გამოვიდა ფსიქოთერაპევტ, ექიმ-ბიოენერგოთერაპევტ გია სულაქველიძის წიგნი,,ვანგას ღიმილი“, რომელიც ბულგარელ წინასწარმეტყველზეა. წიგნში ავტორი საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს და ვანგასთან თავის შეხვედრასაც იხსენებს.
- ბატონო გია, თქვენი წიგნის გარეკანზე საინტერესო ფოტოა, რაც ალბათ ამ ადამიანის მიმართ თქვენს დამოკიდებულებასაც გამოხატავს…
— გარეკანზე ვანგა ასე აღვბეჭდე: ამ უსინათლო ქალს ხელში სარკე უჭირავს და იხედება, სარკეში კი- მისი ანარეკლი მონა ლიზას სახით ჩანს. ამ ფოტოს მე ასე ვხსნი: როგორც მონა ლიზას ღიმილი იყო აუხსნელი კაცობრიობისთვის, ასევე ვანგას ღიმილი და ფენომენი არ არის ჯერაც ამოხსნილი…
- თუ შეიძლება, ჩვენი მკითხველებისთვის ვანგასთან თქვენი შეხვედრა გაიხსენეთ.
— 1989 წელს ბულგარეთში ვიყავი, სადაც პროფესიიდან გამომდინარე, მკურნალობის კარგი შედეგების გათვალისწინებით მადლიერების ნიშნად ვანგასთან შეხვედრა მომიხერხეს. როცა მასთან მივედი, ვანგამ ხმამაღლა თქვა: ‘’მე დავინახე ქართველი ექიმი და მივიღებ მას…“ მისი ოთახის კარებთან რომ მივედით, მითხრეს, რომ ვანგას ნაღვლის ბუშტის შეტევა აქვს და ვერ მიგიღებთო. თარჯიმანმა აუხსნა, რომ მე ექიმი ვიყავი. მათდა გასაოცრად ვანგამ მიმიღო. როცა მასთან შევედი, ვანგას მაჯა გავუსინჯე და უკონტაქტო მკურნალობა ჩავუტარე. ნელ-ნელა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და სუნთქვა აღუდგა. საღამოს დამირეკეს, ვანგა გიბარებსო. როცა თარჯიმანთან ერთად მასთან აღმოვჩნდი, მითხრა:
„თქვენ იცხოვრებთ ისევ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ცხოვრობთ! 1989 წელი იყო და ამ სიტყვების არსს მაშინ ვერ ჩავწვდი, მოგვიანებით მივხვდი, რაც იგულისხმა.. როცა მისგან გამოვედით, რაღაც გადმომცეს და მითხრეს, რომ ეს ვანგამ გადმოგცათ საჩუქრადო — ეს იყო ლარნაკი, რომელიც მხოლოდ მოგვიანებით გამოვიტანე სახლიდან…“
ვანგა 1911 წლის 31 იანვარს მაკედონიაში, ქალაქ სტრუმიცაში დაიბადა. 12 წლისამ თვალისჩინი დაკარგა და 16 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ ხილულ ადამიანებზე გაცილებით მეტი შეუძლია დაინახოს. მისი წინასწარმეტყველებები დღემდე ზუსტად სრულდება.