13:23 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (237)
99 0 0

პიტერ სიიარტოს თბილისში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის შესახებ რიგ დოკუმენტებს მოეწერა ხელი.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ უნგრელს უჩნდება საქართველოში ჩამოსვლის სურვილი, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური პირია, რომელიც საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სიიარტომ შეხვედრა უკვე გამართა ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან, რომელთანაც განიხილა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. უნგრელი სტუმრის ვიზიტის პროგრამაშია ასევე შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლების სამინისტროების პირველ პირებთან. აგრეთვე დაგეგმილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრა.

„უნგრეთის ბევრ მოქალაქეს სურს საქართველოში ჩამოსვლა. იმისათვის, რომ მათ ამის შესაძლებლობა მიეცეთ, ინფორმაციების გაცვლის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შევთანხმდით“, – განაცხადა სიიარტომ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს დაახლოებით 7,8 ათასი უნგრელი ეწვია, რაც 18,9%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 

სიიარტომ ზალკალიანს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ პანდემიის პერიოდში შესაძლებლობა მიეცა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრებოდა და ასევე აღნიშნა COVID-19-თან ბრძოლაში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები.

„ევროპაში გათვალისწინებული სტანდარტებით, საქართველოს 100 ათას ადამიანზე ყველაზე ნაკლები ინფიცირებული ჰყავს. ამ სფეროში უნგრეთსაც ძალიან დიდი წარმატება აქვს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მომავალშიც ფრთხილი ნაბიჯების გადადგმით შევინარჩუნოთ მიღწევები. ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სიიარტომ.

დიპლომატს მიაჩნია, რომ პანდემიის პერიოდში ქვეყნებს შორის მეგობრობა განმტკიცდა, უნგრეთიდან კი საქართველოში მედიკამენტების დიდი რაოდენობა შემოდის.

გარდა ამისა, სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთის ბანკმა შექმნა 155 მილიონი ევროს მოცულობის ფონდი, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს საქართველოს ტერიტორიაზე.

თავის მხრივ, საქართველოსა და უნგრეთის ურთიერთობები, როგორც უპრეცედენტოდ მაღალი, შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება უნგრეთის მხარდაჭერის წყალობით მიიღო. 

„ჩვენ არ გვაქვს ღია პრობლემური საკითხები ორმხრივ ურთიერთობებში. წარმატებით ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა საქართველოს აქვს მეტი ამბიცია, რომ ეს თანამშრომლობა უფრო გაღრმავდეს და ქვეყანაში უფრო მეტი უნგრული კომპანია ვიხილოთ... ასევე მნიშვნელოვანია უნგრული კომპანიების მონაწილეობა საქართველოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ჩვენ ვისაუბრეთ ამ თანამშრომლობის გაგრძელებაზე მომავალში“, – განაცხადა ზალკალიანმა ბრიფინგზე.

დღეს საქართველომ და უნგრეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს და დამატებით პროტოკოლს განათლებისა და კულტურის სფეროში.

საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მარტს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთაშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.

 

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (237)

მთავარი თემები