07:59 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
291 0 0

„უსული“ 100 პროცენტით ნატურალური, ბუნებრივი კოსმეტიკის ბრენდია, რომელიც რაჭის მთებში შეგროვებული მცენარეებით მზადდება.

კოსმეტიკური საშუალებების დამზადება ორმა მეგობარმა, ხატია ლობჯანიძემ და ნანი კობახიძემ პანდემიის პერიოდში დაიწყეს და ცხოვრებისული გატაცება შემოსავლის წყაროდ აქციეს. უფრო დეტალურად ამ ყველაფრის შესახებ ხატია ლობჯანიძე მოგიყვებათ.

ხატია ლობჯანიძე
photo: courtesy of Khatia Lobdjanidze
ხატია ლობჯანიძე

- პროფესიით ჟურნალისტი ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე - მასმედიისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით, თუმცა ბავშვობიდან ვუყურებდი ბებოს საქმიანობას და ყოველთვის მქონდა ინტერესი, უფრო და უფრო მეტი გამეგო ამ უნიკალური ხელობის შესახებ. დალი ბებო ექიმ - კოსმეტოლოგია. მრავალწლიანი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილებით. სწორედ მან და მისმა ერთგულმა მომხმარებლებმა შემაყვარეს და მომცეს ბიძგი შემესწავლა ეს საგვარეულო ხელობა და გამეგო სილამაზის საიდუმლოებები. ნანი პროფესიით უფრო მიახლოვებულია ამ საქმიანობასთან, მაგრამ მრავალწიანი გამოცდილება ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში ჰქონდა, თუმცა ორივეს გვიტაცებდა სილამაზის და თავის მოვლის სფერო, რამაც გაგვაერთიანა და მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ შეგვექმნა ისეთი რამ, რაც საინტერესო და ამავდროულად კეთილდღეობის მომტანი იქნებოდა ადამიანებისთვის.

უსულის ნატურალური კოსმეტიკური საშუალება
უსულის ნატურალური კოსმეტიკური საშუალება

- დაწვრილებით მოგვიყევით, როგორც გაჩნდა „უსულის“ შექმნის იდეა და სახელწოდება რის მიხედვით შეურჩიეთ?

- პანდემიის პერიოდში თბილისიდან საცხოვრებლად რაჭაში გადმოვედით. ეს იყო საუკეთესო დრო, რომ ოცნება რეალობად გვექცია და დალი ბებოსგან საფუძვლიანად შეგვესწავლა როგორ შეგვექმნა სილამაზის ელექსირები. სინათლის სისწრაფით მოვიმარაგეთ ნედლეული, შესაფუთი მასალა, ძალიან სწრაფად შევისწავლეთ ქართულ ბაზარზე არსებული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით, მოვიფიქრეთ სახელი, შევქმენით სოციალური ქსელები (Facebook, Instagram, Linkedin, Youtube, Pinterest) და ასე არარაჭულად დაიბადა „უსული“ - სიყვარულით შექმნილი სილამაზის ელექსირები რაჭის მთებიდან.

რაც შეეხება სახელს, მთელი ამ აურზაურის პროცესში ყველაზე მეტი დრო დავუთმეთ მას. აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქართული და სიმბოლური კავშირი უნდა ჰქონოდა ჩვენ საქმიანობასთან, შესაბამისად ძიება სიტყვის კონადან დავიწყეთ და აღმოვაჩინეთ „უსული“, რომელიც ძველ ქართულად ლამაზს და მოხდენილს ნიშნავს და მივხვდით, რომ ეს იყო ის, რაც ჩვენ, ჩვენ ბრენდს და საქმიანობას ჭირდებოდა. ჩვენი სილამაზის ელექსირების მსგავსად მისტიური, საინტერესო, დახვეწილი და რაც მთავარია ქართულია.

უსულის ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები
უსულის ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები

- ბებიამ ვისგან ისწავლა კოსმეტიკის დამზადება და თავდაპირველად რა სახის კოსმეტიკას ამზადებდა?

- დაახლოებით 50 წლის წინ დალი ბებოს თავისმა გამზრდელმა ბიცოლამ შეასწავლა ეს უნიკალური ხელობა, რომელიც თავის მხრივ ამდენივე წელი ქმნიდა სილამაზის ელექსირებს. 50 წელია ბებო ზრუნავს რაჭველი ქალების სილამაზეზე და ამზადებს მკვებავ, ნაოჭების საწინააღმდეგო საცხებს, მათეთრებელს, გამწმენდ, დამატენიანებელ სახის ნიღბებს და სხვადასხვა სახის უნიკალურ სამკურნალო მალამოებს.

უსულის ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები
უსულის ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები

-  რა სახის კოსმეტიკას აერთიანებს „უსული“, როგორ  და სად მოიპოვებთ ინგრედიენტებს, რისგანაც კოსმეტიკას ამზადებთ?

- დღესდღეობით უსული გთავაზობთ ხელნაკეთ კოსმეტიკას, თავის მოვლის საშუალებებს და სამკურნალო მალამოებს, ესენია: დღისა და ღამის სახის დამატენიანებელი საცხი, თვალის საცხი, პრობლემური კანის საცხი, ტუჩის ბალმი, სახისა და ტანის კოსმეტიკური საპონი, თაფლის ნიღაბი, საპნის და ყავის სკრაბები, ტანის დასაბანი გელი, ტანის კარაქი, სახის სერუმი, მიცერალური წყალი, წვერის გასაპარსი ქაფი, მამაკაცის დამატენიანებელი საცხი, წვერის სერუმი, ჰერპესის, დამწვრობის, ძირმაგარის, ბუასილისა და ნაწოლების სამკურნალო მალამოები. ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც სერტიფიკატის მქონდე და ლაბორატორიულად შემოწმებული ნედლეულის რეალიზაციას ახდენენ, ასევე ვიყენებთ მთის მცენარეებს, რომელსაც ჩვენი ხელით ვაგროვებთ და შემდგომ ვამუშავებთ.

უსულის ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები
უსულის ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები

- ყველა პროდუქციას საკუთარი ხელით ამზადებთ?

- თითოეული ჩვენი პროდუქტი ხელნაკეთია და სიყვარულით დამუხტული, ზუნავს ადამიანების სილამაზეზე და მისი მოქმედებით გამოწვეული შედეგი უდიდეს სიამოვნებასა და ბედნიერებას ანიჭებს ჩვენს მომხმარებელს.

- რამდენად აზარტული და საინტერესოა კოსმეტიკის შექმნის პროცესი?

- სილამაზის ელექსირები - ასე ვუწოდებთ ჩვენ კოსმეტიკას და მათი შექმნის პროცესი იმდენად სასიამოვნო და აზარტულია, უდიდესი ენერგიით გვავსებს და საშუალებას არ გვაძლევს შევუშინდეთ რაიმე დაბრკოლებას, ან ფორსმაჟორს, თუნდაც ეს იყოს გლობალური მასშტაბის.

უაღრესად რთული პროცესია, თუმცა, ქმნიდე ასი პროცენტით ნატურალურ პროდუქციას, რომელიც ყოველდღიურად მომხმარებლის უდიდესი პოზიტივით გავსებს, ემოციების ზღვა, ენთუზიაზმი, საქმის უსაზღვრო სიყვარული და მომხმარებლის რაოდენობის ზრდა გავიწყებს ყველანაირ სირთულეს და სურვილი გიჩნდება შექმნა მეტი, უფრო ხარისხიანი და საინტერესო.

ნანი კობახიძე
photo: courtesy of Khatia Lobdjanidze
ნანი კობახიძე

- როგორც აღნიშნეთ თქვენი დამზადებული კოსმეტიკა მცენარეულია. როცა ადამიანი ალერგიულია, წინასწარ დაგიხართ მასთან კონსულტაციას, თუ ყველასთვის უსაფრთხოა?

- დიახ, უსულის პროდუქციას აქვს სხვადასხვა მცენარეული დანამატები თავისი ფუნქციიდან გამომდინარე, თითოეული მათგანი არის ანტიალერგიული, თუმცაღა ჩვენ მომხმარებლებთან მაინც გავდივართ კონსულტაციას, რადგან ზოგიერთი შესაძლებელია კონკრეტული, თუნდაც ნატურალური ნედლეულის მიმართ იყოს ალერგიული, ამიტომ საჭიროდ ვთვლით მისთვის  შემადგენლობის სრულად გაცნობას და  სხვა ინგრედიენტებით ჩანაცვლებას.

- გაზაფხულის პერიოდში ყველაზე ხშირად რა პრობლემებს აწყდებიან ქალბატონები და როგორ უნდა ებრძოლონ ამ პრობლემებს?

- კანი შედგება ორი ნაწილისგან, ეპიდერმისისა და დერმის ანუ კორიუმისგან, რომლებიც ერთიმეორისგან ბაზალური მემბრანით არიან გამიჯნული. ზამთარში ეპიდერმისის შრე ირღვევა, რომელიც კანს იცავს, რასაც იწვევს ცივი კლიმატი, მკვეთრად კლებულობს ვიტამინების რაოდენობა კანში, სამაგიეროდ იზრდება ალერგიულო ფონი, კანი ხდება გამომშრალი და იქერცლება, ამიტომ კანს გაზაფხულზე განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მზადება კი ზამთრის პერიოდიდან უნდა დავიწყოთ. აუცილებელია სწორად შერჩეული დამატენიანებელი საცხებისა და სახის ნიღბების გამოყენება. გაზაფხულზე სახლიდან გასვლისას აუცილებლად უნდა წავისვათ ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი დამატენიანებელი საცხი, რათა თავიდან ავიცილოთ ლაქებისა და ტალების წარმოქმნა.

- შეგიძლიათ ჩვენს მკითხველს რაიმე მარტივი, შინაური საშუალება ასწავლოთ სახის კანის მოსავლელად?

- სახლის პირობებში მარტივად შეგიძლიათ დაამზადოთ გამწმენდი და დამატენიანებელი ნიღბები: 1 ს/კ დაფქულ ჰერკულესს დაასხით გადადურებული 1 ს/კ წყალი, 1 ჩ/კ ზეითუნის, კაკლის ან ნებისმიერი მცენარეული ზეთი, 1 ჩ/კ თაფლი, კარგად აურიეთ და თხლად წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 10-15 წთ და ჩამოიბანეთ.

სახლის პირობებში ნაოჭებთან საბრძოლველად, ასევე, ძალიან ეფექტურია კვერცხის გამოყენება. 1 ც. კვერცხის გულს დავუმატოთ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი, 1 ჩ/კ თაფლი, ჩავაწუროთ მცირეოდენი ლიმნის წვენი, ავურიოთ კარგად და წავისვათ სახეზე, გავიჩეროთ 20 წთ და ჩამოვიბანოთ. სახის კანი გვექნება გაპრიალებული და გადატკეცილი.

 

მთავარი თემები