01:53 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
სიყვარული საზღვრების გარეშე (31)
213090

მას შემდეგ რაც კაცობრიობა მობილურ ქსელებში ჩაერთო, ეპისტოლარული ჟანრი დავიწყებას მიეცა. დღეს შეყვარებულები ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს იშვიათად წერენ. მათი გრძნობისა და ვნების ვერბალური გამოსახვა, უკვე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით ხდება.

…არადა, ვინ იცის, რამდენი ლამაზი ბარათი ასე უგზოუკვლოდ, დაუწერლად გაქრა. კაცობრიობის მარადიულმა შეყვარებულმა, სერ უილიამმა ერთხელ ამოთქვა: „სიტყვები, სიტყვები, სიტყვები“… და ისინი სამყაროს ყველაზე მთავარი გრძნობის გასაშიფრ მთავარ გასაღებად სცნო. ხორხე ბორხესმა თავის მხრივ აღიარა: „სიტყვები ქრება, დაწერილი — მარადიულიაო“.  ჰოდა, წარმოთქმულ სიტყვებს მარადიულად ხელით დაწერილი ტექსტი რომ აქცევს - ეს ადამის მოდგმამ უკვე კარგად იცის. 

კლასიკოსების პირადი, სასიყვარულო ბარათები, კარგა ხანია, კაცობრიობის საყოველთაო ინტელექტუალური საკუთრება გახდა და ეთიკის ერთ-ერთი დოგმა, რომ სხვისი წერილების კითხვა ცუდი ტონია- ამგვარი შემთხვევისთვის მიუღებლადაც კი ითვლება. უფრო მეტიც, დღეს შეყვარებულები სიყვარულს ერთმანეთს ცნობილი ადამიანების წერილებიდან ფრაზებითაც უხსნიან. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ნოდარ დუმბაძის ერთი პერსონაჟის რჩევა: “სიყვარულის დროს გოგოს წერილი უნდა მისწერო“- ყველას ხომ თავისი სიყვარულის ისტორია, ანუ როგორც დღეს ამბობენ, “ლავ სთორი“ აქვს, ამიტომ მის გადმოსაცემადაც მხოლოდ სათავისო სიტყვები უნდა მოძებნოს…

მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უკანასკნელი რომანტიკოსის, სირანო დე ბერჟერაკის მეგობრის სახელით დაწერილმა სასიყვარულო წერილებმა რომ ბედნიერება ვერავის მიანიჭა - ესეც ხომ კარგად ვიცით?…

ფაქტია, სიყვარულის ფენომენის ბოლომდე ამოხსნა დღემდე ვერც ერთმა გენიოსმა ვერ შეძლო…

„შემიყვარე, შენი გულიდან ამოშალე ყველაფერი, რაც სიყვარულს არ უკავშირდება“- მისწერა ცოლიანმა ვიქტორ ჰიუგომ 26 წლის ჟულიეტს, რომელთან მიმოწერაც 15 ათას სასიყვარულო წერილს ითვლის და მაინც… ბოლომდე ოჯახთან ერთად დარჩა…

მისწერეთ  წერილი საყვარელ ადამიანს!
თ. გოგნიაშვილი.
მისწერეთ წერილი საყვარელ ადამიანს!

„ვიყავით დანიშნულები, მაგრამ ვერ მოვასწარით დაქორწინება, ჩვენი პროფესია ერთად ყოფნის შანსს გვართმევს, გიბრუნებ თავისუფლებას და ვიტოვებ შენს გულს”, – უკანასკნელ წერილში დაუწერა რომი შნაიდერს ალენ დელონმა… სიკვდილის ღამეს კი, საყვარელ ქალს თავთან ეჯდა და მას მთელი ღამე წერილებს სწერდა…

„თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად, სამოცდათოთხმეტი აქ შემისრულდა… რა ლამაზი იყავ, ბიჭო“- ვარძიაში, ტაძრის კედელზე მიწერილმა, ათ სიტყვაში მოქცეულმა ამ სიყვარულმა დროს გაუძლო, მაგრამ მის ავტორს ბედნიერება ვერ მოუტანა…

„მაკოცე მაგრად“- ამ სიტყვებს დღეს სრულიად გაგიჟებული, შეყვარებული სამყარო მღერის. პირველმა სიყვარულმა 14 წლის მექსიკელ კონსუელო ველასკესის სიყვარულის ჰიმნი „ბესამე მუჩო“ დააწერინა და სიკვდილამდე იმ ერთადერთი სიყვარულის ერთგული და მადლიერი გახადა…

მოკლედ, სიყვარული თავისას „არ იშლის“ და ხშირ შემთხვევაში, არანაირ ლოგიკას არ ემორჩილება… თუმცა, იქნებ, ეს არცაა საჭირო?!. იქნებ, სწორედ ამ ათასი უპასუხო კითხვის გამოა იგი ისეთი, როგორიცაა და მათზე პასუხის ძებნაც უსარგებლო საქმეა?!…

რაც შეეხება ვალენტინობის აღნიშვნას და ამ დღეს სასიყვარულო წერილის მიწერის ტრადიციას, მას ჩვენში მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. მაგრამ ამჯერად მოდი, ფაქტებს ნუ ჩავუღრმავდებით. უბრალოდ, ეს დღე მივიღოთ როგორც მიზეზი საიმისოდ, რომ საყვარელ ადამიანს წერილი მივწეროთ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ის ჩვენს ცხოვრებაში მთავარი ადამიანია, რომ სულაც მის გამო გვიხარია ცხოვრება, რომ არავის არ ჰგავს, რომ…. მოკლედ დანარჩენი თქვენს გრძნობასა და ფანტაზიას მიანდეთ… ჰო, და კიდევ, არ დაგავიწყდეთ საკვანძო სიტყვა: 

— მიყვარხარ….

 

თემები:
სიყვარული საზღვრების გარეშე (31)

მთავარი თემები