რობინზონ ნაჭყებია
ოპოზიციამ მხარდამჭერები ქუჩაში გამოიყვანა არჩევნების დღესვე, 31 ოქტომბერს, საღამოს იმ საბაბით, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები, მათი მტკიცებით, გაყალბებული იყო, და მას შემდეგ პერიოდულად მართავს საპროტესტო აქციებს თბილისსა და რეგიონებში.
უკვე 3 ნოემბერს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც, წინასწარი დათვლით, ბარიერი გადალახა და საკანონმდებლო ორგანოში მოხვდა, პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ამგვარად, მმართველი პარტია შეეჯახა ახალ მოსალოდნელ რეალობას, როდესაც ის პარლამენტში შეიძლება 76 დეპუტატით (48,23%) მარტო აღმოჩნდეს.
ასეთი რეალობა ხელსაყრელი არ არის საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომლებიც ერთხმად აცხადებენ, რომ მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და კონკურენტული იყო. მათ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს და მათ შორის შუამავლის როლის შესრულების მზადყოფნა გამოთქვეს.
დასავლეთის ინიციატივა და ნაცადი მეთოდი
მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით გამოცდილი მეთოდია. 2019 წლის ბოლოს, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციის პროტესტმა ქუჩაში გადაინაცვლა, სწორედ მსგავსი მოლაპარაკების წყალობით მოხერხდა ქუჩის პროტესტის შეწყვეტა.
შედეგად ქვეყანამ მიიღო არჩევნების ახალი ფორმატი – მაჟორიტარების რაოდენობის შემცირება და ქვეყნის პარლამენტში ხმების გადანაწილების ახალი სისტემა.
ახლა საერთაშორისო პარტნიორები კვლავ მოუწოდებენ მხარეებს მოლაპარაკებისკენ. თავდაპირველად მოწოდება აშშ-ის საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ გავრცელდა.
„საფუძვლიანი საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი... რათა საზოგადოებამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად აღიარება შეძლოს. ჩვენ მზად ვართ, თუ საჭირო იქნება, წვლილი შევიტანოთ ამ მიზნის მიღწევაში“, – ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.
მოგვიანებით განცხადება ეუთოს წარმომადგენლებმაც გაავრცელეს.
„დაჟინებით მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიწყონ კონსტრუქციული დიალოგი, გადალახონ ამჟამინდელი პოლარიზაცია, იმუშაონ ერთად სტაბილური პოლიტიკური საძირკვლის უზრუნველსაყოფად და გაითვალისწინონ გზავნილები, მიღებული საერთაშორისო დაინტერესებული მხარეებისგან“, – განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა პია კაუმამ.
აშშ-ის საელჩო ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას იზიარებს>>
გაიმართება თუ არა მოლაპარაკება
მმართველ პარტიაშიც და ოპოზიციაშიც მზად არიან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ დიალოგზე რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ.
„ჩვენ საზოგადოების გაერთიანება გვსურს და ამ მიზნის მისაღწევად და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის მზად ვართ ვისაუბროთ ნებისმიერ იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვისაც ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფა სურს... ოპოზიციის შიგნით, უკლებლივ ყველა პარტიაში არიან ადამიანები, ვინც ამ პროცესს პრაგმატულად უყურებს და ისინი გრძნობენ, რომ მხარდამჭერების იგნორირება არის არადემოკრატიული. მათ იმავეს მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორები და ეუბნებიან, შედით პარლამენტში, იმუშავეთ, გამოიყენეთ თქვენი მანდატი. ჩანს, რომ ოპოზიციას დამდგარი შედეგის მიუხედავად არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია და ეს არის ზუსტად მათი პრობლემა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ არ წავლენ დათმობაზე ოპოზიციასთან, რომელიც მოლაპარაკების დაწყებას ითხოვს ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან წასვლის და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პირობით.
„რაც შეეხება ულტიმატუმს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, თუ რაღაც, და მერე დასხდებიან მაგიდასთან, ეს არის არასწორი საუბარი ჩვენი პარტნიორების და ქართული საზოგადოების მიმართ. შესაბამისად, მათ უნდა შეცვალონ საკუთარი მიდგომა. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ“, – განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
რა ხდება ოპოზიციაში
ვიდრე მმართველი პარტია OSCE/ODIHR-ის წარმომადგენლებთან დიალოგის საკითხებსა და შექმნილ ვითარებას იხილავდა, ოპოზიციაში ბზარი გაჩნდა.
განხეთქილების მიზეზად იქცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომელიც ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.
„თუ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი არ გააცნობიერებს არსებული საფრთხეების სიღრმეს, იმას, თუ საით მიექანება ჩვენი სახელმწიფო, არ გაითვალისწინებს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთას, არ მიაქცევს ყურადღებას არასამთავრობო სექტორის რჩევებს და იმას, თუ რას გვთავაზობენ ჩვენი მოკავშირეები თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით, ანუ აუცილებელი ცვლილებების უზრუნველყოფას დემოკრატიული პროცესის მშვიდობიანი განვითარების გზით, ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოს სტაბილური და უსაფრთხო განვითარების გზაზე გაყვანის შანსს“, – ნათქვამი იყო განცხადებაში.
განცხადების ავტორი მხარეებს მოუწოდებდა ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა და პარლამენტში შესვლისკენ.
„მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად“, – აღნიშნული იყო განცხადებაში.
განცხადებამ, ავთენტურობის დადასტურების გარეშეც, პარტიაშიც და ოპოზიციის სხვა წარმომადგენელთა შორისაც აღშფოთება გამოიწვია.
ამ განცხადების საპასუხოდ „ევროპულმა საქართველომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“ და „გირჩმა“ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ არ შევლენ პარლამენტში და გააგრძელებენ პროტესტს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მყარ პოზიციას, რომ არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია: არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხებზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით“, – აღნიშნულია პარტიების განცხადებაში.
განცხადებაში მითითებულია ასევე, რომ პარტიები უახლოეს მომავალში ორ საპროტესტო აქციას გამართავენ: 14 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან და 21 ნოემბერს, მეორე ტურის დღეს – ცოცხალ ჯაჭვს.
ვიდრე პარტიები ვაშაძის განცხადების გამო აღშფოთებას გამოთქვამდნენ, ვაშაძემ ფეისბუქ-გვერდზე განმარტების სახით ახალი განცხადება გამოაქვეყნა.
„მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, – დაწერა ვაშაძემ.
აღსანიშნავია, რომ თავად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ არ გაუვრცელებია პარტიის პოზიცია, მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას მეორე ტურში, სადაც მას 17-დან 10 კანდიდატი ჰყავს.
როგორ განვითარდება მოვლენები
უკვე 21 ნოემბერს საქართველოში მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტური უნდა ჩატარდეს და დეკემბრის დასაწყისში ქვეყანას ახალი პარლამენტი ეყოლება. მაგრამ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და მიუსხდებიან თუ არა მოლაპარაკების მაგიდას მხარეები, ეს კითხვა „Sputnik-საქართველომ“ ექსპერტებს დაუსვა.
სახალხო დამცველმა ოპოზიციას და ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მოლაპარაკებისკენ მოუწოდა>>
„არჩევნებზე დარღვევები იყო, მაგრამ ეს დარღვევები მთლიანობაში არჩევნებზე ძლიერ არ მოქმედებს. ამას ამტკიცებს კვლევები, რომლებიც თავად ოპოზიციურმა პარტიებმა ჩაატარეს და რომელთა შედეგადაც ხმების დაახლოებით იგივე რაოდენობა მიიღეს, რამდენიც არჩევნებზე. ის, რომ ოპოზიციის რიგებში განხეთქილებაა, იგრძნობა, და ამაზე „გირჩის“ და გრიგოლ ვაშაძის განცხადებებიც მიუთითებს. ადამიანებს ესმით, რომ აქციებით ვერაფერს მიაღწევენ, მით უმეტეს, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე“, – განაცხადა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ.
მისი სიტყვებით, წვრილ პარტიებს ესმით, რომ ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში მათ არანაირი შანსი აღარ დარჩებათ, რადგან ისინი, ვინც ხმა სხვა ძალას მისცა და არა „ქართულ ოცნებას“ ან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხელახალ არჩევნებზე ამ ორ ძალას დაუჭერენ მხარს.
„მთლიანობაში, თუ ოპოზიცია შეძლებს შაბათს 50 ათასის შეკრებას, ეს არაფერს არ გადაწყვეტს. ახლა იქნება მოლაპარაკება, რომელსაც გარკვეული დრო დასჭირდება. შედეგად იქნება გარკვეული კომპრომისი, მაგრამ ახლა გაცილებით მომგებიანია ოპოზიციისთვის პარლამენტში შესვლა, ვიდრე ქუჩაში დგომა. განსაკუთრებით ისეთი პარტიებისთვის, როგორებიცაა „მოქალაქე“, „გირჩი“, „ლეიბორისტები“ და „ევროპული საქართველო“, – აღნიშნა არეშიძემ.
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ გამოსავალი მოლაპარაკებაა.
„მოლაპარაკებაზე უარს არავინ იტყვის – არც ეს მხარე, არც ის მხარე. მაგრამ პოზიცია – „ჯერ დააკმაყოფილე მოთხოვნა, შემდეგ კი მოლაპარაკების მაგიდასთან დავჯდები“ – არ გაჭრის“, – განაცხადა ძაბირაძემ.
ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეიძლება არ შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ მათი ცალკეული წარმომადგენლები შესაძლოა იქ ვიხილოთ.
„პარტიების ცალკეული წარმომადგენლები შეიძლება დარჩნენ პარლამენტში და არ თქვან უარი მანდატებზე. ეს უფრო რეალური სცენარია, ვიდრე მთელი ოპოზიციის შესვლა პარლამენტში. მაგრამ თუ მოვლენათა განვითარების დინამიკას შევხედავთ, ჯერ კიდევ ბევრი დრო რჩება, რათა ოპოზიციამ ბოლომდე ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია. ვაშაძემ გამოაქვეყნა განმარტება, რაც მიუთითებს, რომ ოპოზიცია ამ მომენტისთვის ბოლომდე ერთიანი არ არის და არ ჩამოუყალიბებია თავისი პოზიცია“, – აღნიშნა ძაბირაძემ.
არეშიძის მსგავსად, ისიც მიიჩნევს, რომ ხელახალი არჩევნები პატარა პარტიებისთვის მომგებიანი არ იქნება.
„თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, პატარა პარტიებს მოუწევთ იმაზე დაფიქრება, როგორ გავიდნენ არჩევნებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ხმები ორ მთავარ ძალას შორის გადანაწილდება – „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“, – დასძინა ძაბირაძემ.