23:38 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ქართული ოცნების ყრილობა

NDI: "ქართულ ოცნებას" მოსახლეობის 17%, ხოლო "ნაცმოძრაობას" 13% უჭერს მხარს

© Sputnik/ Levan Avlabreli
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
35 0 0

გამოკითხულთა 57%-მა არ იცის, თუ ვის დაუჭერს მხარს საპარლამენტო არჩევნებში.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარს მოსახლეობის 17%, ხოლო ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 13% უჭერს.

გამოკითხვა „საქართველოში საზოგადოებრივი აზრის“ კვლევის ფარგლებში 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 4 113-მა ადამიანმა მიიღო. ცდომილება 2,1%-ს შეადგენს.

ოპერის მომღერლისა და მეცენატის, პაატა ბურჭულაძის „მოძრაობას ”სახელმწიფო ხალხისათვის” ამომრჩეველთა 4% უჭერს მხარს, ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსს“ – 3%, ხოლო სხვა პარტიებს ჯამში ასევე 3%.

კითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 38%-ს პასუხი არ აქვს. რესპონდენტთა 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა. გამოკითხულთა 5% არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას.

კითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, თქვენი აზრით, რომელი პარტია ან გაერთიანება გაიმარჯვებს“, რესპოდენტების 39%-მა პასუხი ვერ გასცა. 36%-ის აზრით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გაიმარჯვებს, გამოკითხულთა 11% გამარჯვებას „ნაცმოძრაობას“ უწინასწარმეტყველებს, გამოკითხულთა 3% მიიჩნევს, რომ „მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ გაიმარჯვებს. ამდენივე პროცენტული მაჩვენებელი მოდის იმ ადამიანებზე, რომლებიც გამარჯვებას არც ერთ პარტიას არ უწინასწარმეტყველებენ. კითხვაზე პასუხი არ გასცა გამოკითხვაში მონაწილეთა 3%-მა.

კითხვაზე, „რომელ პარტიას არ დაუჭერდით არასოდეს მხარს“, 21%-მა „ნაცმოძრაობა“ დაასახელა, 19%-მა — „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“ 4%-მა, ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ 4%-მა, „პატრიოტთა ალიანსი“ 2%-მა და „რესპუბლიკური პარტია“ 2%-მა. კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა გამოკითხულთა 21%-ს, ხოლო პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა 8%-მა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად,  კითხვაზე „რომელი პარტიის შეხედულებაა თქვენთვის მისაღები“ გამოკითხულთა 19%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 15%-მა – „ნაცმოძრაობა“, „მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „პატრიოტთა ალიანსი“ – 5%-მა.

გამოკითხულთა 27%-მა განაცხადა, რომ არც ერთი პარტია არ გამოხატავს მის მოსაზრებას. გარდა ამისა, აღნიშნულ კითხვაზე 10%-მა არ იცის რომელი პოლიტიკური გაერთიანება გამოხატავს მის პოზიციას, ხოლო 4%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე.

შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტულ პარტიასა“ და ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებს“ მხარს რესპონდენტების 4-4% უჭერს მხარს, დანარჩენ პარტიებს ერთად კი 6%. გამოკითხულთა დიდ ნაწილს — 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას, 38%-ს კი გარკვეული აქვს თავისი დამოკიდებულება.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოსახლეობის დაახლოებით 67% არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, 33% კი უარს აცხადებს. მათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, 57% ხმას მისცემს იმ პოლიტიკურ პარტიასა თუ გაერთიანებას, რომელსაც მხარი დაუჭირა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. გადაწყვეტილება ჩამოყალიბებული არ აქვს 6%-ს, არ აპირებს მონაწილეობის მიღებას — 27% და პასუხზე უარი განაცხადა 4%-მა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ტარდება.

მთავარი თემები