თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 17-18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვიზიტს გამართავს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში პომპეო გამართავს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ ასევე საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.
მხარეები ასევე იმსჯელებენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებზე.
საქართველომ და აშშ-მა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. ყველაზე აქტიური ის გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს საპარტნიორო კავშირების და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის და კულტურის სფეროებში.