ნაძვის ხე აქციების ნაცვლად – სარალიძეს პარლამენტის წინ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს

© Sputnik / Shota Nozadzeზაზა სარალიძის აქცია
ზაზა სარალიძის აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ ერთი წლის წინ მოკლული ერთ–ერთი მოზარდის მამას ზაზა სარალიძესა და მის მომხრეებს საპროტესტო აქციის სხვა ადგილზე გაგრძელება მოსთხოვა, რადგან პარლამენტის შენობის წინ მთავარი საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაიდგას.

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საპარლამენტო გამოძიება დასრულებულია>>>

მანამდე, 1 ნოემბერს სარალიძემ მერიას საპროტესტო აქციების 31 დეკემბრამდე გაგრძელების თხოვნით მიმართა.

„ამ წერილით ხელისუფლება ჩვენ გვეუბნება, რომ ჩვენ, თურმე, ვიღაცას ხელს ვუშლით. ჩვენ ხელს არავის ვუშლით. ჩვენ ხელს არ ვუშლით იმ ბავშვებს, რომლებიც აქ უნდა გაერთონ, რადგან ყველა ქართველი ბავშვი ჩვენი შვილია, რომელთა მომავლისთვისაც ჩვენ დღეს ვიბრძვით. ჩვენ ჩვენი შვილები უკვე დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, პირადად მე ვერ შევძლებ ამ თხოვნის თუ ბრძანების გათვალისწინებას, რადგანაც ჩვენ აქ სამართლიანობის აღდგენის მიზნით ვდგავართ“, – განაცხადა სარალიძემ ჟურნალისტებთან.

საპროტესტო აქციაში სარალიძესთან ერთად პანკისის ხეობის მკვიდრი მალხაზ მაჩალიკაშვილიც მონაწილეობს, რომლის შვილი სპეცრაზმელმა იმსხვერპლა. მან სასიკვდილო ჭრილობა 2017 წლის დეკემბერში მიიღო, როდესაც ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის თანამოაზრეების დაკავების სპეცოპერაცია ტარდებოდა.

„ეს ნიშნავს: პარლამენტის წინ ან სხვა ადგილზე თუ თქვენ იდგებით მუდმივად, ჩვენ არ ვაღიარებთ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულს, იდექით რამდენიც გინდათ. ესაა მათი (მერიის) სიტყვები, რაც მე და ზაზას შემოგვითვალეს. სახელმწიფოსგან განსხვავებით, მე და ზაზა იმ ბავშვებს ვიცავთ, რომლებიც აქ უნდა გაერთონ. ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. ესაა ხელისუფლება, რომელიც ბავშვებს კლავს. ჩვენ ადგილიდან ნაბიჯსაც არ გადავდგამთ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა. 

ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და მასთან შეხვედრას ითხოვს

აქციის მონაწილეების განცხადებას თბილისის მერმა კახა კალაძემ უპასუხა.

„პარლამენტის წინ არის ცენტრალური ადგილი, სადაც იდგმება საახალწლო მთავარი ნაძვის ხე. ეს მე არ მომიფიქრებია, ტრადიციაა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება. მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას და ჰქონდათ სურვილი, დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია დავარქვათ ამას, თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენც კანონის თანახმად განვუმარტეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია ემზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აქციის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა ქალაქში მონახონ ისეთი ადგილი, სადაც საახალწლო ღონისძიებები არ იქნება დაგეგმილი და იქ გააგრძელონ საპროტესტო აქცია.

სარალიძის სასამართლო ჩანიშნულია - მოკლული მოზარდის მამა თავისუფალია>>>

შემოდგომის დადგომისა და ცივი ამინდების გამო სარალიძემ და აქციის სხვა მონაწილეებმა არაერთხელ სთხოვეს ხელისუფლებას კარვების გაშლის ნებართვა, რაზეც უარი მიიღეს. ამის გამო პარლამენტთან დროდადრო სამართალდამცველებთან დაპირისპირება ხდებოდა. ერთ–ერთი ასეთი ფაქტის დროს სარალიძე დააკავეს.

სარალიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენა, შესაბამისად, იგი თავისუფალია.

ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ საკუთარი შვილის მკვლელის დადგენისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით აქციები 10 სექტემბრიდან განაახლა. 

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძე: არ შეიძლება გირგვლიანის მკვლელობის შედარება ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის 51-ე და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელთა შორის მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.

სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. სასამართლომ დღემდე ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი. 

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები ყველა დამნაშავის დასჯას მოითხოვდნენ. 

ტრაგედიის პოლიტიზირება არ შეიძლება – ივანიშვილი სარალიძის დაკავების შესახებ>>>

პროტესტის ფონზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა, შსს-მ აღნიშნული საქმის დეტალების დაფარვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და სამი პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი მოზარდია.

მიმდინარე წლის ივნისში შექმნილ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას უნდა გაერკვია, იყო თუ არა დაშვებული დარღვევები საქმის გამოძიებისას და იყო თუ არა ჩარეული ვინმე ამ პროცესში. კომისიამ, რომელიც ორი პარტიის — „ევროპული საქართველოს“ და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული, სექტემბერში დაასრულა მუშაობა და დასკვნა მოამზადა, რომელიც მმართველმა პარტიამ არ გაიზიარა. „ქართული ოცნება“ თვლის, რომ კომისიამ ვერ დაადგინა, ვინ მოკლა დავით სარალიძე, თუმცა კომისიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ მკვლელობაში კიდევ ერთი მოზარდი მონაწილეობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0