ანა პუჩკოვა — სვანების რისხვას გადარჩენილი და საქართველოში დაფუძნებული ქალბატონი

© photo: Sputnik / Levan Avlabreliანა პუჩკოვა
ანა პუჩკოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ბიზნეს-კონსულტანტ ანა პუჩკოვას გაგაცნობთ, რომელსაც პირველივე ჩამოსვლისას შეუყვარდა აქაურობა. თანაც ისე, რომ წასვლა აღარ უნდოდა.

ანამ დიდ ბრიტანეთში ლიდსის ბიზნეს-სკოლა დაამთავრა და დღეს საქართველოში მომუშავე მსხვილი ბიზნესისთვის ბიზნეს-კონსალტინგითაა დაკავებული, ანუ ღირებულ რჩევებს აძლევს მათ, ვისაც საოცნებო სამუშაოს პოვნა სურს.

საქართველომ შვილივით მიმიღო

პირველად 2011 წელს ჩამოვედი წლინახევრის შვილთან, მყვირალა საოცრება მიშასთან და მეგობართან ერთად, და, როგორც იტყვიან, უცერემონიოდ დავეცით უცნობ ადამიანს.

© Sputnik/ Levan Avlabreli ანა პუჩკოვა: არჩევანი საქართველოზე სრულიად შეგნებულად შევაჩერე
ანა პუჩკოვა: არჩევანი საქართველოზე სრულიად შეგნებულად შევაჩერე - Sputnik საქართველო
ანა პუჩკოვა: არჩევანი საქართველოზე სრულიად შეგნებულად შევაჩერე

ამ კაცს მხოლოდ ინტერნეტ-მიმოწერით ვიცნობდი. როცა საქართველოში წამოსვლა გადავწყვიტეთ, მივწერე, ჩამოვდივარ და ბინის მოძებნაში დამეხმარე-მეთქი. მაშინ ამ პრობლემის მოგვარება ინტერნეტით ჯერ კიდევ არ იყო შესაძლებელი და არ ვიცოდი, როგორ უნდა მეშოვა უცხო ქვეყანაში ბინა ქირით. შვილის გამო სასტუმროში ვერ გავჩერდებოდი.

გამოგიტყდებით, მე და ჩემს მეგობარს რაღაც მომენტში შეგვეშინდა უცხო ქალაქში ბავშვით მარტო სიარულისა და ამ ონლაინ-ნაცნობს დახვედრა ვთხოვეთ. ძალიან კი მეუხერხულებოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ მქონდა.

და ამ სრულიად უცნობმა ადამიანმა ჩვენი გულისთვის მეგობარს მანქანა გამოართვა და გემრიელად მოგვემსახურა… ანუ გვიჩერებდა ყველგან და ყოველთვის, სადაც და როცა მოგვინდებოდა. 

პირველივე დღეს შევამჩნიე, რომ ქართველები ძალიან მსუბუქად რეაგირებენ თხოვნაზე. სანამ აეროპორტიდან ქალაქისკენ მივდიოდით, ხუთჯერ მაინც ვთხოვეთ მანქანის გაჩერება და ყოველ ჯერზე გვპასუხობდა: „პრობლემა არ არის“, „ერთი წამით“, „ახლავე“… მოსკოველს რომ ამდენჯერ გააჩერებინო მანქანა, აუცილებლად დაიწყებს ბუზღუნს. საქართველოში კი ასე არ არის.

ერიკ თეოფან ჰალვორსონი - Sputnik საქართველო
საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი რომანტიკოსი

მეორე შთაბეჭდილება, უცნაურია, მაგრამ ლიფტებს უკავშირდება… მივადექით გარეგნულად ნორმალურ საცხოვრებელ კორპუსს, შევედით სადარბაზოში, გამოვიძახეთ ლიფტი და მასპინძელმა ჯიბეში ხელის ფათური დაიწყო — რაღაცას ეძებდა, ვიფიქრე, ალბათ გასაღებს იღებს-მეთქი. გაიღო კარი, შევედით და… მივხვდი, რასაც ეძებდა ჩემი ნაცნობი: ფულს, რომ ლიფტი დაძრულიყო…

საქართველოში პირველივე ჩამოსვლისას ისე მოვიხიბლე, რომ აქედან წასვლა აღარც მინდოდა. მასპინძელი, რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის. მისი მეგობრებიდან ზოგს ხილი მოჰქონდა ჩვენთვის, ზოგი აქეთ-იქით დაგვატარებდა და ქვეყანას გვათვალიერებდა. ის კი არა, ერთმა ზღვისპირეთში დასასვენებლად სახლიც დაგვითმო სრულიად უფასოდ… 

მოკლედ, საქართველო სრულიად უცხო ადამიანებს ისე დაგვხვდა, როგორც ღვიძლ შვილებს ხვდებიან.

წასვლა არ მინდოდა, ვიფიქრე, რაღაც დროით კიდევ დავრჩები-მეთქი, მაგრამ ჩემმა მეგობარმა აიჩემა, წავიდეთო და იძულებული გავხდი, მოსკოვში დავბრუნებულიყავი. თუმცა მეორე დღესვე დამირეკა და მითხრა, ისევ საქართველოში მინდაო. საშინლად გავბრაზდი!

ტატიანა მონტიკი - Sputnik საქართველო
ტატიანა მონტიკის საქართველო: „хвал“, შევარდნაძე, ივანიშვილი და სიღნაღელი მზარეულები

როგორ „გადავურჩით“ სვანებს

ამის მერე სამი წლის განმავლობაში თორმეტჯერ ჩამოვედი საქართველოში. ლამის ყველა კუთხე მოვინახულე და ბევრი მეგობარი შევიძინე. ამასობაში ჩემი მიშაც გაიზარდა და მანაც გაიჩინა ქართველი მეგობრები.

ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. როცა საცხოვრებლად ახალ ქვეყანას ვირჩევდი, მთელი მსოფლიო ჩემ წინ იყო გადაშლილი. შემეძლო სადაც მსურდა, იქ წავსულიყავი. მანამდე ორი წელი ინდოეთში ვცხოვრობდი, ევროპის ყველა ქვეყანა მქონდა მოვლილი, ასე რომ, მთელ მსოფლიოდან არჩევანი საქართველოზე სრულიად შეგნებულად შევაჩერე.

აქაურობა იმიტომ ავირჩიე, რომ თქვენში ადამიანები უყვართ. ჩემი შვილი ნებისმიერ გამვლელთან შეიძლება მივიდეს, გამოელაპარაკოს და მე ამისი საერთოდ არ მეშინია. მოსკოვში, ევროპის ქვეყნებში თუ სხვაგან ამის წარმოდგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

© Sputnik/ Levan Avlabreli ანა პუჩკოვა: საქართველოში თავს აბსოლუტურად დაცულად, უსაფრთხოდ ვგრძნობ
ანა პუჩკოვა: საქართველოში თავს აბსოლუტურად დაცულად, უსაფრთხოდ ვგრძნობ - Sputnik საქართველო
ანა პუჩკოვა: საქართველოში თავს აბსოლუტურად დაცულად, უსაფრთხოდ ვგრძნობ

და კიდევ ერთ რამეს მივხვდი – უნდა იცხოვრო იმ ქვეყანაში, რომლის პოლიციაც მოგწონს. ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია მშვიდი ცხოვრებისთვის? აქ თავს აბსოლუტურად დაცულად, უსაფრთხოდ ვგრძნობ.

და ადამიანური ურთიერთობები? აქ ეს სულ სხვაგვარადაა აწყობილი. რამე რომ შემემთხვეს, რომ დამჭირდეს, თავისუფლად შემიძლია დავურეკო მეგობარს, რომელიც დაურეკავს სხვა მეგობარს და საბოლოოდ იმისი ნაცნობის ნაცნობი დამეხმარება.

მოსკოვში კი მეგობრობა სხვანაირია. კი, იქ ისეთი მეგობრები მყავს, მთელი ცხოვრება რომ ერთად გვაქვს გატარებული და შემიძლია, რამე ვთხოვო… მაგრამ არა ყოველთვის და თანაც, ჩემი მეგობარი თუ ვინმე სხვას შეაწუხებს ჩემ გამო, ეს ძალიან უცნაური იქნება. ვერ გაიგებენ.

სხვათა შორის, მიშამ გადაწყვიტა, ქართულად მონათლულიყო. ჰო, თვითონ მოინდომა ასე, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სულ ოთხი წლისა იყო. მერე მთელი წელი ვამოწმებდი, ვეკითხებოდი, მართლა გინდა რომ მოინათლო-მეთქი? კიო, მეუბნებოდა. ჯერ სამების ტაძარში უნდოდა გაქრისტიანება, მერე, ბოლო მომენტში გადაიფიქრა და ჯვრის მონასტერში მოვნათლეთ…

რეგინა კოლედა–იაკობიძისა - Sputnik საქართველო
ამბავი უცხოელისა და ამაოდ აფრიალებული ლოზუნგისა „საქართველოში საცხოვრებლად არ წავალ“

კარგად მახსოვს პირველი მოგზაურობა სვანეთში. მანქანა ვიქირავე და ბავშვთან და ძიძასთან ერთად წავედი. ავედით მთაში, ერთ პატარა, კოშკებიან სოფელში. მანქანა გავაჩერეთ, გადმოვედით. გვეცვა ძალიან მყვირალა, ფერადი სამოსი, ადგილობრივები კი ლამის ყველა შავებში იყო გამოწყობილი. მივდივართ ვიწრო შუკაში და ვგრძნობთ, როგორ იძაბება ირგვლივ ყველაფერი. და ამ დროს მიშა ხედავს ვიღაც მოხუც ქალს, მირბის, ეხუტება და ქართულად ყვირის: „ბებო, ბებო…“ რასაც მოსდევს მომენტალური „ვაიმე, რა საყვარელია!“ და შვებით ამოვისუნთქე: „უუუფ, გადავრჩით!“ 

საქმიანი საქართველო

აქ სულ მაქვს სამუშაო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძვირადღირებული სპეციალისტი ვარ.

ძირითადად ინტერნეტ-გაყიდვების მიმართულებით ვიძლევი კონსულტაციებს. ვცდილობ, ხარისხიანი კომპანიები შევარჩიო საქართველოში, რომლებიც მაღალი დონის მომსახურებას გაუწევენ სხვა კომპანიებს.

ქართულ ბიზნესში ბევრი პრობლემა არსებობს, მაგრამ ჩემი და ბიზნეს-კომპანიების ხედვა ამასთან დაკავშირებით განსხვავებულია. მაგალითად, ავიღოთ უფულობა. მე ეს მთავარ პრობლემად არ მიმაჩნია. არსებობს უამრავი მეთოდი ბიზნესის აბსოლუტურად უფასოდ განვითარებისთვის და ყველაზე მარტივი მათ შორის — ეს ვებ-გვერდია. ამბობენ, ეს ძვირი სიამოვნებააო და მართალიცაა, თუ საქმე რეალურად დიდ, უზარმაზარი ბრუნვის მქონე კომპანიას ეხება. ასეთ შემთხვევაში ვებ-გვერდი შესაძლოა ათობით ათასები ღირდეს.

მაგრამ პატარა კომპანიისთვის სავიზიტო ვებ-გვერდის დამზადება საერთოდ უფასოდ შეიძლება. არსებობს საიტის უამრავი კონსტრუქტორი — მარტივი და გასაგები ინტერფეისით, და მისი დახმარებით საიტის შექმნა რამდენიმე საათში შეიძლება.

კიდევ იმასაც ამბობენ, რომ ბაზრის კვლევა ძლიან ძვირი ჯდება. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამის გაკეთება უფასოდაც შეიძლება. მაგალითად, რამდენიმე კლიენტთან დარეკვით და მათთვის სწორად ფორმულირებული ორიოდე შეკითხვის დასმით…

საქართველოში ბევრი ჩივის, რომ სამუშაო არ არის. მაგრამ უამრავი დამსაქმებლისგან მსმენია, რომ კვალიფიციური კადრების მოძებნა უჭირთ. ეს პრობლემა მოგვარდებოდა, ადამიანი სპეციალობას რომ სწავლობდეს და თანაც კარგად.

ახალგაზრდები ამბობენ, სამსახურს ვერ ვშოულობთო და ამ დროს შინ სხედან. კი, მაგრამ, სახლში ვინ მოგაკითხავს და ვინ შემოგთავაზებს სამსახურს?!

ასე არაფერი გამოვა და ვერც ვერაფერს მიაღწევს კაცი. ადამიანმა უნდა იმოძრაოს, ეცადოს, ისწავლოს, გაიცნოს ახალი ხალხი…

სხვათა შორის, ვხედავ, რომ საქართველოში ამ მხრივ უკვე არის ცვლილებები და მიხარია, რომ ამაში მეც მიმიძღვის წვლილი.

მიხარია, იმიტომ რომ საქართველო ჩემი ქვეყანაა, ჩემი სახლია და რასაც ვაკეთებ, საკუთარი ქვეყნისა და სახლისთვის ვაკეთებ.

ყველა ახალი ამბავი
0