რა უნდა ეთქვა ვანგას ქართველი ჟურნალისტისთვის? - საფლავში ჩატანილი საიდუმლო

© გ. გობეჩიას პირადი არქივიჟურნალისტი გიგლა გობეჩია
ჟურნალისტი გიგლა გობეჩია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში ისევ გააქტიურდა ბულგარელ ნათელმხილველზე საუბარი. მის წინასწარმეტყველებებს ხალხი დღესაც აქტიურად ადევნებს თვალს, ადევნებს და განიხილავს. ვანგას შესახებ ბევრია დაწერილი, თუმცა მათ შორის ბევრი გამოგონილი და სიცრუეცაა.

ვფიქრობ, დღემდე დაწერილ ამბებში სიმართლე მხოლოდ მცირე დოზითაა, რადგან ისინი, უმეტეს შემთხვევაში, იმ ადამიანების დაწერილია, ვინც მას არასდროს შეხვედრია. შეგახსენებთ, რომ იმ ორ ქართველს შორის, ვისაც ვანგას ნახვისა და მასთან გასაუბრების საშუალება მიეცა, ერთი ჟურნალისტი გიგლა გობეჩიაა. ბატონი გიგლა, შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ერთადერთი ჟურნალისტია, ვინც პირველი ვიზიტის მერე ბულგარელმა ნათელმხილველმა თავისთან მიიწვია. ეს ამბავი და, საერთოდ, ვანგას შესახებ საკუთარი მოსაზრებები ჟურნალისტს აღწერილი აქვს 1992 წელს გამოცემულ წიგნში „სამი ფენომენი“. ჩვენ დავუკავშირდით ბატონ გიგლას და მას ვანგასთან 30 წლის წინანდელი შეხვედრა გავახსენეთ. 

– ბატონო გიგლა, თუ შეიძლება, გაიხსენეთ, როგორ მოახერხეთ, რომ ვანგას უშუალოდ შეხვედით, თანაც იმ რთულ 90-იან წლებში?  

— რა თქმა უნდა, ეს მართლაც რთული საქმე იყო, მაგრამ ჩემი მეგობრის, ბულგარელი ჟურნალისტის რადა მილევას დახმარებით 1990 წელს ვანგასთან მისვლა მაინც მოვახერხე. მოკლედ, ჩავედი რადასთან და სანამ ვანგამდე, რუპიტეში მივიდოდით, დაახლოებით 300 კილომეტრი ვიარეთ. ადგილზე დილაუთენია მივედით. მასთან შეხვედრას უკვე ბევრი ადამიანი ელოდებოდა. როცა ის მანქანით მოიყვანეს, მისი გადაღება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ, მისმა მხლებელმა პირებმა აპარატი წამართვეს და დამიმტვრიეს. თავიდანვე გამაფრთხილეს, რომ მისთვის კითხვები არ უნდა დამესვა. მეც შეხვედრის დროს ჩუმად ვიყავი. მოულოდნელად ვანგამ თქვა – შენ ქვეყანაში იქნება დიდი სისხლი და დიდი გაჭირვება, მაგრამ გავა დრო და ყველაფერი გამოსწორდებაო. არ დაგავიწყდეთ, ეს 1990 წელი იყო. ახლა უკვე ვხვდები, რა იგულისხმა მან. ზვიად გამსახურდიას ამბავიც მენიშნა და ბევრი სხვა რამეც, რაც მოგვიანებით უფრო გავაცნობიერე. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ასე მითხრა, შენ არაფერი გიჭირსო. გარდაცვლილ მამაზე კი თქვა, ის კარგად არის, მაგრამ შენ ძმაზე დარდობსო. წლების მერე ჩემ ძმას პირადი ტრაგედია შეემთხვა – მას ჯერ შვილის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მერე კი გარდაიცვალა. ვანგას, ალბათ, ეს ჰქონდა მხედველობაში.

წიგნები - Sputnik საქართველო
ბულგარელ ნათელმხილველზე ქართველის მიერ დაწერილი წიგნი „ვანგას ღიმილი“ გამოვიდა
 

– თქვენ მსოფლიოში მართლა ერთადერთი ჟურნალისტი ხართ, რომელიც ვანგამ საკუთარი სურვილით მიიწვია?

— ნამდვილად ასეა. მე ვარ ერთადერთი ჟურნალისტი მთელ მსოფლიოში, რომელიც ვანგამ პირველი ვიზიტის მერე თავისთან მიიწვია. მასთან 1993 წლის 1 სექტემბერს უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ჩავედი. იმ დროს ბულგარეთში წასვლა 600 დოლარი ღირდა, მე კი ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. დასახმარებლად მთავრობას მივმართე და ამ ვიზიტის შესახებ საქმის კურსში ედუარდ შევარდნაძის პირადი თანაშემწეები ჩავაყენე. ამ ფაქტზე ვაჟა ლორთქიფანიძემაც იცოდა, მაგრამ დახმარება არ აღმომიჩინეს. ასე რომ, 1 სექტემბერს ბულგარეთში ვანგასთან ვერ ჩავედი. ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა გადმომცა, რომ ამის გამო ის, თურმე, ძალიან გაბრაზებულა. მერე ავად გახდა და ჩაწვა კიდეც…

– როგორ ფიქრობთ, რა საიდუმლოს გამხელა უნდოდა თქვენთვის ვანგას?

— ზუსტად ვერ გეტყვით, უბრალოდ, ვვარაუდობ… წლების მერე, როცა საქართველოში ფიდეს პრეზიდენტს, ვანგას შვილობილად ცნობილ კარსან ილუმჟინოვს შევხვდი, დაახლოებით მივხვდი, რაზე უნდოდა ვანგას ჩემთან ლაპარაკი… ამ ადამიანს ვანგაზე ლამის 45 წუთი ველაპარაკე. მას კასეტებზე აქვს ვანგას წინასწარმეტყველებები ჩაწერილი, რომელსაც, როგორც თავად მითხრა, მხოლოდ საჭირო დროს გაასაჯაროებს… ეს ჩემი ვარაუდია, ისე კი, ვინ იცის, რა უნდა ეთქვა?..

ყველა ახალი ამბავი
0