ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და მასთან შეხვედრას ითხოვს

© Sputnik / Alexander Imedashviliზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს, სადაც ითხოვს წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ  „ნაციონალურ მოძრაობაში“ მის კოორდინატორობას

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მასთან შეხვედრას ითხოვს, ნათქვამია სარალიძის Facebook-გვერდზე გავრცელებულ ღია წერილში.

ბიძინა ივანიშვილმა 26 ოქტომბერს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ზაზა სარალიძე რუსთაველზე ადგილს უნახავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ის ამ პარტიის კოორდინატორი იყო.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ტრაგედიის პოლიტიზირება არ შეიძლება – ივანიშვილი სარალიძის დაკავების შესახებ

„თქვენ გამოდიხართ და ბრძანებთ, რომ „ყველამ ხომ ვიცით რომ ზაზა ნაციონალების კოორდინატორიაო“, ეს სიტყვები ჩემთვის შეურაცხმყოფელია, ნუთუ თქვენ იმხელა პასუხისმგებლობასა და თანაგრძნობასაც არ გრძნობთ 16 წლის მოკლული ბავშვის მიმართ, რომ ცილისწამებას არ მიმართოთ. დიახ ცილისწამებას, რადგან არასოდეს არც ერთი პარტიის კოორდინატორი არ ვყოფილვარ. ადგილს უნახავსო ნაციონალურ მოძრაობას, ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც ამხელა გამოცდილება აქვს აქციების გამართვის, ადგილის დაკავებაში დასჭირდათ ჩემი დახმარება. სასაცილოა სხვა თუ არაფერი“, - წერს სარალიძე.

ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილისგან ითხოვს წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ  „ნაციონალების კოორდინატორობას“.

„ბატონო ბიძინა, მოგმართავთ ღია წერილით და ვითხოვ იმის განმარტებას, რატომ მიმართავთ ჩემ წინააღმდეგ ცილისწამებას, ასევე წარმომიდგინეთ მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს ნაციონალურ მოძრაობაში ჩემს კოორდინატორობას“, - მიმართავს ზაზა სარალიძე ივანიშვილს.

ზაზა სარალიძე კვლავ ავლებს პარალელს მისი შვილის მკვლელობასა და სანდრო გირგვლიანისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობებთან. 24 ოქტომბერს ივანიშვილმა ცინიზმი და უზნეობა უწოდა იმ ფაქტს, რომ ზოგიერთები დავით სარალიძის მკვლელობას გირგვლიანის მკვლელობასთან ადარებენ.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„ცინიზმი და უზნეობა“ – ივანიშვილი სარალიძისა და გირგვლიანის საქმეების შედარების თაობაზე

„თქვენ უზნეობა გგონიათ გირგვლიანის საქმისა და ხორავას ქუჩის საქმის შედარება. გირგვლიანი თანამდებობის პირებმა მოკლეს სადისტურად, ჩემი შვილი კი თანამდებობის პირების შვილებმა უმოწყალოდ დაჩეხეს 12 ჭრილობით... შემდეგ კი ორივე საქმის მიმართ სახელმწიფოს მანქანა ამუშავდა, დაფარვისა და გაყალბების ბინძური მეთოდებით... თუ ჩემი შვილის მკვლელობა ვერ უთანაბრდება გირგვლიანის საქმეს, რას იტყვით თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე? რომელიც სახელმწიფომ საწოლში ჩაცხრილა და გაურბიხართ თქვენც და თქვენი თანაგუნდელებიც პასუხი გასცეთ შვილმოკლულ მამას“, - აღნიშნავს სარალიძე.

ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ საკუთარი შვილის მკვლელის დადგენისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით აქციები 10 სექტემბრიდან განაახლა. 26 ოქტომბერს სარალიძე პოლიციელებზე ჯოხით თავდასხმისთვის დააკავეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცა.

რუსთაველის გამზირზე დაკავებულ ზაზა სარალიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, თუმცა, სასამართლო პროცესამდე იგი 28 ოქტომბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სარალიძე წერილში ამ ინციდენტსაც შეეხო.

ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
ზაზა სარალიძე დააკავეს

„ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ 1 დეკემბრიდან ამოქმედდა სახელმწიფოს ბინძური მანქანა, რის გამოც დღეს მე დაზარალებული შვილმოკლული მამა ბრალდებული ვარ. ბრალდებული პოლიციაზე თავდასხმაში, ირონიაა, არავინ კითხულობს რამ მიმიყვანა იმ კადრებამდე რაც მთელმა საქართველომ ნახა“, - აღნიშნავს სარალიძე.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.

ბახტაძე: არ შეიძლება გირგვლიანის მკვლელობის შედარება ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან>>>

სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. შესაბამისად, სასამართლომ დღემდე ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. სარალიძის მამამ საგამოძიებო ორგანოები მკვლელების დაფარვაში დაადანაშაულა.

პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ დაიწყო გამოძიება საქმის დეტალების დაფარვის შესახებ და დააკავა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი.

 

ყველა ახალი ამბავი
0