თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბელგიის სამეფოში და ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რა გახდა სინამდვილეში მისი გადადგომის მიზეზი. მან აღიარა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მას საქართველოს მთავრობასთან სერიოზული უთანხმოებები ჰქონდა.
ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა>>
საბანაძემ თანამდებობა 21 მარტს დატოვა, მაშინ, როდესაც ბრიუსელში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია იმყოფებოდა. მაშინ გადადგომის ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებია, თავის Facebook-გვერდზე კი დიპლომატმა დაწერა, რომ დრო დადგა, ეს „ფურცელი გადაშალოს".
სტატიაში დასახელებით „საქართველოში ევროპულ შუამდგომლობას კრიზისის განმუხტვა არ შეუძლია“ საბანაძემ განაცხადა: „ყველა ჩვენი ლიდერი ამბობს, რომ ის პროევროპულია, მაგრამ ეს საკმარისი არაა“. თუმცა, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, დიპლომატს დეტალებზე საუბარი არ სურს, რათა „სიტუაცია არ გააღრმავოს“.
საბანაძის განცხადებას ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა.
„ნატალი საბანაძე რამდენიმე წლის განმავლობაში იყო საქართველოს ელჩი ევროკავშირში, საქართველოს წარმომადგენელი ბრიუსელში და მე ვთვლი, რომ მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ გზაზე, რომელი გზაც ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ გამოიარა. მან გადაწყვიტა, რომ ეს ფურცელი გადაეფურცლა და მე მას ერთმნიშვნელოვნად წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
როგორც მან აღნიშნა, ვექტორის ცვლილებასთან, საქართველოს დემოკრატიული განვითარების საფრთხესთან დაკავშირებით მაღალი ტრიბუნიდან არაერთხელ ითქვა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვანი გზა გაიარა, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყნის დემოკრატიზაციას, დაახლოებას ევროკავშირთან და იმ სტრატეგიულ მიზანთან მიახლოებას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია.
რაც შეეხება პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში, რომლის განმუხტვა დღემდე ვერ მოხერხდა ევროკავშირის მედიაციის პირობებშიც კი, ჩიქოვანის შეფასებით, ის ხელოვნურად არის შექმნილი.
„პოლიტიკური ცხოვრების სრულფასოვანი განხორციელების თვალსაზრისით საკმაოდ ჩიხური მდგომარეობაა. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ხელოვნური კრიზისი, რომელსაც ქმნიან ოპოზიციური ძალები, რადგან მათ ვერ მიიღეს ის მხარდაჭერა, რომელიც მათ ხელისუფლებაში მოიყვანდა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მათ შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.