23:39 22 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
საქართველოს პარლამენტი

მომავლის ამბავი ანუ რა დაჯდება მთავრობის გარჯა...

© photo: Sputnik / Александр Имедашвили
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
სულხან მელაძე
85010

მოსალოდნელი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები... სამინისტროთა ოპტიმიზაციის და ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების აუცილებლობა... რომელი სამინისტროები უქმდება და...

რიონისპირა ქალაქი სამზადისშია… ხუმრობა ხომ არ არის, მეცხრე მოწვევის რჩეულები შეიკრიბებიან და საპარლამენტო თანამდებობები განაწილდება. საკანონმდებლო ორგანოს მომავალი თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია, გარკვეულია სპიკერატისა და კომიტეტის თავმჯდომარეების საკითხიც. ინფორმაცია წინასწარ გახდა ხელმისაწვდომი და რაიმე სიახლეს არავინ ელის.

საპარლამენტო პოსტების დაკომპლექტების შემდეგ ხალხის რჩეულები პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დამტკიცებას შეუდგებიან. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველი პოლიტიკური გუნდი გადაწყვეტს. ქართველი ხალხის არჩევანს — „ქართული ოცნების“ ნებას წინ ვერავინ დაუდგება.

აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის თანამდებობას კვლავაც გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. მინისტრების უმრავლესობა პოსტებს შეინარჩუნებს… თუმცა, მოსალოდნელია სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებიც. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ მინისტრთა კაბინეტში ვეღარ ვიხილავთ ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს,  ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების  მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს და კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს. გაზაფხულიდან მოყოლებული, ჩვენში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ცალკეულ სამინისტროთა გაუქმებისა და შერწყმის აუცილებლობის თაობაზე. მთავარი არგუმენტი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაა. ქვეყნის მოსახლეობას სახელმწიფო აპარატის ფუნქციონირება ძვირი უჯდება. ამ საკითხზე საუბარი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე გააქტიურდა. საინტერესოა, რას ფიქრობს „ქართული ოცნების“ ლიდერი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და როგორია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებები…

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: „სამინისტროების მიმართულებით გარკვეული ცვლილებები გამორიცხული არ არის, თუმცა, ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება…“

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, „ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე: „გარკვეული ოპტიმიზაცია შესაძლებელია. ამას კარგი ანალიზი სჭირდება. რამდენი სამინისტრო დარჩება და რომელი მათგანი დაექვემდებარება ოპტიმიზაციას, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი…“

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი: „მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ უკვე იმ დონეზე ვართ, როდესაც შესაძლებელია, ვიფიქროთ სხვადასხვა სტრუქტურულ ცვლილებებზე საქართველოს მთავრობაში…“

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი: „სავსებით შესაძლებელია, გაუქმდეს ევროინტეგრაციის სამინისტრო და შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე გაუქმდეს სასჯელაღსრულების სამინისტრო…“

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე: „უნდა გაუქმდეს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროები. ეს უწყებები ხელს უშლიან განვითარებას და უფრო მეტად შემაფერხებელ როლს ასრულებენ. იგონებენ რაღაც საქმეებს, ქმნიან უამრავ საქვეუწყებო სამსახურებს. საკამათო არ არის, რომ სამინისტროების გაუქმება მნიშვნელოვნად დაზოგავს საბიუჯეტო ხარჯებს. რაოდენობრივად საკმარისია 7-8 სამინისტრო. ხოლო ის ფუნქციები, რასაც სამინისტროები ასრულებენ, შეიძლება მცირე განყოფილებებს გადაუნაწილდეთ… არა მარტო სამინისტროები, არამედ ძალიან ბევრი მცირე საქვეუწყებო დაწესებულებებიც უნდა გაუქმდეს…“

პოლიტიკური ცენტრის „გირჩი“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე: „სამინისტროების არსებული რაოდენობა რვამდე უნდა შემცირდეს. ზოგი მათგანი უნდა გაერთიანდეს, ზოგიც დეპარტამენტის სახით კონკრეტულ სამინისტროს დაექვემდებაროს. დიასპორისა და ევროინტეგრაციის სამინისტროების ამ სახით არსეობის აუცილებლობას ვერ ვხედავ და მათი ფუნქციები შეიძლება საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეითავსოს. აუცილებლობა არ არსებობს, რომ ეკონომიკური ბლოკის რამდენიმე სამინისტრო ცალ-ცალკე არსებობდეს. ვგულისხმობ ეკონომიკის, ენეგერტიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს. შესაძლებელია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის სამინისტროების შეკვეცა. ცხადია, სახელმწიფომ კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ფული უნდა დახარჯოს, მაგრამ ცალკეული კონცერტების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ხდებოდეს…“

ეს მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია, თუმცა იკვეთება, რომ ამ საკითხში სახელისუფლებო და ოპოზიციური ფლანგის ხედვები თავსებადია. მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის მიზნით, სამინისტროთა და უწყებათა სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს უჭერს ანალიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა. მათი საერთო მოსაზრებით, სამინისტროების რაოდენობის შეკვეცა აუცილებელია, რადგან ეს  სახელმწიფო ხარჯების მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს. ბიუჯეტი დაახლოებით 11 მილიარდ ლარს შეადგენს. ჩვენ ამ თანხის 30-35 პროცენტს სახელმწიფო აპარატის ფუნქციონირებისთვის  ვხარჯავთ, რაც ძალიან ბევრია. ასე თუ გავაგრძელებთ, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვერ გაიზრდება.   

ამჟამად საქართველოში თექვსმეტი სამინისტრო და სამი სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფუნქციონირებს. რომელ სამინისტროს შეეხება სტრუქტურული ცვლილებები, როგორ განვითარდება ეს პროცესი და რას მოუტანს ის ქვეყნის ეკონომიკას, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე საერთაშორისო გამოცდილებას გადავხედოთ. აზერბაიჯანში ცხრამეტი სამინისტროა, სომხეთში — თვრამეტი, ხოლო რუსეთში — ოცი. რაც შეეხება ევროპას, აქ სამინისტროების რაოდენობა რვიდან თხუთმეტამდე მერყეობს.  აშშ-ში კი სულ თხუთმეტი დეპარტამენტი ფუნქციონირებს, მათ შორისაა ვეტერანთა საკითხების დეპარტამენტიც. ბრაზილიაში ოცზე მეტი სამინისტროა, მათ შორის ქალაქების სამინისტროც. ოცდაათამდე სამინისტროა იაპონიაში, მათ შორის არის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრო. სამინისტროების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით  უგანდა გამოირჩევა, სადაც სამოცდაათამდე სამინისტრო ფუნქციონირებს. მათ შორის ცალკეა თევზაობის და ცხოველთა ინდუსტრიის სამინისტრო. ირანში არის ოცდაერთი სამინისტრო. ენერგეტიკისა და ნავთობის სამინისტროები ცალ-ცალკე ფუნქციონირებს.  საინტერესოა ასევე საუდის არაბეთის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც. ამ ქვეყანაში ოცდაათამდე სამინისტროა, მათ შორის ჰაჯის (მუსლიმანთა პილიგრიმობა, რომელიც ყოველ წელს იმართება) სამინისტროც. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ  ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბედნიერების სამინისტროს შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა… გამოცდილების სპექტრი ფართეა და ვნახოთ, რომელს გაითვალისწინებს სახელისუფლებო გუნდი…

 

 


მთავარი თემები