ზალკალიანი: პომპეოს ვიზიტი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანია

© Government of Georgiaდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში მაიკ პომპეო შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას და ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების, განვითარებისა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების საკითხებში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„მოუთმენლად ველოდები“ – გახარია პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.

ზალკალიანის განცხადებით, ვიზიტი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ წარმოადგენს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანს, რაც სრულიად ეხმიანება ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობას და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

„ბოლო 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვქონდა უაღრესად ეფექტიანი თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა ძირითადი მიმართულებით. თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ხალხთა შორის ურთიერთობის გაღრმავება – ეს არის ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რა მიმართულებითაც ჩვენ ხელშესახები შედეგები გვაქვს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ის ბიუჯეტის 2020–2021 წლის კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის 132 მლნ დოლარის ოდენობის დახმარებას. მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსური მხარდაჭერა 50 მლნ დოლარით გაიზარდა.

დავით ზალკალიანის განმარტებით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი რეგიონში დღეს არსებულ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოსადმი მხარდაჭერის გამოხატულებაა. მისი თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ამერიკა–საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო - Sputnik საქართველო
საქართველოს 17-18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ესტუმრება

„დღეს მთელი რეგიონი რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. ზუსტად ამ დროს საქართველოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება აშშ-ის, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა და ეს ვიზიტი სწორედ ამ მხარდაჭერის ხაზგასმაა", – განაცხადა ზალკალიანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში მაიკ პომპეო შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.

შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში. მხარეები ასევე იმსჯელებენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებზე.

ყველა ახალი ამბავი
0