ლარის გამბიტი, ანუ „გულუხვი“ ბანკები და „გაქცეული“ დოლარი...

© Sputnik / Alexander Imedashviliბანკის სალაროსთან
ბანკის სალაროსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ციკლიდან „აშკარა, მაგრამ დაუჯერებელი“: ეკონომიკა არ ვითარდება, კომერციული ბანკების მოგება იზრდება, ხალხი ღარიბდება, თვიდან თვემდე იზრდება ლარში გაცემული სესხების მოცულობა, საფინანსო ბაზარი ჭარბი ეროვნული ვალუტით მძიმდება!

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს! ჯერჯერობით ვერავინ ამბობს, რა ტემპით გაგრძელდება ეს დაღმასვლა, რა ნიშნულზე დაამუხრუჭებს ლარი… რამდენიმე დღის წინ ვწერდი, რომ, ამჟამად არსებული საფინანსო-ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, კურსის მკვეთრი ვარდნის ობიექტური საფუძვლები არ არსებობს. სპეციალისტების ნაწილი მთავარ მიზეზად ასახელებს ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რომელიც, მათივე შეფასებებით, კომერციული ბანკების არაჯანსაღ ინტერესებს ემსახურება. პირველ რიგში ის იგულისხმება, რომ ქვეყნის სავალუტო ბაზარზე კომერციული ბანკები ყოველგვარი კონტროლის გარეშე და ერთპიროვნულად განსაზღვრავენ თამაშის წესებს. თავად ეროვნული ბანკი კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას. ამასობაში კი, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კომერციულმა ბანკებმა მხოლოდ ლარის კურსის ცვალებადობის გამოყენებით მოსახლეობისგან და კერძო სტრუქტურებისგან მილიარდი ლარი „ამოქაჩეს“! საბანკო სექტორი განვითარებით უსწრებს ეკონომიკას, რაც არალოგიკური და არაჯანსაღი პროცესია. ის უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაზე, საინვესტიციო გარემოზე, ამძიმებს სოციალურ ფონს… ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.5-4.5 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, კომერციული ბანკების შემოსავლები და მასთან ერთად მოგებაც წლიდან წლამდე იზრდება! დასტურად ეროვნული ბანკის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას მოვიყვან:

ლარის კურსი - Sputnik საქართველო
უძირო ფსკერის ძიებაში, ანუ სანამდე „ჩაყვინთავს“ ლარი...

2017 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ქვეყნის კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2.5 პროცენტით გაიზარდა და 32.3 მილიარდი ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 631 815 000 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 147 538 000 ლარით აღემატება. კომერციული ბანკების მიერ ბიუჯეტში შეტანილი მოგების გადასახადი 65 000 122 ლარს გაუტოლდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, გაზრდილია კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი, ანუ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ოდენობა. მკითხველს რიცხვების სიმრავლით არ დავღლი, მხოლოდ რამდენიმე მონაცემს გაგაცნობთ:

2017 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ 19.8 მილიარდი ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის სექტემბერში კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი 601.1 მილიონი ლარით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 380.1 მილიონი ლარით. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 220.9 მილიონი ლარით… და, ბოლოს, მიმდინარე წლის სექტემბრის განმავლობაში 277.0 მილიონი ლარით გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა.

პირამიდა დოლარზე - Sputnik საქართველო
კარგად დაფიქრდი, სანამ ისკუპებ: „ფინანსური პირამიდა“, ანუ შეიტანო თუ არ შეიტანო?!

დავძენ, რომ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა აღემატება იურიდიული პირების დაკრედიტების მოცულობას. ფიზიკურ პირებზე გაცემულ კრედიტებში საკმაოდ დიდია ე.წ. სამომხმარებლო სესხების ხვედრითი წილი. ამ ტიპის კრედიტი ლარში გაიცემა. შესაბამისად, ყოველი სამომხმარებლო სესხის გაცემისას საფინანსო ბაზარი ჭარბი ეროვნული ვალუტით მძიმდება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ბანკები ხშირად მომხმარებელს, მისი მოთხოვნის გარეშე, წინასწარ უმტკიცებენ კრედიტს, შემდეგ კი სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ „კლიენტი“ დაიყოლიონ მისთვის „სარფიან“ გარიგებაზე. ეს სქემა მუშაობს. რაში იხარჯება „ჭარბი ეროვნული ვალუტა“? – უმრავლეს შემთხვევაში მსესხებლები ამ თანხით უცხოურ ვალუტას იძენენ, რათა უკვე დოლარში არსებული სხვა კრედიტი გადაფარონ. არც თუ იშვიათად ლარში აღებული ახალი სესხი ლარშივე არსებული სხვა საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად მიემართება. ამგვარი ქმედება პირამიდის ნიშნებს შეიცავს და ადრე თუ გვიან კრახით მთავრდება. საკმაოდ გავრცელებული მოსაზრებით, ბანკები მოგების დიდ ნაწილს კლიენტებზე გაცემული სესხებიდან პროცენტებისა და ჯარიმების სახით იღებენ.

ლარის კურსთან მიმართებაში კომერციული ბანკების „ღვაწლზე“ მომავალშიც მოგახსენებთ, ახლა კი მინდა თქვენი ყურადღება ეროვნული ვალუტის დაცემის სუბიექტურ ფაქტორებზე გავამახვილო. სპეციალისტები და ანალიტიკოსები ლარის გაუფასურებას სეზონურობის და მოლოდინების ფაქტორს უკავშირებენ.

Монеты биткоин в центре криптовалюты в Париже - Sputnik საქართველო
ბიტკოინი – ვირტუალური ფული და გაკოტრების რეალური საფრთხე!..

ეკონომისტი აკაკი ცომაია: „დიახ, როცა ადამიანებს ექმნებათ მოულოდნელად უფრო მეტი შემოსავალი, როგორც წესი, ჩვენ ჩვენს სავაჭრო დეფიციტს ვაფინანსებთ ძირითადად ჩვენი სესხებით. ამ დროს კი ყოველი ჩვენგანი ვცდილობთ შემოსავლების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციას, რასაც ვაკეთებთ კიდეც. შესაბამისად, ჩვენ ვზრდით მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე. პლუს ამას, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ვალუტა გაუფასურდება…“

სპეციალისტთა ერთი ნაწილი ეროვნული ვალუტის გაუფასურების სხვა მიზეზთა შორის ტურისტული სეზონის დასრულებას მოიაზრებს.

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე: „გაუფასურებას ძირითადად ვუკავშირებ სეზონურ ფაქტორს, იმიტომ რომ აგვისტოს და ასევე სექტემბრის მეორე ნახევრის შემდეგ ტურიზმმა დაიწყო ძალიან სწრაფად შემცირება, ვგულისხმობ აგვისტო-ივლისთან შედარებით. გარდა ამისა, შემოდგომიდან იზრდება და ზამთრის თვეებში კიდევ უფრო მოიმატებს იმპორტი. ანუ გაიზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე… სხვა მაჩვენებლები? ვთქვათ, რა ხდება საინვესტიციო ან საკრედიტო კაპიტალის მოძრაობის კუთხით, ეს წლის ბოლოს გახდება ცნობილი. სამაგიეროდ ვიცით, რომ ქვეყნაში გაზრდილია ლარის მასა. დიახ, გასულ წელთან შედარებით დღეს მიმოქცევაში 20 პროცენტით მეტი ლარია. ეს სერიოზული ფაქტორია…“

მშრალი ხიდი - Sputnik საქართველო
გაძვირებული ცხოვრება და მომავლის ხარჯები...

მიუხედავად იმისა, რომ ლარმა გაუფასურების მაღალი ტემპი აიღო, სპეციალისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პანიკისა და აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი: „ჩვენ მიმდინარე წლის მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა, ექსპორტის მოცულობამ 28 პროცენტით მოიმატა. ერთადერთი, კლება გვაქვს უცხოური ინვესტიციების კუთხით, სავაჭრო ბალანსიც უარყოფითია. ანუ, მართალია, ეკონომიკაში რაღაც განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიგვიღწევია, წინა წელთან შედარებით ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. შესაბამისად, ამ გადასახედიდან ლარის შემდგომი გაუფასურების მოლოდინი არ მაქვს…“

ამასობაში კი ცხოვრება ყოველდღიურად ძვირდება. არახალია, რომ ეროვნული ვალუტის რყევები უარყოფითად აისახება პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე, ძვირდება სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები. ლარის კურსის არასტაბილურობა ზრდის ტარიფების გაძვირების ალბათობას ენერგეტიკის სფეროშიც. ენერგეტიკოსები ჯერ კი გვაიმედებენ, რომ ტარიფის შენარჩუნება შესაძლებელია, მაგრამ რა მოხდება მაღალი კურსის პირობებში, ეს არავინ იცის!..

ყველა ახალი ამბავი
0