ვანგას, XX საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ნათელმხილველის ბიოგრაფია იდუმალებითაა მოცული, ვინაიდან მისი ცხოვრებიდან ცნობილი ბევრი მოვლენის დადასტურება, უბრალოდ, შეუძლებელია.
ასევე იდუმალი საფარველითაა შებურული მისი წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახლაც კი სრულდება. ვანგას ნათელმხილველობის უნარი ხალხს შოკში აგდებდა.
„კეთილი ამბავი“
ვანგელია პანდევა გუშტეროვა (ქალიშვილობაში დიმიტროვა) 1911 წლის 31 იანვარს დაიბადა ბულგარელი გლეხების პანდეს და პარასკევას ოჯახში თანამდეროვე მაკედონიის ტერიტორიაზე. გოგონა ძალიან სუსტი იყო და მშობლებს არ ეგონათ, რომ გადარჩებოდა. ამიტომ სახელს არც არქმევდნენ.
მაგრამ, ყველას გასაოცრად, ბავშვი ორ თვეში მომაგრდა და მონათლეს კიდეც. სახელი ვანგელია დაარქვეს, რაც ბერძნულად „კეთილ ამბავს“ ნიშნავს.
მომავალი ნათელმხილველის ბავშვობა ნამდვილად არ იყო ლაღი და მხიარული. ჯერ მამა გაიწვიეს ფრონტზე, მერე კი, როცა ვანგა სულ 3 წლისა იყო, დედა გარდაეცვალა. გოგონას მამის ომიდან დაბრუნებამდე მეზობლები ზრდიდნენ. შინ დაბრუნებული დაქვრივებული მამა კი მეორედ დაქორწინდა.
ბავშვობაში ვანგას საყვარელი გასართობი ექიმობანას თამაში იყო, როდესაც თანატოლებს ვითომ სამკურნალოდ სხვადასხვა ბალახებს უწერდა. ძალიან მოსწონდა სხვა უცნაური თამაშიც — რომელიც მისი შემდგომში ბედის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა — ახვეული თვალებით ოთახში დამალული ნივთების ძებნა.
12 წლისა იყო, როდესაც მოხდა მოვლენა, რამაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. საშინელმა ქარიშხალმა პატარა ვანგა ჰაერში აიტაცა და შორს, მინდორში გადააგდო. ძლივს იპოვეს ხის ტოტებითა და ქვიშით დაფარული და თვალისჩინწართმეული. მხედველობის აღდგენა შეიძლებოდა, მაგრამ ოჯახს ამისთვის საჭირო ფული არ გააჩნდა, ამიტომაც ვანგა სამუდამოდ დაბრმავდა.
1925 წელს ვანგა ქალაქ ზემუნის უსინათლოთა სახლში მიაბარეს, სადაც ქსოვა, ბრაილის ანბანით კითხვა და კერძების მომზადება ისწავლა. გოგონასთვის ეს ბედნიერი პერიოდი იყო, მაგრამ რთულმა ცხოვრებისეულმა გარემოებებმა აიძულა, ისევ შინ დაბრუნებულიყო. დედინაცვალი მშობიარობას გადაჰყოლოდა და მამას დახმარება სჭირდებოდა.
მიუხედავად სიბრმავისა, გოგონა ყველანაირ სადიასახლისო საქმეს უძღვებოდა: სახლსაც ალაგებდა, უმცროს და-ძმასაც უვლიდა და თანასოფლელებისთვისაც ქსოვდა და კერავდა, რის საფასურადაც პროდუქტებითა და ტანსაცმლით ეხმარებოდნენ.
წინასწარმეტყველების ნიჭი
ვანგას ფენომენალური უნარი 1940 წელს გამოვლინდა, თუმცა ამის ნიშნები ჯერ კიდევ უსინათლოთა სახლში შეიმჩნეოდა.
ახალგაზრდა ქალი თანასოფლელებს სიზმრებს უხსნიდა და ბედს უწინასწარმეტყველებდა — თანაც, როგორც ამბობენ, უცხო, მამაკაცური ხმით. სწორედ იმ პერიოდში ჩავარდნილა პირველ ტრანსში და მეორე მსოფლიო ომის დაწყება უწინასწარმეტყველებია.
ვანგა აბსოლუტური სიზუსტით ეუბნებოდა გლეხებს, სად უნდა ეძებნათ დაკარგული საქონელი და ისინიც პოულობდნენ მათ; ასახელებდა ომში დაკარგული ადამიანების ადგილსამყოფელს, ამბობდა, ცოცხლები იყვნენ თუ დაღუპულები და ასახელებდა მათი დაღუპვისა და დაკრძალვის ადგილებს.
ამბავი ნათელმხილველი ქალის შესახებ სწრაფად მოედო ახლომდებარე სოფლებს და მის სახლთან უამრავმა ხალხმა დაიწყო თავმოყრა. მალე ვანგამ მკურნალის სახელიც მოიპოვა, ვინაიდან წარმატებით არჩენდა სხვადასხვა დაავადებას სამკურნალო ბალახებით… და მალე მთელმა ბულგარეთმა შეიტყო მის შესახებ.
ვანგა ყველას ეხმარებოდა რჩევებითა თუ წინასწარმეტყველებებით. დღეში 130-მდე მომსვლელს იღებდა და თანდათან კიდევ მეტად ითქვამდა სახელს.
ასე დაიბადა ლეგენდა ვანგას შესახებ.
მერე უკვე ცნობილმა ადამიანებმაც დაიწყეს ნათელმხილველთან სიარული: პოლიტიკოსებმა, მწერლებმა, მეცნიერებმა, რომლებსაც საკუთარი ბედიც აინტერესებდათ და ქვეყნის მომავლიც.
მისი მუდმივი სტუმრები იყვნენ: ბულგარეთის მეფე სიმეონ მეორე, ბულგარეთის კომუნისტების ლიდერი ტოდორ ჟივკოვი, საბჭოთა მწერლები ლეონიდ ლეონოვი და იულიან სემიონოვი, ასევე რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ბორის ელცინის წარმომადგენლები.
ამბობენ, რომ მომავლის დანახვაში ვანგას შაქრის ნატეხები „ეხმარებოდა“. ვანგას მითითებით ვიზიტორებს შაქრის ორი ნატეხი მთელი ღამე ბალიშის ქვეშ უნდა სდებოდათ და მერეღა მიეტანათ მასთან. სტატისტიკური გამოთვლებით დაადგინეს, რომ ნათელმხილველთან მილიონამდე სტუმარს 2 ტონა შაქარი აქვს მიტანილი.
ბულგარელი მეცნიერი გეორგი ლოზანოვი 25 წელი აკვირდებოდა ვანგას და შვიდი ათასზე მეტი ასრულებული წინასწარმეტყველება დააფიქსირა. ის მივიდა დასკვნამდე, რომ დამთხვევის პროცენტი შემთხვევითობაზე გაცილებით მაღალია და 80%-ს აღწევს.
წინასწარმეტყველება
ამბობენ, რომ ვანგას ჰიტლერიც კი სწვევია, რომლისთვისაც დამარცხება უწინასწარმეტყველებია; პირდაპირ უთქვამს: „თავი დაანებე რუსეთს! შენ დამარცხდები!“ და ნათქვამის დასადასტურებლად ჰიტლერის მცველები მეზობელ სახლში გაუგზავნია, სადაც კვიცი უნდა დაბადებულიყო. მანამდე კი ზედმიწევნით ზუსტად აღუწერია ჯერ კიდევ დაუბადებელი კვიცი.
და რადგან ყველაფერი ზუსტად დაემთხვა, ფიურერს ვანგა გაცოფებულს დაუტოვებია.
სტალინის სიკვდილამდე ნახევარი წლით ადრე ვანგამ ბელადის სიკვდილიც იწინასწარმეტყველა, რის გამოც ციხეში მოხვდა. ქალი საპატიმროდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისი პროგნოზი ზუსტად ახდა.
ვანგამ იწინასწარმეტყველა თავდასხმა ჯონ კენედიზე და ასევე ჩეხოსლოვაკიის 1968 წლის მოვლენები, რობერტ კენედის მკვლელობა და აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნებზე ნიქსონის გამარჯვება.
ვანგას ცნობილი წინასწარმეტყველებებიდან არ ახდა: 2010 წელს ბირთვული ომის დასაწყისი, 2011 წელს ცხოველთა და მცენარეთა გადაშენება, ქიმიური ომი, რომელსაც მუსლიმები წამოიწყებდნენ. ასევე ზუსტად ვერ იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების თარიღი.
ბოლოს ვანგას უნარი ბულგარეთის მთავრობამ აღიარა და 1967 წლიდან ვანგა სახელმწიფო მოსამსახურედ გააფორმეს, რაშიც ხელფასსაც უხდიდნენ. საქმიანობის 55 წლის განმავლობაში ნათელმხილველმა მილიონზე მეტი ადამიანი მიიღო და შემოსული სახსრებით წმინდა პარასკევას სამლოცველო ააშენა.
მაგრამ ეკლესიასთან მაინც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ვანგას საქმიანობას ეკლესია უარყოფითად აფასებს და მიაჩნია, რომ ბულგარელ ნათელმხილველსა და მის წინასწარმეტყველებებს არაფერი ჰქონდა საერთო ღმერთთან და ღვთიურ გამოცხადებასთან. თუმცა, როგორც ამბობენ, ვანგა ყველა საეკლესიო დღესასწაულსაც აღნიშნავდა, მარხვასაც ინახავდა და, ზოგადად, ძალიან რელიგიური იყო.
ვანგა 1996 წლის 11 აგვისტოს 85 წლისა გარდაიცვალა და მომავალთან დაკავშირებული უამრავი ინფორმაცია დატოვა. უკანასკნელი წინასწარმეტყველებები მთელი კაცობრიობის მომავალს ეხება, რომელთა გაშიფვრაზე ენთუზიასტები დღესაც მუშაობენ.
რა ელის სამყაროს
როგორც ამბობენ, ვანგას უწინასწარმეტყველებია, რომ:
• XXI საუკუნეში ევროპა განადგურების პირამდე მივა;
• მრავალრიცხოვანი ომების გამო უამრავი ადამიანი დაიღუპება;
• მესამე მსოფლიო ომი სწორედ ევროპის ქვეყნებში დაიწყება;
• ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ბევრი ქვეყანა დაზარალდება;
• ევროპელები მუსლიმებს შეებრძოლებიან, რა დროსაც გამოყენებული იქნება ბირთვული იარაღი, რომელიც მთელ მსოფლიოს გაანადგურებს;
• დაიწყება რელიგიური კონფლიქტები, რომლებიც რამდენიმე წელი გაგრძელდება;
• მოხდება ბუნებრივი კატაკლიზმები და სტიქიური უბედურებები, რომლებიც მთელ დედამიწას მოიცავს…
„…დაიწყება წლები, როდესაც ქალაქებსა და სოფლებს მიწისძვრები და წყალდიდობები დაანგრევს, ბუნებრივი კატაკლიზმები დედამიწას შეაზანზარებს, ცუდი ადამიანები სათავეში მოექცევიან, უკიდეგანოდ მომრავლდებიან მემთვრალეები, დამსმენები და მრუშები.
ადამიანებს შორის გაჩნდება მყიფე, საეჭვო კავშირები, რომლებიც იმთავითვე დასაშლელად იქნება განწირული. გრძნობები გაუფასურდება და ადამიანური ურთიერთობების სტიმული მხოლოდ ცრუ მისწრაფება, უფრო ზუსტად, ამბიცია და ეგოიზმი გახდება…“
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით