თბილისი, 31 მარტი – Sputnik. იუსტიციის სახლები, სანოტარო ბიუროები, საჯარო და სამოქალაქო რეესტრები, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სხვა ცენტრები ორი დღით აჩერებენ მუშაობას, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 31 მარტისთვის>>
მინისტრის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ რიგმა ნოტარიუსებმა და მათმა თანაშემწეებმა ბოლომდე ვერ გააცნობიერეს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პირობებში მდგომარეობის მთელი სირთულე.
„როგორც უწყების ხელმძღვანელს, განცდა გამიჩნდა, რომ ზოგიერთი სანოტარო ბიუროს ფუნქციონიერება იყო წინააღმდეგობაში იმ რეკომენდაციებთან, რომელიც გასცა უწყებათშორისმა საბჭომ. უფრო მეტიც, ბოლო დღეებში მქონდა შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ნოტარიუსს ან ნოტარიუსის თანაშემწეს გაუჭირდა ფეხი აეწყო იმ საფრთხისთვის, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა“, – განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყებამ უნდა განაგრძოს მოქალაქეების მომსახურება. 31 მარტს, საღამოს გამოქვეყნდება ის განსაკუთრებული პირობები, რომლებშიც 1 არილიდან შეძლებისდაგვარად იმუშავებენ ნოტარიუსები, იუსტიციის სახლები, რეესტრები, რათა მოქალაქეებმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურება მიიღონ.
„გამოქვეყნდება ის ლოკაციები შეზღუდული ოდენობით, სადაც შესაძლებელი იქნება სანოტარო მომსახურების მიღება და გამოქვეყნდება ფრონტ-ოფისების ფილიალების სია, რაც იქნება შეზღუდული ხარისხით, მაგრამ მაინც გახსნილი, რათა ეკონომიკური საქმიანობა არ გაჩერდეს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ დროისთვის 110-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი, საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 4995, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 278 პირი.
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება.
საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.
მთლიანად გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მკაცრი წესებია კერძო ავტომობილებითა და ტაქსებით გადაადგილებისთვის – არაუმეტეს ორი მგზავრისა, ისიც უკანა სავარძელზე.
თავდაცვის ძალები დედაქალაქსა და ექვს ქალაქში შესასვლელებს აკონტროლებენ>>
საყოველთაო კარანტინის დაწესების ფარგლებში თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თავდაცვის ძალებთან ერთად ამ ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და კარანტინის წესების პირობების შესრულებას აკონტროლებენ.