01:15 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (96)
142510

ოთხშაბათის ტრადიციულ რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ჰოლანდიაში მცხოვრებ სალომე მაღალაშვილს გაგაცნობთ.

ცხოვრება რომ განსაკუთრებულად რთული იქნებოდა მისთვის, თავიდანვე იცოდა, მაგრამ კომპრომისზე წასვლა არასოდეს უცდია. ჯანმრთელობის პრობლემის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ წარმატებისთვის მიეღწია: ერთ-ერთი რთული უცხო ენა კარგად აითვისა და პროფესიულ განვითარებაზეც იზრუნა.

დღეს მუდმივი კონტრაქტითაა დასაქმებული ამსტერდამის დასავლეთი ნაწილის მუნიციპალიტეტში, სადაც განყოფილების მენეჯერის ასისტენტია. ოჯახით ჰოლანდიის ქალაქ ჰაარლემში ცხოვრობს და, რაც მთავარია, საყვარელ ადამიანთან ერთად ძალიან ბედნიერია...

სალომე მაღალაშვილი
სალომე მაღალაშვილი

- სალომე, ნიდერლანდებში წასვლამდე როგორ ცხოვრობდით საქართველოში?   

- საქართველოში 1994 წლის ივლისამდე ვცხოვრობდი. ჩემთვის, როგორც სმენადაქვეითებულისთვის, მთავარი იყო, მესწავლა ჩვეულებრივ სკოლაში, სადაც ბავშვებს სმენის პრობლემა არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ეს ჩემი მშობლების გადაწყვეტილებაც იყო. დავდიოდი მთაწმინდაზე 47-ე საშუალო სკოლაში, სადაც ნიდერლანდებში წამოსვლამდე ვსწავლობდი. კლასში კარგი ბავშვები იყვნენ და დაქვეითებული სმენის გამო მათგან რაიმე პრობლემა არასოდეს შემქმნია. სკოლის მერე ჩემი ერთი კლასელი უახლოესი მეგობარი გახდა. მას შვილი მოვუნათლე და ერთმანეთთან დღესაც კარგი ურთიერთობა გვაქვს.

სალომე მაღალაშვილი
სალომე მაღალაშვილი

 - ჰოლანდიაში როგორ აღმოჩნდით?

- მამას, მსახიობ ზაზა მაღალაშვილს ჰოლანდიაში ჰყავდა მეგობარი, რომელმაც ურჩია, რომ სმენის პრობლემის გასაუმჯობესებლად და პირადი განვითარებისთვის ჩემთვის უკეთესი იქნებოდა ჰოლანდიაში მეცხოვრა. მამამაც ეს გზა აირჩია და აქ ჯერ თვითონ ჩამოვიდა, 1994 წლის აგვისტოში კი ჰოლანდიაში ჩამოგვიყვანა მე, დედა და ჩემი ძმა გიორგი, რომელიც მაშინ რამდენიმე თვის იყო.

სალომე მამასთან, მსახიობ ზაზა მაღალაშვილთან ერთად
სალომე მამასთან, მსახიობ ზაზა მაღალაშვილთან ერთად

 - ვიცი, რომ ჰოლანდიური ენა საკმაოდ რთულია, როგორ დაძლიეთ ეს სირთულე?

- აქ შემიყვანეს დაწყებით სკოლაში, სადაც მომამაგრეს ლოგოპედი, რომელიც გამოთქმაში მავარჯიშებდა. ძალიან მოვინდომე, სირთულე დავძლიე და ჰოლანდიური ენა შევისწავლე. ჰოლანდიური სახელმწიფო ენაა, რომლის გარეშე აქ წარმოუდგენელია არათუ განათლების მიღება, შემდგომი წინსვლა და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება. ამის მერე ინგლისურის სწავლაც დავიწყე.

სალომე მაღალაშვილი
სალომე მაღალაშვილი

- სანამ წარმატებას მიაღწევდით და საპასუხისმგებლო პოზიციაზე დაიწყებდით მუშაობას, რა ეტაპები გაიარეთ?

- ჰოლანდიაში დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი წელი სპეციალურ, სმენადაქვეითებულთა სკოლაში დავდიოდი. იქ გვასწავლიდნენ ჟესტ-მიმიკის საშუალებით როგორ უნდა დაგვემყარებინა კომუნიკაცია. რადგან ჩემი მიზანი იყო ამ მეთოდის გარეშე მქონოდა კონტაქტი ადამიანებთან, სახლში დამატებით ვსწავლობდი და მეტყველებაში ბევრს ვვარჯიშობდი, რაც არ იყო ადვილი. დღეს ვსარგებლობ საშუალო ზომის სმენის აპარატით, რისი მეშვეობითაც სამყაროსთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ამის გამო ძალიან კმაყოფილი ვარ. დავამთავრე ოთხწლიანი კოლეჯი, სადაც საწარმოთა ადმინისტრაციისა და საბუღალტრო საქმეთა მწარმოებლის დიპლომი ავიღე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სტაჟირება ჩემი პროფილით სხვადასხვა ორგანიზაციებში გავიარე.

სალომე მაღალაშვილი თანამშრომლებთან ერთად
სალომე მაღალაშვილი თანამშრომლებთან ერთად

- ვიცი, რომ მუდმივი კონტრაქტი გაგიფორმეს, რაც ჰოლანდიაში მარტივად არ ხდება...

- ახლა ვმუშაობ ამსტერდამის დასავლეთი ნაწილის მუნიციპალიტეტში, სადაც საკმაოდ დიდი განყოფილების მენეჯერის ასისტენტი ვარ. მუდმივი კონტრაქტი 2014 წლიდან გამიფორმეს, რაც ჩემთვის დიდი გამარჯვებაა. სანამ აქ შევიტანდი განაცხადს, არქივის ადმინისტრირების სერტიფიკატი ავიღე, რაც დამეხმარა კონკურსის წარმატებით გავლაში. თავიდან სამსახურში ორწლიანი საცდელი პერიოდით ამიყვანეს. მაკვირდებოდნენ, როგორი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით მივუდგებოდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს.

სალომე მაღალაშვილი
სალომე მაღალაშვილი

- კონკრეტულად რა შედის თქვენს ფუნქციებში?

- სხვადასხვა დავალებებს ვასრულებ; უფრო ხშირად მევალება ჩვენს კლიენტებთან ურთიერთობა, ელექტრონული ფოსტით მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. ამას გარდა, ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და სამსახურს დამოუკიდებლად ვერ შოულობენ, დასაქმებაში ვეხმარებით. ვეძებთ გზებს იმ ოჯახების ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ. ჩვენს განყოფილებაში ყოველ წელს შემოდის სხვადასხვა სახის პროექტები, რომლებშიც აქტიურად ვარ ჩართული. ხანდახან საჭიროა დამატებითი კურსების გავლაც, რაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად მჭირდება. სამსახურში სიარული მიხარია, რადგან იქ ძალიან კარგი ატმოსფეროა. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს საკუთარ სახლში ვარ.

სალომე მაღალაშვილი
სალომე მაღალაშვილი

- სალომე, როგორ ფიქრობთ, საქართველოში შეძლებდით ასეთი წარმატების მიღწევას?

- სიმართლე გითხრათ, საქართველოში ამდენს ნამდვილად ვერ შევძლებდი. ჩვენთან, როგორც ვიცი, სმენადაქვეითებულთათვის ასეთი პირობები არ არსებობს. ვგულისხმობ სამედიცინო მეთვალყურეობასა და სპეციალურ სწავლებას, განათლებას და პროფესიულ პრაქტიკას. ყველა ამ საფეხურის გავლა საქართველოშიც რომ იყოს შესაძლებელი, ალბათ ძალიან ბევრი ჩემნაირი ადამიანი ბედნიერი იქნებოდა.

- რომელი თვისებები გეხმარებათ რთულ სიტუაციებში?

- სისუსტეების დაძლევაში ყოველთვის მშველის და მეხმარება ჩემი დადებითი, პოზიტიური განწყობა. კიდევ ჩემი მებრძოლი ხასიათი – რთული საკითხის გადაწყვეტისას სანამ ბოლომდე არ მივიყვან საქმეს, თავს არ ვანებებ. ასეთ დროს სასიამოვნო განცდა მიჩნდება, რომ ეს ჩემი კიდევ ერთი, მორიგი გამარჯვებაა.

- ჰოლანდიაში ცხოვრებას თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ქართული მენტალიტეტის ადამიანებისთვის სირთულეებიც ახლავს...

- სიცოცხლით სავსე ამსტერდამში ცხოვრება ძალიან საინტერესოა. ეს ინტერნაციონალური ქალაქი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. მართალია, მჭიდროდ დასახლებულია, მაგრამ ტყე-პარკებითაა სავსე. მეგობრული ურთიერთობები საქართველოსგან განსხვავებულია, რაც, ვფიქრობ, გადატვირთული ცხოვრების რიტმითაა გამოწვეული. აქ მეგობრებისთვის ნაკლები დრო რჩებათ. ძირითადი პრიორიტეტებია სამსახური, ოჯახი და სპორტი. მონატრებულ მეგობრებს კი ერთი კვირით ადრე თუ არ შეუთანხმდით, ისე ვერ შეხვდებით. სამსახურში გავიცანი და დავმეგობრდი ორ ძალიან თბილ ადამიანთან, რომლებთანაც ოჯახებით ვმეგობრობთ.

- თქვენი ქართულ-იტალიური ოჯახი როგორ ცხოვრობს?

- მე მყავს უსაყვარლესი მეუღლე, ივანო მონტანინი, რომელიც წარმოშობით იტალიელია, ქალაქ ნეაპოლიდან. რაც მთავარია, გვყავს ლამაზი მარიტა, რომელიც წლისა და ორი თვისაა. რადგან ჩემი მეუღლე იტალიელია, ახლა იტალიურს ვსწავლობ. სანამ კარგად ვისწავლი, მანამდე ჩვენი სასაუბრო ენა ჰოლანდიურია. ჩვენ ვცხოვრობთ ამსტერდამთან ახლოს, ჩრდილოეთით არსებულ ძველ და ულამაზეს ქალაქ ჰაარლემში.

სალომე მაღალაშვილი ოჯახთან ერთად
სალომე მაღალაშვილი ოჯახთან ერთად

- სად გაიცანით ერთმანეთი?

- ივანო გავიცანი შვიდი წლის წინ ამსტერდამში, ერთ-ერთ ინტერნაციონალურ შეკრებაზე, სადაც ერთმანეთს ადგილობრივ ორგანიზაციებში დასაქმებული სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ჰოლანდიის მოქალაქეები ვხვდებოდით. მიუხედავად იტალიური ტემპერამენტისა, ივანო საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებულია. ის კეთილი, სტუმართმოყვარე და თბილი ადამიანია, ძალიან მოსიყვარულე მამა. აკეთებს უგემრიელეს იტალიურ კერძებს, რომელთა მომზადებას მისგან ვსწავლობ. სამაგიეროდ ჩემგან ქართულ სამზარეულოს ითვისებს, ხაჭაპურის გამოცხობა ვასწავლე. მაგიდზე პიცა და ხაჭაპური გვერდიგვერდ რომ იდოს, ის ხაჭაპურს აირჩევს, რადგან მასზე „ჭკუა ეკეტება“. ყოველ წელს ჩავდივართ როგორც თბილისში, ასევე ნეაპოლში, მის მშობლებთან, სადაც უდიდეს სიყვარულს და სითბოს ვიღებ. როგორც ქართველებისთვის, ასევე იტალიელებისთვისაც მთავარი ოჯახი და სანათესაოა.

სალომე მაღალაშვილი ქალიშვილთან ერთად
სალომე მაღალაშვილი ქალიშვილთან ერთად

- თქვენს ქვეყანაზე რას უყვებით ჰოლანდიელ მეგობრებს?

- როცა ჰოლანდიელი მეგობრები და ნაცნობები მეკითხებიან, როგორია საქართველო, ვუყვები მის ულამაზეს ბუნებაზე, უძველეს და საინტერესო კულტურაზე. ვეუბნები, რომ ქართველები დედამიწაზე ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხია, რომ ჩვენ ღვინის უძველესი ქვეყანა ვართ და უგემრიელესი და მრავალფეროვანი სამზარეულო გვაქვს. დიდი სიყვარულით ვიხსენებ თბილისს, სადაც დავიბადე და 12 წლამდე ვცხოვრობდი. ვიხსენებ მეზობლებს და ძველი თბილისის იტალიურ ეზოს, სადაც ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი, ჩემს საყვარელ ბებიას მზია კორინთელს, რომელიც თავდაუზოგავად ეხმარებოდა დედას ჩემს გაზრდაში. მენატრება ის დრო და თბილისი. როცა პანდემია გადაივლის, იმედი მაქვს, რომ იქ სამივე ერთად ჩავალთ...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (96)

მთავარი თემები