22:49 14 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
სამების საკათედრო ტაძარი

ვნების შვიდეული – ქრისტეს გაცემის, დამცირების, ვნების, ჯვარცმისა და აღდგომის კვირა

© Sputnik / Levan Avlabreli
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
აღდგომა 2017 (31)
40350

ვნების კვირა აღდგომის დიდი მარხვის ბოლო კვირას ჰქვია. ეს კვირა იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმის, დასაფლავების და აღდგომის მოგონებას ეძღვნება. ვნების შვიდეული – წლის მთავარი კვირაა ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში. ამ კვირის ყოველი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ "sputnik საქართველოს" ყვიბისის მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი მამა გაბრიელ ნათენაძე ესაუბრა.

ბზობა

აღდგომის წინა კვირას მართლმადიდებლურმა სამყარომ იზეიმა ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული. ეს ის დღეა, როცა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე თავის მოციქულებთან ერთად დიდებით შედის იერუსალიმში. შედის დიდებით ეს არის სულიერი გაგება, თორემ შედის თავმდაბლობით, რამე თუ მან არ აირჩია დიდებით შესვლა, გაბრწყინებული, მოოქროვილი ეტლით, არამედ უბრძანა მან თავის მოციქულებს, რომ მოეყვანათ ვირი. შეჯდა ვირზე და ასე თავმდაბლად შევიდა იერუსალიმში. ამ დროს მთელი იერუსალიმი გამოეფინა –ბავშვები, ქალები, მოხუცები და ყვიროდნენ "ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა, მეუფე ისრაელისა".

აი აქ არის ყურადღება გასამახვილებელი, რომ ხალხი მას ეგებებოდა არა როგორც სულიერ მხსნელს, გადამრჩენელს, სასუფეველში გზის გამხსნელს, არამედ, როგორც ჩვეულებრივ მეფეს, რომელიც გამეფდებოდა, ექნებოდა ძალაუფლება, განსდევნიდა რომის იმპერატორს თავისი ჯარით, დაამყარებდა თავის დიქტატურას, მისცემდა მათ ოქროს და ვერცხლს, გაამდიდრებდა ამ ხალხს, იცხოვრებდნენ ლაღად და მშვიდად. ეს ყველაზე მეტად ეხება იუდას, რომელიც თავიდანვე გრძნობდა, რომ ქრისტე არ იყო უბრალო ადამიანი. ეგონა, რომ ქრისტე გამეფდებოდა, თვითონ კი იქნებოდა პირველი ვეზირი, ყველაზე მდიდარი ადამიანი. სამწუხაროდ ასევე ფიქრობდნენ სხვა მოციქულებიც. ჩვენ სახარებაში ვკითხულობთ, როგორ ეუბნებიან ძმები იაკობი და იოანე უფალს, "უფალო, როცა მოხვალ დიდებითა შენითა, ჩვენ გვსურს ერთი რამე გთხოვოთ, ერთი ძმა მარჯვნივ შენსა დავჯდებით, მეორე მარცხნივ შენსა". შეწუხდა მაცხოვარი, რამეთუ სამი წელი უამრავ სასწაულებს ახდენდა, ამდენს ექადაგებოდა, უხსნიდა, მაგრამ მაინც ვერაფერი გააგებინა. ვერ შეასმინა, რომ იგი არ იყო ის მეფე, ის დიქტატორი, რომელიც ომს აუტეხავდა რომის იმპერიას, განსდევნიდა მას და თავად გამეფდებოდა.

ბზობის დღესასწაულზე ეკლესია-ტაძრების ეზოებში ბზისა და ძეწნის რტოების სიმრავლეა
ბზობის დღესასწაულზე ეკლესია-ტაძრების ეზოებში ბზისა და ძეწნის რტოების სიმრავლეა

ამიტომ ქრისტე დამწუხრებული შევიდა იერუსალიმში. მას იგივე ხალხი ხვდება დიდებით, სიყვარულით, რომლებმაც სულ რაღაც შვიდი დღის შემდეგ ჯვარს აცვეს მაცხოვარი. შევიდა მაცხოვარი დიდებით იერუსალიმში, თუმცა სულ რამდენიმე დღეში იუდამ გასცა ის. მოიყვანა მღვდელმთავრები, რომის იმპერიის ჯარისკაცები, შეიპყრეს მაცხოვარი. ამ დროს შეშინებულმა მოციქულებმა დასტოვეს უფალი, დაიფანტნენ ზოგი ტყეში, ზოგი მთაში და საღამო პირს ისინი ისევ შეიკრიბნენ ერთად, ერთმანეთს შეძახილებით მოუხმეს და დაანთეს ცეცხლი ტყეში და საუბრობდნენ თუ რა მოხდა მათ თავს, როგორ უარყვეს უფალი და რამხელა ცოდვა ჩაიდინეს. ამ ცეცხლის გამო, ყოველ აღდგომის წინა ოთხშაბათს სამწუხაროდ საქართველოში დამკვიდრდა ასეთი ტრადიცია, (ეხლაც აქა–იქ შემორჩენილია) ანთებენ ცეცხლს საბურავებით, სხვადასხვა ნარჩენებით. ამ ტრადიციას ჭიაკოკონობას ეძახდნენ, ხტებოდნენ ცეცხლზე და ყვიროდნენ "ალილო ეშმაკებს". ე.ი ხდებოდა ეშმაკების განდიდება. ეს იყო სრულიად უკუღმართი დღესასწაული. სინამდვილეში ეს იყო მწუხარების ცეცხლი.

დიდი ოთხშაბათი

ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში, სიმონ კეთროვნის სახლში გაატარა. ამ დროს იუდა ისკარიოტელის უმადურ სულში ბოროტი აზრი ჩასახლდა. მან განიზრახა თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა.

დიდი ხუთშაბათი

უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება. ხუთშაბათ დღეს მაცხოვარმა პასექის მოსამზადებლად პეტრე და იოანე გააგზავნა. საღამოს უფალი მოციქულებთან ერთად მივიდა იმ სახლში. როცა პასექის საჭმელად დასხდნენ, მაცხოვარმა მოწაფეებს ამცნო, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა. ძველაღთქმისეული პასექის დასრულების შემდეგ უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: "ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა", — შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: "სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა". ამით უფალმა დააწესა ახალი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო — ზიარება.

წითელი პარასკევი

აღდგომის ბოლო პარასკევი არის დიდი პარასკევი. როცა ტანჯვით, ცემით, ნერწყვით, დამცირებით, გვემით, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე აჰყავთ გოლგოთაზე. პილატეს არ უნდა მაცხოვრის დასჯა, რადგან ვერ პოულობდა მასში დამნაშავეს. ამის მიუხედავად პარასკევს მეექვსე ჟამს მოხდა მისი წამება, მისი ტანჯვა და სიკვდილი. ამ დროს მასთან ჯვარზე გააკრეს ორი ავაზაკი, ერთი მარჯვენით, ერთი მარცხენით. ამ ორ ავაზაკთაგან ერთმა მოინანია ცოდვები, რამე თუ ის იყო ყაჩაღი, მკვლელი. მან შეინანა თავისი განვლილი ცხოვრება და ეუბნება "უფალო მომიხსენე მე სასუფეველსა შენსა, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა". ამ დროს უფალი ეუბნება სასწაულ სიტყვებს, "შენ დღესვე ჩემთან იქნები ცათა სასუფეველში". ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ პირველი ცათა სასუფეველში შევიდა ავაზაკი. ამიტომ არის, რომ ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ არავითარი ცოდვის ჩამდენი, ეს იქნება, ავაზაკი, ქურდი, თუ მრუში. ყველაფერი უფლის გადასაწყვეტი და განსასჯელია.

ტრადიციულად პარასკევ საღამოს იღებება კვერცხი. პარასკევს საღამოს მოძღვრები ვაკურთხებთ კვერცხს და შემდეგ იგი იღებება. შაბათს არის დაფლული, დამალული ისე, როგორც ქრისტე იყო მიცვალებული შაბათს. კვირას ღამისთევის შემდეგ ხდება მილოცვა სიტყვებით "ქრისტე აღსდგა" და ვჩუქნით ერთანეთს კვერცხებს.

რატომ იღებება კვერცხი წითლად

მარიამ მაგდალინელმა, ეს ის მენელსაცხებელე დედაა, რომელმაც პირველმა მიულოცა, ახარა პეტრეს და სხვა მოციქულებს ქრისტეს აღდგომა სიტყვებით "ქრისტე აღსდგა". ამის შემდეგ წამოვიდნენ პეტრე და სხვა მოციქულები, მივიდნენ საფლავზე და ნახეს აღდგომილი ქრისტე. მის საფლავთან მხლოდ მაცხოვრის შეხვეული ტილოები დახვდათ. ორმოცი დღე ქრისტე ცოცხლად ეცხადებოდა მოწაფეებს.

ქრისტეს აღდგომის შემდეგ მარიამ მაგდალინელი ჩადის რომში, მიდის იმპერატორთან. იმ დროს გახარებული ხალხი მცირედ ნუგბარს ჩუქნიდა ერთმანეთს, თან ეუბნებოდნენ სიტყვებს "ქრისტე აღსდგა". მარიამ მაგდალინელმა იმპერატორს გაუწოდა კვერცხი და უთხრა მარიამმა "ქრისტე აღსდგა", იმპერატორი ეუბნება დამცინავად, როგორც შენს ხელში ეგ კვერცხი არ გაწითლდება, ისე ქრისტეს აღდგომა არ ყოფილა და არც იქნება, ეს თქვენი მონაგონიაო. ამ დროს ხდება სასწაული და მარიამ მაგდალინელის ხელში ეს კვერცხი წითლდება და იმპერატორი ირწმუნებს ქრისტეს აღდგომას. სწორედ აქედან მოდის კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია.

შემდეგ უკვე იწყება ბრწყინვალე შვიდეული.

თემები:
აღდგომა 2017 (31)

მთავარი თემები