თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მხარი დაუჭირა აშშ-ის მოქმედებებს, რომელმაც სირიის ავიაბაზაზე მასირებული სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ხომალდებიდან ფრთოსანი რაკეტებით ჰომსის პროვინციაში მდებარე ალ-შაირათის აეროდრომზე დარტყმა პარასკევს ღამით განხორციელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ გასცა ბრძანება განეხორციელებინათ სარაკეტო დარტყმა სირიის აეროდრომზე, საიდანაც, გავრცელებული ინფორმაციით, 4 აპრილს იდლიბის პროვინციაში ქიმიური შეტევა გახორციელდა. სირიის ოპოზიციისა და რევოლუციურ ძალთა ეროვნულმა კოალიციამ მაშინ 80 დაღუპულის და 200 დაშავებულის შესახებ განაცხადა.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ განხორციელებული იერიში სირიაში იყო მოზომილი, პროპორციული და წერტილოვანი, რომელიც მიზნად ისახავდა იმ ობიექტების განადგურებას, სადაც ინახებოდა ქიმიური იარაღი. ამასთან, ყველა ეს ღონისძიება განხორციელდა ისე, რომ მაქსიმალურად თავიდან ყოფილიყო არიდებული ადამიანური მსხვერპლი“, — განაცხადა ლევან იზორიამ.
პენტაგონის მონაცემებით, აშშ-მა 59 რაკეტა გაუშვა. დარტყმის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი დაიჭრა. სერიოზულად დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა საავიაციო ტექნიკა, ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა.
ამაზე საპასუხოდ, რუსეთმა გადაწყვიტა შეეჩერებინა სირიაში ოპერაციის ფარგლებში ინციდენტების პრევენციისა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მემორანდუმი, რომელიც აშშ-თან ჰქონდა დადებული.
მანამდე სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემმა განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ჯარებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ტერორისტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი არასდროს გამოუყენებია და არც მომავალში გეგმავს გამოყენებას.