პოეტი, მწერალი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე პეტერბურგიდან სამშობლოში ახალი დაბრუნებული იყო და ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ დაარსებაზე ზრუნავდა. ოლღა გურამიშვილი კი, თავად თადეოზ გურამიშვილის ქალიშვილი, მომავალში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, იმხანად წარჩინებული მამიდის ოჯახში ცხოვრობდა.
მათ ერთმანეთი ერთ-ერთ არისტოკრატულ ოჯახში გაიცნეს, სადაც საღამოობით იკრიბებოდნენ ხოლმე მწერლები და პოეტები. ოლღას თავად გადაუწყვეტია პირველი ნაბიჯის გადადგმა და ილიასთვის იმავე საღამოს მიუწერია წერილი…
25 წლის ილიამ და 20 წლის ოლღამ მალევე, 1863 წელს სამების ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი და რადგანაც ოლღას მამა დაობლებული და ღარიბი ილიას წინააღმდეგი იყო, მათი ჯვრისწერა საიდუმლოდ შედგა.
ისინი ერთმანეთის მესაიდუმლე, ერთგული მეგობრები და თანამოაზრეები გახდნენ.
1907 წელს, როდესაც ილია ოლღასთან ერთად თბილისიდან საგურამოში ბრუნდებოდა, სოფელ წიწამურთან მათ ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. ოლღა ილიას ეფარებოდა და ყვიროდა, ნუ მოკლავთ ამ კაცს, ეს ქვეყანას სჭირდებაო, მაგრამ თავდამსხმელებმა ოლღა ქმარს გამოგლიჯეს, ილია კი მოკლეს.
ოლღამ მთაწმინდაზე იქირავა ბინა, რომ ქმრთან ახლოს ყოფილიყო. იგი 20 წლის შემდეგ, 1927 წელს ღრმად მოხუცი გარდაიცვალა.
ილია და ოლღა ერთმანეთის გვერდით, მთაწმინდის პანთეონში არიან დაკრძალული.
წერილი: „სასიყვარულო ბარათები“, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2009
მოამზადა თამარ კაპანაძემ.