რა იკრძალება საყოველთაო კარანტინისა და კომენდანტის საათის დროს – დეტალური ინფორმაცია

© photo : Irakli Garibashvili / FBბლოკპოსტი მარნეულში
ბლოკპოსტი მარნეულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. შეიქმნა ოპერატიული შტაბი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას გააკონტროლებს.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საყოველთაო კარანტინის რეჟიმი 31 მარტის 08:00 საათიდან დაიწყება.

პრემიერმა ეს განცხადება უწყებათშორისი საკოორდინაციო გაფართოებული საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა. ამასთან, დაწესდება კომენდანტის საათი, რომელიც ითვალისწინებს გადაადგილების შეზღუდვას 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

მეტრო - Sputnik საქართველო
თბილისის მეტრო მუშაობას წყვეტს

კერძოდ, რას გულისხმობს კარანტინის რეჟიმი:

ტრანსპორტი

სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი, გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე ქალაქებს შორის.

დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

ასევე მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.

თავშეყრა

იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს ორმეტრიანი სოციალური დისტანცია.

ტესტები - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

ცალკე იქნება გაწერილი მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი. მათ ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული ცალკე პროტოკოლები. პრემიერის განცხადებით, ეს კეთდება იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება. ასევე იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ უნდა დაეხმარონ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები, აგრეთვე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.

კომენდანტის საათი

საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი: საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდა – გამოცხადდა კარანტინი და კომენდანტის საათი

პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შეიქმნა ოპერატიული შტაბი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას გააკონტროლებს.

მთავრობის „ცხელი ხაზი“ – 144, რომელიც ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეს რეკომენდაციას გაუწევს.

ყველა ახალი ამბავი
0