06:12 26 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პროცესი დაიწყო - საქართველომ და აზერბაიჯანმა საზღვრის საკითხზე მუშაობა დაიწყეს

© photo: Sputnik / Murad Orujov
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (12)
92 0 0

ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ყველას მოუწოდეს დავით-გარეჯის საკითხზე პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიების თავმჯდომარეების პირველი სამუშაო შეხვედრა სამშაბათს ბაქოში გაიმართა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღით უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მონასტერი დავით-გარეჯის უძველესი სამონასტრო კომპლექსის ნაწილია და საზღვრის სადავო მონაკვეთის გასწვრივ მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად გზა გაიხსნა, თუმცა აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოებაში ვნებათაღელვა არ დამცხრალა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ხალაფ ხალაფოვი.

„მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმდინარეობა და განიხილეს სამომავლო ნაბიჯები. აღინიშნა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3 შეთანხმებულია შესაბამისი კომისიების მიერ და აუცილებელია აქტიური კომუნიკაციის განახლება შეუთანხმებელი მონაკვეთებზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომისიის თავმჯდომარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ კომისიების ოფიციალური სხდომა შემდეგ კვირას ჩატარდება.

ილია მეორემ დავით-გარეჯთან შექმნილი ვითარება ქვეყნის მუსლიმ სასულიერო პირებთან განიხილა >>

„მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მოლაპარაკებების კონსტრუქციული მიდგომით წარმართვაზე  და ხაზი გაუსვეს სამუშაო პროცესში ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინების აუცილებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან დარსალიამ და ხალაფოვმა აღნიშნეს, რომ ამ საკითხის ირგვლივ პროვოკაციები მიუღებელია.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა, მაგრამ ეს კომისია დიდი ხნის განმავლობაში არ მუშაობდა.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

Europa Nostra: დავით–გარეჯი საფრთხის ქვეშაა >>

დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი, მათ შორის, უდაბნოს მონასტერი, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს.

დავით-გარეჯის კომპლექსის ტერიტორიას აზერბაიჯანელი ისტორიკოსები კეშიკჩიდაღს უწოდებენ და ის „აზერბაიჯანის ქვის ხსოვნად“ მიაჩნიათ. მათი მტკიცებით, კომპლექსი კავკასიური ალბანეთის ისტორიას განეკუთვნება.

თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (12)

მთავარი თემები