04:39 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (269)
49 0 0

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პომპეოს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და კათოლიკოს-პატრიარქთან.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თბილისში დღეს, დღის მეორე ნახევარში ჩამოვა.

ოფიციალურ შეხვედრებს მაიკ პომპეო 18 ნოემბერს გამართავს.

ზალკალიანი: პომპეოს ვიზიტი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანია>>

დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

მაიკ პომპეო ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს.

სახელმწიფო მდივანი აგრეთვე გამართავს შეხვედრებს სამოქალაქო სექტორთან.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროებში. 

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებულ გარემოს უშიშროების კუთხით და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უშიშროების განმტკიცების მიზნით. მხარეები ასევე განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

საქართველოში ვიზიტის დროს პომპეო აშშ–ის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს>>

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ასევე ქვეყნების მზადყოფნას, რომ გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით.

„ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 1992 წელს დამყარდა.

2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირების გაფართოებას და თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (269)

მთავარი თემები