09:21 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
65 0 0

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა 11 ივლისს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელების მიერ განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და დეტალურად ესაუბრა მათ 1, 3, 5 და 6 ივლისის მოვლენებზე და იმ ზომებზე, რომლებიც უწყებამ მიიღო შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, გომელაურმა ასევე ისაუბრა 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის დროს, მასმედიის სხვადასხვა წარმომადგენლის - ოპერატორებისა და ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და მათ მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგები და ამ ეტაპზე არსებული ვითარება. მან აღნიშნა, რომ კანონის შესაბამისად დაისჯება ყველა ის პირი, ვისი დანაშაულებრივი ქმედებაც გამოიკვეთება გამოძიების ფარგლებში.

გომელაურმა აგრეთვე ვრცლად ისაუბრა 11 ივლისს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის - ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელების მიერ განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სამინისტრო განაგრძობს აქტიურ საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებს და უწყება პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს განახლებულ ინფორმაციას.

არეულობა თბილისში

თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.

შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.

გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ადგილზე მუშაობდა 3,2 ათასი პოლიციელი. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო ლექსო ლაშქარავა.

ამ დროისთვის პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 20 ადამიანი დააკავა.

 

მთავარი თემები