00:46 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
36 0 0

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის უთანხმოება უცვლელად დარჩა.

საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არ აპირებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შენიშვნები გაითვალისწინოს და ვეტოს დასაძლევად ემზადება.

მარგველაშვილმა ამ დღეებში ვეტოს უფლებით ისარგებლა და პარლამენტს ქვეყნის მთავარ დოკუმენტში შესატანი ცვლილებების პროექტი დაუბრუნა შენიშვნებთან ერთად.

პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას" შორის უთანხმოება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დასრულების მომენტიდან არ შეცვლილა. კონსენსუსის მიღწევის მრავალჯერადი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

მმართველ პარტიას საკმაო ბერკეტი აქვს იმისთვის, რათა პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს და საბოლოოდ დაამტკიცოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები.

რა შესთავაზა პრეზიდენტმა

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოში გაითვალისწინა საპარლამენტო უმრავლესობის თხოვნა, რომელიც დათმობაზე წავიდა და საკანონმდებლო ორგანოში გაუნაწილებელი ადგილების განაწილებისას პარლამენტს „ბონუსების სისტემის" გაუქმება შესთავაზა. საუბარია იმ პარტიის პრიორიტეტულ მდგომარეობაზე, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს – ამ ვარიანტით ყველა გაუნაწილებელი ხმა გამარჯვებულს დაემატება.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა არჩევნების წინ პარტიების ბლოკებში გაერთიანებაზე თანხმობა შესთავაზა.

ამასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს შესაძლებლობა მისცა არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შენიშვნები გაითვალისწინოს. პრეზიდენტმა შესთავაზა სასამართლოს გზით ამ გადაწყვეტილების მიღების კვორუმის დაწევა – რომ გადაწყვეტილება მიიღოს არა ყველა მოსამართლემ, არამედ მათმა უმრავლესობამ.

აგრეთვე, პრეზიდენტის შენიშვნებში ვენეციის კომისიის კიდევ ერთი მოთხოვნაა — კონსტიტუციაში კონკრეტულად გაიწეროს აღმსარებლობის თავისუფლების სტანდარტები.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა მმართველ პარტიას შესთავაზა გაითვალისწინოს ოპოზიციის მოთხოვნა პროპორციულ სისტემაზე უკვე 2020 წლიდან გადასვლის შესახებ და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა მას შემდეგ გააუქმოს, რაც საქართველოში შეიქმნება ორპალატიანი პარლამენტი.

კონსენსუსი არ იქნება

პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს ნაწილობრივ გათვალისწინება არ შეუძლია, ამიტომ „ქართული ოცნების" დეპუტატებს მოუწევთ ან ყველა შენიშვნას უყარონ კენჭი, ან არც ერთს.

მმართველი პარტია ცოტა ხნის წინ დათმობაზე წავიდა — დათანხმდა 2024 წლიდან „ბონუსების სისტემის" დანერგვაზე უარის თქმაზე და არჩევნებში საარჩევნო ბლოკების დაშვებაზეც. მაგრამ პრეზიდენტისა და ოპოზიციისთვის ეს ცოტაა. მათ შენიშვნების სია გააფართოვეს, რამაც "ქართული ოცნების" უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია.

„ამით მან (პრეზიდენტმა) უარი თქვა ბოლო შანსზე, პოზიტიური ცვლილებები შეეტანა საკონსტიტუციო რეფორმების იმ წარმატებულ პროცესში, რომელიც აღიარეს ვენეციის კომისიამ და ქართულმა საზოგადოებამ", — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიცია პრეზიდენტს ემხრობა

ამ დროს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციაში აღმოჩნდა.

„საქართველოს პრეზიდენტი მოიქცა სწორად, როდესაც ფაქტობრივად აიძულა „ქართული ოცნება" მარტო დარჩეს ამ კონსტიტუციასთან. კონსტიტუცია ერთპარტიულ დოკუმენტად დარჩება იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს", — განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტში პარტიის „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობას კომპრომისზე წასვლისკენ მოუწოდა.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი იმედის საფუძველი, რომ "ოცნების" გუნდი საღ აზრს გამოიჩენს. მიუხედავად ამისა, მათ კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ, ნუ აღმოჩნდებიან მთელი პოლიტიკური სპექტრის, მთელი სამოქალაქო საზოგადოებისა და, საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის საპირისპირო მხარეს", — განაცხადა ბოკერიამ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილება პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით საბოლოოდ გაარკვევს „ქართული ოცნების" მმართველობის საკითხს.

„ქართულ ოცნებას" ეს ვეტო შანსს აძლევს – ან დაუბრუნდეს დემოკრატიულ ცივილიზებულ პოლიტიკას, ან დარჩეს ერთპარტიული დიქტატურის რეჟიმში", — განაცხადა გოგუაძემ.

რა იქნება შემდეგ

საქართველოს პარლამენტი ვეტოს განსახილველად უკვე 12 ოქტომბერს შეიკრიბება, ხოლო მეორე დღეს კენჭისყრა იგეგმება.

თუ პარლამენტი დაძლევს მარგველაშვილის ვეტოს, დოკუმენტს მას ხელმოსაწერად გაუგზავნიან. ამ ეტაპზე დოკუმენტზე ხელმოწერაზე პრეზიდენტის უარი უკვე პრობლემა აღარ იქნება — კანონის თანახმად, ამის გაკეთება შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარეს და მაშინ განახლებული კონსტიტუცია ძალაში შევა.

მთავარი თემები