თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია.
ინფორმაცია ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 266 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი.
საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოაცხადა. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ასევე გამკაცრდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, კერძოდ, შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინი და კომენდანტის საათი ცხადდება.