთებულად. ბევრი მიზეზი მაქვს, რის გამოც ვტოვებ ფრაქციას“, – განაცხადა ფოფხაძემ.

რაც შეეხება კანონპროექტს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ  გადაწყვეტილება, რომ მხარი არ დაუჭიროს შესწორებებს, იმ მოსაზრებით მიიღო, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ქვეყნის განახლებულ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ქვეყნის მთავარ კანონში წერია, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან.

მმართველი პარტიიდან წასვლის შესახებ გუშინ კიდევ ერთმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი ჩავარდა – უმრავლესობამ სიტყვა შეარსულა>>

საქმე ისაა, რომ ნაცვლიშვილმა დეპუტატებს საპენსიო რეფორმის საკუთარი ვერსია წარუდგინა და პირობა დადო, რომ თუ მმართველი პარტიის დეპუტატები მას მხარს დაუჭერდნენ, ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებდა. ასეც მოხდა: კანონპროექტი ჩავარდა, ხოლო ნაცვლიშვილმა წასვლის შესახებ განაცხადა.

დოკუმენტების მიხედვით ისინი ჯერჯერობით „ქართული ოცნების წევრები“ არიან. როგორც კი ფორმალური პროცედურები დასრულდება, მმართველი პარტია პარლამენტში 111 დეპუტატით დარჩება, ანუ, მას საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ეყოლება.

ყველა ახალი ამბავი
0