რატომ ჩამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში? მოლოდინი, იმედები და პროგნოზები

© photo: AFP 2020 / JACQUELYN MARTINაშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ომი ყარაბაღში, არჩევნები აშშ-ში და პოლიტიკური კრიზისი საქართველოში - ამ მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე და კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ესტუმრება

ამერიკელი დიპლომატი საქართველოს დიდი ტურნეს ფარგლებში ეწვევა - მის უახლოეს დღის წესრიგში არის ვიზიტები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, თურქეთი, ისრაელი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ასევე, საუდის არაბეთი. როგორც პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საუბრის თემა ყველა ქვეყანაში განსხვავებული იქნება.

პომპეოს საპროტესტო აქციებით შეხვდებიან? ოპოზიციის გეგმები და საგარეო უწყების პასუხი >>

პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. ცნობილია, რომ სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

როგორი რეაქცია მოჰყვა საქართველოში დაგეგმილ შეხვედრას? ხელისუფლების მოლოდინი, ოპოზიციის იმედები და ექსპერტთა პროგნოზები - Sputnik-საქართველოს მასალაში.

ამბიციური გეგმები

პირველი განცხადება დაგეგმილ ვიზიტზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგში გააკეთა. მან მოლაპარაკების მთავარი თემები ჩამოთვალა - ესაა სიტუაცია რეგიონში და საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში. მოგვიანებით გახარიამ განცხადება გააკეთა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, ეს არის საქართველოს მეგობრის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ვიზიტმა კიდევ უფრო გააღრმავოს დღეს ისედაც მაღალ ნიშნულზე მყოფი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის, განსაკუთრებით, დღეს რეგიონისთვის იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები, რაც ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზეც, უსაფრთხოებაზეც და მომავალზეც სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან ერთად, გახარიამ მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, ყურადღება მთლიანად ამ ვიზიტის მომზადებაზე გაამახვილონ.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
ზალკალიანი: პომპეოს ვიზიტი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანია

პომპეოს ვიზიტს ბრიფინგი მიუძღვნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმაც, რომელმაც ამბიციურ გეგმებზე ისაუბრა.

 „თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ხალხთა შორის ურთიერთობის გაღრმავება - ეს არის ყველა ის ძირითადი საკითხი, რომლის მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები. ყველაფერი ეს აისახა ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ერთობლივ განცხადებაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა, თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდეს. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ამ მხრივ იქნება მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველო-ამერიკას შორის ორმხრივ ურთიერთობას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო აშშ-ის მთავარი მოკავშირე და მნიშვნელოვანი საყრდენია რეგიონში.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში სტაბილურობას და საქართველოს სტაბილურ განვითარებას ყველა მიმართულებით, როგორც პოლიტიკური, ისე უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა ზალკანიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნოს დამდეგი ვიზიტი საქართველოში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაშიც“ შეაფასეს. პარტიის წევრის, გიორგი ხელაშვილის თქმით, ვიზიტის მიზანი მოკავშირეებთან ურთიერთობის გაღრმავებაა.

„ბატონი პომპეოს ვიზიტის მიზანია მოკავშირეებთან ურთიერთობების გამყარება. თუ ვნახავთ მისი ტურნეს მიმდევრობას, ის ჩადის ყველაზე მეტად საიმედო მოკავშირე ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში. ასევე, მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული უსაფრთხოების გარკვეული მოვლენების პარალელურად“, - აღნიშნა ხელაშვილმა.

ოპოზიციას საკუთარი დღის წესრიგი აქვს

სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე წარიმართება - ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ახალ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. აშშ-ის დიპლომატიური მისია და ევროპელი დიპლომატები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ და შუამავლის როლის შესრულების მზადყოფნას გამოხატავენ.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: ბუნებრივია, რომ მაიკ პომპეო ოპოზიციას არ ხვდება

გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხალხმა პომპეოს ვიზიტის დროს აქცია უნდა გამართოს.

„საქართველოში არჩევნები არის გაყალბებული, ამ გაყალბებულ არჩევნებს ქართველმა ხალხმა მასობრივი მობილიზაციით უნდა უპასუხოს. მათ შორის, თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია. მე ასე გავაკეთებდი, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ერი დასაჩაგრი ერი არ არის... ქართველ ხალხს სიამაყე და ღირსების განცდა აქვს“, - განაცხადა სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

ამ იდეას მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

„მიმაჩნია, რომ მაიკ პომპეოს ჩამოსვლის დღეს უნდა ჩატარდეს აქცია, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, არა ხმაურიანი, არამედ მშვიდი აქცია, სადაც ქართველი ხალხი დაანახებს ამერიკელ სტუმარს თავის ნებას. აქცია უნდა მოეწყოს, რომ დავანახოთ ამერიკელ სტუმარს ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევნების მოპოვების განწყობა“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მსგავს ინიციატივას სისულელე უწოდა.

„არავინ აპირებს, რომ მაიკ პომპეოს აქციით დახვდეს, რა სისულელეა, შეიძლება, რაღაც სიმბოლური ღონისძიება გვქონდეს ჩვენი პოზიციის დაფიქსირების, რაც აბსოლუტურად ჯდება ყველა ფარგლებში. ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ნებისმიერი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ იმედი გამოთქვეს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს პომპეოსთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემათ.

მაიკ პომპეო - Sputnik საქართველო
ვინც ბაიდენს გამარჯვება მიულოცა: მაიკ პომპეომ უცხოეთის ლიდერებს მიმართა

„ჯერჯერობით რაც წავიკითხე, შეხვედრები არის ხელისუფლებასთან, თუმცა, როდესაც ასეთი რანგის დიპლომატი ჩამოდის, ძალიან კარგად არის ინფორმირებული ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, ოპოზიციის პოზიციაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება, თუ სახელმწიფო მდივანი უშუალოდ ოპოზიციისგან მოისმენს, რა ვითარებაა ქვეყანაში“, – განაცხადა „ენმ“-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოში სახელმწიფო მდივნის დაგეგმილი ვიზიტი არ ნიშნავს ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების მხარდაჭერას, დარწმუნებული არიან საპარლამენტო ოპოზიციურ პარტია „ევროპულ საქართველოში“.

„ბუნებრივია, ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი არის ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ჩვენ სრულ კომუნიკაციაში ვართ სახელმწიფო დეპარტამენტთან, საელჩოსთან,  ამერიკელ პარტნიორებთან და ყველა ინფორმაციას ვაწვდით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, მათ შორის, მოიცავს იმ თემებსაც, რაც დღეს არის პრობლემატური და კრიზისული საქართველოში, ანუ გაყალბებული არჩევნები. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ ეს არის ხელისუფლების მხარდაჭერა და გაყალბებული არჩევნების აღიარება, თუ ეგ კონვერტაცია აქვს ,,ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, უბრალოდ ტყუილია. ეს არის ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც საინტერესოა ამერიკისთვის, რომელიც ამერიკის პარტნიორი ქვეყანაა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

ფორსმაჟორი რეგიონში და ყვითელი ბარათი ოპოზიციას

რატომ სწორედ ახლა გადაწყვიტა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოულოდნელად საქართველოში ჩამოსვლა? პოლიტოლოგ არჩილ სიხარულიძის აზრით, დიპლომატს საამისოდ, სულ მცირე, ორი მიზეზი აქვს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„მოუთმენლად ველოდები“ – გახარია პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ

„ეს ვიზიტი, როგორც მესმის, არ იყო დაგეგმილი. ეს ფორსმაჟორი, პირველ რიგში, უკავშირდება იმას, რომ რუსეთმა გააძლიერა თავისი დომინირება სამხრეთ კავკასიაში - სწორედ ასე აღიქმება ეს დასავლეთში. და მკაფიო სიგნალი ჩვენი მთავრობისთვის, რომ ახლა სწორედ საქართველო რჩება ერთადერთ სახელმწიფოდ, რომელიც მკვეთრად პროდასავლურია. ეს ერთი. და მეორე - ჩვენს ქვეყანაში ყველას უნდა მიანიშნოს, რომ ახლა არეულობის დრო არ არის და ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა“, - განაცხადა სიხარულიძემ Sputnik-საქართველოსთვის მიცემულ ინტერვიუში.

პომპეო მკაფიოდ განუცხადებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომ მათ არ გაქვთ მხარდაჭერა, მიიჩნევს პოლიტოლოგი.

„ვფიქრობ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მშვიდობისმყოფელებს შეიყვანდნენ (რუსი მშვიდობისმყოფელები ყარაბაღში, - რედ.), ბატონმა პომპეომ სასწრაფოდ გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა. პირველი გზავნილი იქნება, რომ საქართველო არის აშშ-ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და ერთადერთი პროდასავლური სახელმწიფო რეგიონში და დაუშვებელია, რომ ამ ქვეყანაში არეულობა და გარჩევები იყოს. ამიტომ პომპეო სწორედ ამ გზავნილით ჩამოდის“, - აღნიშნა სიხარულიძემ.

პოლიტოლოგის აზრით, პომპეოს ვიზიტით ოპოზიციას მკაფიოდ მიუთითებენ, რომ მათ აქვთ ორი გამოსავალი: პირველი - შევიდნენ პარლამენტში, და მეორე - იდგნენ ქუჩაში ოთხი წელი.

„ახლა დასავლეთმა მათ აჩვენა ყვითელი ბარათი და უთხრა: ჩვენ განვაცხადეთ, რომ არჩევნები კანონიერი იყო. ამიტომ ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერის შესაძლებლობა“, - აღნიშნა სიხარულიძემ.

მთიანი ყარაბაღი - Sputnik საქართველო
უკვე ექვსი თვითმფრინავი: რუსმა სამშვიდობოებმა მთიან ყარაბაღში ჩასვლა დაიწყეს

საერთაშორისო საკითხებში ექსპერტ ვასო კაპანაძის აზრით, პომპეოს ვიზიტი ნოემბრის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის შემდგომი განმტკიცებისთვის, ვინაიდან აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

„თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი განპირობებულია იმ პროცესებით, რომლებიც ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, მიმდინარეობს იმ კუთხით, რომ შეიცვალა სტატუს-კვო მთიან ყარაბაღში. ჩვენ ვიცით, რომ დაიწყო რუსეთის სამშვიდობო ძალების გადასროლა და ამით რუსეთი კიდევ უფრო მეტად განიმტკიცებს პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში. როგორც ჩანს, ეს პროცესი მაიკ პომპეოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის საუბრის საგანი იქნება“, - განუცხადა კაპანაძემ Sputnik-საქართველოს.

თუმცა, ექსპერტის აზრით, პომპეოს ჩამოსვლა არავითარ როლს არ შეასრულებს არჩევნების მეორე ტურის ჩატარებაში, ვინაიდან ის არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე ჩამოდის.

„მაგრამ საუბარი ამას, რა თქმა უნდა, შეეხება - იმას, რომ მეორე ტური ექსცესების გარეშე ჩატარდეს. ბუნებრივია, საუბარი შეეხება ასევე ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა/არმონაწილეობას მეორე ტურში... ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სურთ ხმა მიაწვდინონ პომპეოს“, - განაცხადა კაპანაძემ.

ექსპერტის თქმით, საკმაოდ მწვავედ დგას საკითხი, რომ თუნდაც ერთმა ან მეტმა პარტიამ შეცვალოს პოზიცია და შევიდეს პარლამენტში, რათა არ დატოვოს „ქართული ოცნება“ მარტო.

„ეს საკითხი ღიად რჩება და ამ თემას აუცილებლად შეეხება საუბარი მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე“, - აღნიშნა კაპანაძემ.

საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლიდან დამყარდა და 2000-იანი წლების დასაწყისში გააქტიურდა. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირების გაფართოებას და თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0