22:51 23 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
სამხედროები

აშშ, ჩრდილო და სამხრეთ კორეა: კონფლიქტის ისტორია

© Sputnik/ Илья Питалев
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
35321

„Sputnik-საქართველოს“ მიმომხილველმა გვიამბობს იმის შესახებ, თუ რა ხდება კორეის ნახევარკუნძულის ირგვლივ და შესაძლებელია თუ არა ომი.

ალექსანდრე გელოვანი

მართლაც, რა შუაშუა აქ კორეა? სირია, ერაყი, ავღანეთი — აქ ყველაფერი გასაგებია. რისთვის სჭირდება ჩრდილო კორეა ტრამპს? ეს ძალიან საინტერესო საკითხია, რადგან ერთი შეხედულებით თუ დღეს სადმე წყდება მსოფლიოს ბედი, ნამდვილად არა ფხენიანში. 

კიმ ჩენ ირის მთავარი და ერთადერთი ამოცანაა შეინარჩუნოს საკუთარი თავი საკუთარ ძალებზე დაყრდნობით, ანუ ყველასათვის ცნობილი იდეა „ჩუჩხე“. მან რომ ზღვის მიმართულებით პერიოდულად არ ისროლოს რაკეტები და ბირთვული მუხტები არ ააფეთქოს, ის არავის გაახსენდებოდა. დავსვათ კითხვა — რატომ აკეთებს ამას კიმი? უფრო მარტივი არ იქნებოდა ყოფილიყო წყნარად და მშვიდად ეშენებინა სოციალიზმი ამ ცალკე აღებულ ქვეყანაში. 

მარტივი კი იქნებოდა, მაგრამ არ შეიძლება. კიმს მშვენივრად ესმის, რომ მისგან სწორედ რომ პროვოკაციებს ელიან, ეს საკუთარი თავის შენარჩუნებისთვის ოპტიმალური გზაა. აქ მნიშვნელოვანია არ გადაამეტო და ჩრდილო კორეის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა კორეის ნახევარკუნძულის ირგვლივ არსებული კრიზისის პირობებში აჩვენა, რომ სიტუაციას მშვენივრად გრძნობს. თეთრ სახლში მოსვლიდან სამი თვის თავზე, ტრამპის ადმინისტრაციამ პლანეტის მტკივნეულ წერტილებს გადაუარა და ახალი საგარეო პოლიტიკის სტილი მკვეთრად მონიშნა. ტომოგავკები, ბომბი ავღანეთში — ეს სამხედრო ნაბიჯები როდია, ეს წმინდა წყლის პოლიტიკაა. მაგრამ სირიასა და ავღანეთში ომი მიმდინარეობს, ომი, რომელშიც შეერთებული შტატები მონაწილეობს. კორეის ნახევარკუნძულზე და მის ირგვლივ კი არანაირი ომი არ მიმდინარეობს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. და ამ დროს ასეთი გამწვავება?

უკან წარსულში 

იმისთვის, რომ გავარკვიოთ, რა შუაშია აქ კორეა, ისტორიას მოვუხმოთ. ამჟამად კორეის ნახევარკუნძულის ირგვლივ ოთხი მსხვილი მოთამაშეა შემოკრებილი, და მათ ამ ქვეყნის ბედი ადარდებთ. საუბარია ჩინეთზე, რუსეთზე, იაპონიასა და აშშ-ზე. გეოგრაფიულად აშშ შორს არის, მაგრამ ეს მხოლოდ გეოგრაფიულად. პოლიტიკურად აშშ ყველგან არის. გარდა ამისა, აშშ იქ ფიზიკურადაც არსებობს, მერვე არმიის სახით, რომელიც უშუალოდ ნახევარკუნძულზეა განლაგებული. ეს არის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მძლავრი დაჯგუფება, რომელიც ტილერსონის თქმით, ყოველთვის იქ დაცურავდა, და ასევე იაპონიაში განლაგებულია აშშ-ის სამხედრო ბაზები. კორეიული ომის დასაწყისისთვის იაპონია სათვალავში არ ითვლებოდა, რადგან ომით მიყენებულ ჭრილობებს იშუშებდა. ჩინეთი გასათვალისწინებელი იყო, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა კავშირთან ბმაში. ასე რომ, 50-იანების შუა პერიოდში კორეაში მხოლოდ ორი მოთამაშე იყო — აშშ და სსრკ. 

კორეის ომი — ცივი ომის პერიოდის პირველი ომია. იაპონელებისგან კორეის ნახევარკუნძულის  გათავისუფლების შემდგომ, რომლებმაც მოსახლეობას საკმაოდ მოაბეზრეს თავი, გამარჯვებულებმა ხელისუფლებაში თავისი პროტეჟეები მოიყვანეს. ლი სინ მანს და კიმ ირ სენს ხელში მთლიანი ქვეყნის ჩაგდება სურდათ. როგორც გაირკვა, კიმ ირ სენს ეს უფრო მეტად სურდა. და 1950 წლის ცხელ ზაფხულში მან ნებართვა პირადად ამხანაგ სტალინს წინასწარ სთხოვა და ქვეყნის გაერთიანება გადაწყვიტა. ამოცანა საკმაოდ მარტივად გამოიყურებოდა, მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა Samsung-ი და Daewoo, ასე რომ…

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივი არ აღმოჩნდა. ჩრდილოელთა პირველი გამარჯვებების შემდეგ კონფლიქტში გაეროს დროშით კოალიცია ჩაერია, რომლის შემადგენლობაში აშშ-ის გარდა, უამრავი ქვეყანა შედიოდა ლუქსემბურგის, ტაილანდის, კოლუმბიის, ფილიპინების ჩათვლით, არაფერს ვამბობთ საბერძნეთსა და თურქეთზე. სამწლიანი ომის და ასეულობით ათასობით მსხვერპლის შემდეგ ომი დასრულდა იქ, სადაც დაიწყო — 38-ე პარალელზე. შემდეგ რაც მოხდა, ვიცით. სამხრეთ კორეა მსოფლიოში ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიების ქვეყნად იქცა, ჩრდილო კორეა კი zero-ზონად დარჩა. თუმცა, ახლა საუბარი ამაზე არ არის. 

როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ ომიდან ყველა მონაწილემ გარკვეული მოგება მიიღო. მთავარი მოგება კომუნისტურ ჩინეთს ერგო, რომელმაც იქ საკუთარი ჯარი გაწვრთნა,  და, რაც მთავარია, საგარეო საფრთხეების ფონზე გადაწყვიტა მთელი რიგი პრობლემებისა, რომლებიც უკავშირდებოდა ქვეყნის შიგნით და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობაში არსებულ უთანხმოებას. საბჭოთა კავშირთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობაც ხელისუფლების გამყარებისთის არ იყო ზედმეტი. ამგვარად, კომუნისტურმა პარტიამ ძალაუფლება გაიმყარა, საბჭოთა კავშირმა კი  თავისი გამარჯვება ჩინეთში.

გარკვეული მოგება შეერთებულმა შტატებმაც ნახა. ამ ომის, შემდეგ კი კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ფაქტის შედეგად, ამერიკელებმა კორეის ნახევარკუნძულზე თავისი ჯარის განლაგების უპირობო მხარდაჭერა მოიპოვეს. სამხედრო დიქტატურებს დემოკრატიული მთავრობები ცვლიდა, სამხრეთ კორეას პოლიტიკური კრიზისები და მრავალათასიანი დემონსტრაციები აზანზარებდა, მაგრამ ამ ქვეყანაში არავის  არასდროს უთქვამს "Yankee go home".  არ უთქვამს, იმიტომ რომ ეშინოდათ. მსოფლიოს სხვა ნადგილებში უთქვამთ, იაპონიასა და დასავლეთ ევროპაშიც კი, მაგრამ სამხრეთ კორეაში არა და არა.

გარდა ამისა, კორეის ომმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების რეფორმაზე სერიოზული გავლენა იქონია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გატარდა. 1945 წელს უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ქვეყანას ზედმეტად ბევრი იარაღი  ჰქონდა, განსაკუთრებით სამხედრო გემები. და მართლაც, სამხედრო გემების დაჭრა დაიწყო, თანაც ისე დაუნდობლად, რომ აშშ-ის თავდაცვის პირველი მინისტრი ჯეიმს ფორესტოლი ამასთან დაკავშირებით ჭკუიდან გადავიდაა. ეს 1949 წელს მოხდა. ვივარაუდოთ,  მას რომ კორეის ომამდე ეცოცხლა, მას შეშფოთებისთვის გაცილებით ნაკლები მიზეზი ექნებოდა. გარკვეულწილად სწორედ კორეის ომი გახდა ის ფაქტორი, რომელმაც შეიარაღების გამალებულ ზრდას მისცა ბიძგი. მოვლენა ზოგიერთი ფინასურ-სამრეწველო წრეებისათვის საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა, ასე რომ ტყუილად არ ამბობენ „ზოგს ომი, ზოგს კი მშობელი დედა“. 

და ბოლო მომენტი. ბევრი ისტორიკოსის აზრით, კორეის ომმა ახლო აღმოსავლეთში სოციალიზმის გავრცელების იდეაზე სტალინს უარი  ათქმევინა, კონკრეტულად კი თურქეთთან ომზე, რომლისთვისაც სსრკ 50-იანების დასაწყისში ემზადებოდა. ამ დროს თურქეთი და საბერძნეთიც ომის ზღვარზე იყვნენ. და კორეაში გაეროს ჯარის შემადგენლობაში თურქული და ბერძნული ჯარები ერთად შემთხვევით არ აღმოჩენილან. 1952 წლის თებერვალში თურქეთი და საბერძნეთი ერთად შევიდნენ ნატოში და ვინ იცის, რით დასრულდებოდა 1955 წლის კრიზისი, არადა იქ ყველაფერი სერიოზულად იყო, მოსახლეობის გაცვლამდეც კი მისულა საქმე, ეს გარემოება რომ არა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში საკმაოდ მაღალი ფასი იყო გადახდილი, ძირითადად, ეს ფასი კორეის მოსახლეობამ გადაიხადა, მაგრამ ეს ვის აინტერესებდა.

აწმყო

დღევანდელ დღეს გადავხედოთ. თეთრ სახლში ყოფნის სამი თვის თავზე პრეზიდენტმა ტრამპმა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მონიშნა, როდესაც მსოფლიოს მტკივნეულ წერტილებს გადაუარა. მსოფლიო თანამეგობრობისთვის გაგზავნილი მესიჯი მარტივია, აშშ აქტიურად გამოიყენებს თავის სამხედრო პოტენციალს როდესაც საჭიროდ ჩათვლის და პარტნიორების რეაქციას განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიაქცევს. სირიასა და ავღანეთზე განხორციელებული დარტყმები სხვა არაფერია, თუ ამ მესიჯის დემონსტრირება. და წყნარი ოკეანის რეგიონი ტრამპის ყურადღების მიღმა დარჩებოდა? რა თქმა უნდა არა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული ეს რეგიონი აშშ-თვის პრიორიტეტულია. ამ რეგიონზე გამუდმებით ბარაკ ობამაც საუბრობდა. ამ რეგიონში კი ყველაზე მტკივნეულ წერტილს სწორედ ჩრდილო კორეა წარმოადგენს. სწორედ ამ წერტილში იკვეთება ძირითადი მსოფლიო მოთამაშეების ინტერესები და უთანხმოებები, ევროპულების გამოკლებით. და რაც ყველაზე სასიამოვნოა, წერტილი თითქოსდა არც ისე პრინციპული და სახიფათოა. ბირთვული იარაღის არსებობის ფაქტორი სახიფათოა მხოლოდ კორეის მეზობლებისთვის, სამხრეთ კორეისა და იაპონიისთვის. 

თითოეულ მოთამაშეს აქ საკუთარი ინტერესი გააჩნია. დავიწყოთ რუსეთიდან. აქ ყველაფერი ნათელია: დაძაბულობა ამ წერტილში მოსკოვს არ აწყობს, სხვა სადარდებელიც ეყოფა. მაგრამ, როგორც ამბობენ, მდგომარეობა გავალდებულებს და ამჟამად წყნარი ოკეანის ფლოტი „სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია“. რუსეთის სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და ტანკერი „პეჩენგა“ გასულ პარასკევს მეგობრული ვიზიტის ფარგლებში სამხრეთკორეულ პუსანში შევიდნენ, კორეის ნახევარკუნძულის აკვატორიაში რჩებიან და სახლში დაბრუნებას არ ჩქარობენ.

ჩინეთთან დაკავშირებით ყველაფერი უფრო სერიოზულად არის, ჩრდილოეთ კორეის საზღვრებთან მან 150000-კაციანი სამხედრო დაჯგუფება გადაისროლა. გარდა ამისა, ჩინეთი ამ კრიზისში აშშ-ის მთავარ „პარტნიორს“  წარმოადგენს. ამ შემთხვევაში „პარტნიორში“ იგულისხმება მეგობარი, მტერი, მოკავშირე და მეტოქეც. ჩრდილო კორეის ირგვლივ არსებული კრიზისი ჩინეთს კარგ შანსს აძლევს აშშ-ს თავისი მნიშვნელობა დაანახოს და თეთრი სახლისგან უფრო ლოიალურ დამოკიდებულება დაიმსახუროს.  შეგახსენებთ, რომ ტრამპის მმართველობის დასაწყისში, არაფერს ვამბობ მის წინასაარჩევნო კამპანიაზე, ჩინეთთან დაკავშირებული ზოგიერთი მისი განცხადება საკმაოდ საშიშად გამოიყურებოდა. მაგრამ ახლა ყველაფერი თითქოს წყნარდება და თეთრი სახლიდან რეალური ვითარება უფრო სხვაგვარად მოჩანს, ვიდრე კანდიდატის ტრიბუნიდან. რაზეც ტრამპმა დაწერა კიდეც  „ტვიტერზე“. 

მეორე მხრივ, საინტერესოა იაპონიის რეაქცია. გასაგები მიზეზების გამო ეს ქვეყანა 50-იანების ომში მონაწილეობას არ იღებდა. ქვეყანა ნანგრევებად იყო ქცეული და ვერანაირი მოთამაშე ვერ იქნებოდა. ახლა საქმე სხვაგვარად არის, მსოფლიოს მესამე ეკონომიკა, მძლავრი შეიარაღებული ძალები — რეგიონში მიმდინარე პროცესებისგან შორს ტოკიო ვერ იქნება. თანაც, იაპონია რიგით მეორე ქვეყანაა, რომელსაც კიმი პერიოდულად თავისი ბირთვული ხელკეტით ემუქრება. სიმართლე გითხრათ, იაპონიაში დიდი ხანია ოცნებობენ იმაზე, რომ კიმი აბეზარი ბუზივით გაჭყლიტონ, ამაში მონაწილეობაზეც უარს არ იტყოდნენ. მაგრამ აქ, ალბათ, არაფერი გამოვა. ჯერ ერთი, უსიამოვნო ისტორიული ანალოგიები გვახსენდება. და რაც მთავარია, შეერთებულ შტატებს ჩრდილო კორეაში რეჟიმის განადგურება დღეს სულაც არ სჭირდება. იაპონიის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ „სტრატეგიული მოთმინება“ იწურება, თუმცა, ბონუსის სახით იაპონიას შეუძლია სიტუაცია გამოიყენოს და ჯარი გაზარდოს,  რა თქმა უნდა, ზომიერად. 

და ბოლოს, მთავარი მოთამაშე — შეერთებული შტატები. ტრამპის ადმინისტრაციას კიმის რეჟიმის განადგურება არ სჭირდება, მეტიც, კიმი რომ არ ყოფილიყო, საჭირო გახდებოდა მისი გამოგონება. მაგრამ თუ განადგურება არ არის საჭირო, რა არის საჭირო? აქ რამდენიმე ამოცანა არის დასმული. პირველი ამოცანა ლოკალურია — „გამარჯვების“ მოპოვება, დემონსტრირება იმისა, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას „ბირთვული ხელკეტით ხელში შეშლილის“ შეკავება ეფექტურად შეუძლია. ამოცანა მეორე — სამხედრო, შორეულ აღმოსავლეთში მძლავრი სამხედრო კონტინგენტის არსებობისა და გაზრდის გამართლება. ამოცანა მესამე — კრიზისის გამოყენება სავაჭრო მოლაპარაკებებში ჩინეთთან, იაპონიასთან და, რაც მთავარია, თავად სამხრეთ კორეასთან. ბოლო ამოცანა კი გლობალურია — მსოფლიოს აჩვენოს, რომ მსოფლიო პოლიციელის როლს დღეს შეერთებული შტატები არამარტო ირგებს, არამედ ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში შტატებს ეს უკეთესად შეუძლია, ვიდრე ადრინდელი ადმინისტრაციების დროს. ეს ბოლო ამოცანა პირველს ეხმიანება, მაგრამ გამოყოფილია ცალკე, რადგან აქ მხოლოდ კორეაზე საუბარი ნამდვილად არ არის.

იქნება თუ არა ომი? სავარაუდოდ, არა.

ავტორის მოსაზრება რედაქციის პოზიციას შეიძლება არ ემთხვევოდეს


მთავარი თემები