„მოუთმენლად ველოდები“ – გახარია პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სერიოზული მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რომელიც თბილისში ქვეყნისა და რეგიონისთვის რთულ პოლიტიკურ ვითარებაში ჩამოდის.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის მთავარი თემები რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა იქნება, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოში 17-18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ესტუმრება>>

მაიკ პომპეო საქართველოს მომავალი კვირის დასაწყისში ეწვევა. ამის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა.

„მოუთმენლად ველოდები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს საქართველოში. მისი ვიზიტი განამტკიცებს აშშ–საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას. ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას და ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში“, – დაწერა საქართველოს პრემიერმა სოციალურ ქსელში.

​აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩაივლის – ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ახალ კენჭისყრას მოითხოვს. ქვეყანაში უკვე მეორე კვირაა საპროტესტო აქციები ტარდება. ამერიკული დიპლომატიური მისია და ევროპელი დიპლომატები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ და მხარეებს შორის შუამავლის ფუნქციის შესასრულებლად მზადყოფნას გამოთქვამენ.

მთიანი ყარაბაღი - სტეპანაკერტი - Sputnik საქართველო
მთიანი ყარაბაღი და ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიაში: ხედვა საქართველოდან

რეგიონულ პრობლემატიკაზე განხილვის თემა, სავარაუდოდ, ყარაბაღში არსებული ვითარებაც გახდება, სადაც 10 ნოემბრიდან რუსეთს თავისი მშვიდობისმყოფელები შეჰყავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში პომპეო შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან. სახელმწიფო მდივანს მიიღებს აგრეთვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საელჩო ამერიკულ მხარესთან უკვე დიდი ხანია მუშაობს სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტზე.

ვინც ბაიდენს გამარჯვება მიულოცა: მაიკ პომპეომ უცხოეთის ლიდერებს მიმართა>>

ბაქრაძის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს განხილული იქნება ყველა საკითხი, რომლებიც სტრატეგიული ქარტიით არის განსაზღვრული. მათ შორის მან ასევე დაასახელა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, ასევე მოსაზრებების ურთიერთგაცვლა საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის საჭირო რეფორმებზე.

ყველა ახალი ამბავი
0