თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო თბილისს ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური პირი იქნება, რომელიც საქართველოს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში სიიარტო შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლების სამინისტროების პირველ პირებთან.
ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი განიხილავს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, შეხვედრის დასრულების შემდგომ კი მინისტრების ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
ვიზიტის ფარგლებში პიტერ სიიარტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესაც ესტუმრება.
როგორც ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, უნგრელ დიპლომატს საკარანტინო სივრცე არ ელოდება, რადგან ეს რეგულაცია ოფიციალურ პირებზე არ ვრცელდება.