12:42 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
84 0 0

ქართული ოპოზიციის ლიდერები ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ თბილისში მაიკ პომპეოს ჩამოსვლის დღეს შესაძლო აქციასთან დაკავშირებით.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიცია არ აპირებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს საპროტესტო აქციებით დახვდეს, განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ესტუმრება და შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანთან.

პოლიტიკური კრიზისი: მიუსხდებიან თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას>>

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე წარიმართება – ოპოზიცია არ ცნობს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ახალ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამერიკული დიპლომატიური მისია და ევროპელი დიპლომატები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ და შუამავლის როლის შესრულების მზადყოფნას გამოხატავენ.

„არავინ აპირებს, რომ მაიკ პომპეოს აქციით დახვდეს, რა სისულელეა, შეიძლება რაღაც სიმბოლური ღონისძიება გვქონდეს ჩვენი პოზიციის დაფიქსირების, რაც აბსოლუტურად ჯდება ყველა ფარგლებში. ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ნებისმიერი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკოსმა პომპეოს ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-ის როლს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„იმედი მაქვს, მაიკ პომპეოსთან ოპოზიციასაც ექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა, სადაც ვისაუბრებთ იმ უმძიმეს პრობლემებზე, რაც მოხდა საქართველოში არჩევნების გაყალბების შემდეგ. თუმცა მე პირადად დავადასტურებ, რომ შეხვედრები მაქვს მათი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებთან“, – განაცხადა ვაშაძემ.

გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხალხმა პომპეოს ვიზიტის დროს აქცია უნდა გამართოს.

„საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ქართველმა ხალხმა ამ გაყალბებულ არჩევნებს მასობრივი მობილიზაციით უნდა უპასუხოს. მათ შორის, თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია. მე ისე გავაკეთებდი, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ხალხი ის ხალხი არ არის, რომლის დაჩაგვრაც შეიძლება... ქართველ ხალხს სიამაყე და ღირსების გრძნობა აქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი

მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავი შეიკავა პასუხისგან კითხვაზე, შეხვდება თუ არა პომპეო ოპოზიციის წარმომადგენლებს თბილისში და რა როლს ასრულებს აშშ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებაში.

ამასთან, დიპლომატმა სასაცილო და არასერიოზული უწოდა ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის მოწოდებას, მოაწყონ საპროტესტო აქცია პომპეოს ჩამოსვლის დღეს.

„არც კი ვაპირებ ამაზე სერიოზული პასუხი გავცე ოპონენტებს, რადგან ეს არის გაუთვითცნობიერებლობა და არცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი გამოიყენო შიდა პოლიტიკური ინტერესებისთვის. აქ უმთავრესი გზავნილი არის აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა, საქართველოს სტაბილურობის, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა. რეგიონში ჩვენი როლის, როგორც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის მხარდაჭერა. ეს არის ვიზიტის მთავარი გზავნილი და არა ის, რაზეც ოპონენტები საუბრობენ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მან ხაზი გაუსვა ასევე, რომ ვაშინგტონმა დადებითად შეაფასა საქართველოში ჩატარებული არჩევნები, რაც აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ასახული.

„პირდაპირ არის იქ ნათქვამი, გამეორებულია „ეუთო/ოდირის“ დასკვნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ყველა ფუნდამენტური თავისუფლება... ჩვენ ძალიან ჩავიკეტეთ. მხოლოდ ქვეყნის შიგნით პროცესების შეფასებით ვართ დაკავებული, მაშინ, როდესაც ასეთი რთული გეოპოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას მთელი რეგიონი“, – აღნიშნა დავით ზალკანიანმა.

საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლიდან დამყარდა და 2000-იანი წლების დასაწყისში გააქტიურდა. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირების გაფართოებას და თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

მთავარი თემები