06:26 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (81)
266610

რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ექიმს ნათია ლეკიაშვილს გაგაცნობთ.

თერაპევტად გერმანიაში, ფრანკფურტთან არსებულ ევანგელისტური საავადმყოფოს (Evangelisches Krankenhaus Selters- Dierdorf) კარდიოლოგიურ განყოფილებაში მუშაობს. სამედიცინო უნივერსიტეტი თბილისში დაამთავრა, გერმანული ენაც საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტში შეისწავლა. წარმოშობით სიღნაღის რაიონიდან, სოფელ ქვემო ბოდბიდანაა. წერს ლექსებს და გამოცემული აქვს ლექსების ორი კრებული - "მე ჩემი გზა მაქვს" და „წავალ ალბათ". ამჟამად მუშაობს მესამეზე - „ლექსები რეცეპტით", რომელიც მალე გამოვა. პოეზიის გარდა უყვარს სიმღერა და უკრავს ფანდურსა და გიტარაზე. გერმანიაში 2015 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს. მის მიერ გავლილ პროფესიულ გზაზე და სულიერ განცდებზე თავად მოგვიყვება.

ნათია ლეკიაშვილი
ნათია ლეკიაშვილი

- ქალბატონო ნათია, საუბარი აქტუალური თემით დავიწყოთ: საქართველოში სისტემატურად ვიგებთ ამბებს ევროპაში არსებულ სიტუაციაზე. გერმანიაში რა ხდება?

- გერმანია მსოფლიოს ხუთეულში ისევ მეხუთე ადგილს იკავებს ვირუსის გავრცელების მხრივ, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ისევ დაბალია. ეს თავის დროზე შესაბამისი ზომების მიღებამ და დაცვამ განაპირობა. სანამ სხვა ქვეყნებში, მაგალითად, იტალიაში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, გერმანია უკვე იყო მზად მოსალოდნელი საფრთხისთვის. აქ მედიცინა და დიაგნოსტიკა ძალიან მაღალ დონეზეა, მოსახლეობას აქვს საყოველთაო დაზღვევა, კლინიკები საუკეთესოდაა აღჭურვილი, სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო დიდი რაოდენობის ხელოვნური სუნთქვის აპარატებია, რომელთა რიცხვიც გაორმაგდა. სრულიად შეიცვალა საავადმყოფოების შიდა განაწესი, დროულად გაკეთდა სპეციალური ინფექციის განყოფილებები, სადაც მხოლოდ დაინფიცირებული ან საეჭვო პაციენტებია განთავსებული. მოკლედ, გერმანიას უკვე აქვს იმის საშუალება, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან თვითმფრინავით გადმოყვანილ მძიმე ავადმყოფებს დახმარება გაუწიოს.

ნათია ლეკიაშვილი
ნათია ლეკიაშვილი

- გერმანელების კანონმორჩილება ცნობილი ამბავია. როგორც ადგილობრივ საავადმყოფოში მომუშავე ექიმი, რას იტყვით, როგორი პაციენტები არიან?

- დიახ, გერმანელები ძალიან კანონმორჩილები და ამასთან ფრთხილები არიან. მათ ძალიან უყვართ საკუთარი თავი და დიდხანს სიცოცხლის ამბიცია აქვთ. პატარა წვრილმანზეც შეუძლიათ ექიმთან წასვლა, რის გამოც ბევრ სხვა ქვეყანაში, თუნდაც საქართველოში, ხალხი არც წავიდოდა ექიმთან. დღევანდელი კარანტინის პირობებში ყველა წესს იცავენ და სახლში რჩებიან. ამის დასტურია ისიც, რომ თუნდაც ჩემს კლინიკაში კორონავირუსამდე ბევრად დიდი იყო მომსვლელი პაციენტების ნაკადი, ვიდრე დღეს. ახლა ცდილობენ, რომ მარტო მძიმე შემთხვევაში მიმართონ ექიმს და მაღალი წნევის, ფაღარათისა და კუჭის ტკივილის გამო აღარ მოვიდნენ, რათა დაიცვან საკუთარი თავი და სხვებიც ვირუსისგან.

ქართველების იმედიც მაქვს, როგორც აქედან ვაკვირდები, მათი უდიდესი ნაწილი საკმაოდ კარგად იქცევა. ექიმებისა და სახელმწიფოს შრომასაც ძალიან ვაფასებ. სხვათა შორის, ამ ექიმებიდან ბევრი ჩემი ლექტორი იყო და ისინი ახლა უფრო მეტად შემიყვარდნენ. შორიდან ყველას მოვიკითხავ და ვეფერები, გაძლებასა და ჯანმრთელობას ვუსურვებ.

ნათია ლეკიაშვილი
ნათია ლეკიაშვილი

- სამედიცინო განათლება ამ სფეროს პროფესიონალების დახმარებით შეიძინეთ, გერმანული ენის სირთულე როგორ დაძლიეთ?

- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2013 წელს დავამთავრე. 2014 წელს ჩავაბარე რეზიდენტურაში და 2015 წლის აგვისტოში სამი თვით გერმანიაში გავემგზავრე. გერმანია ბავშვობიდანვე ჩემი საოცნებო ქვეყანა იყო და, ვფიქრობ, ჩემს ხასიათს ძალიან შეეფერება, რადგან ძალიან პასუხისმგებლიანი ვარ და მიყვარს ყველაფრის ზედმიწევნით გაკეთება. არ მიყვარს ლოდინი და დაგვიანება, არც საქმის მიფუჩეჩება და ზედაპირულობა. ჩემმა ერთ-ერთმა უსაყვარლესმა ლექტორმა და ძალიან კარგმა ადამიანმა, ბატონმა ირაკლი ამირანაშვილმა, რომელიც დღეს საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარეა, მამაჩემს გერმანიაში ჩემი გაშვების იდეა მიაწოდა. რა თქმა უნდა, მეორე დღესვე გერმანულის მასწავლებლის ძებნა დავიწყე. მახსოვს, პირველ გაკვეთილზევე მინდოდა დამენებებინა თავი, რადგან ამ ენის სწავლა შეუძლებლად მომეჩვენა, მაგრამ არ შევეშვი და კერძო მასწავლებლიდან გოეთეს ინსტიტუტში გავაგრძელე სასწავლო კურსი. ისე მოხდა, რომ ჩემი მასწავლებლების წყალობით და ჩემი მონდომებით წელიწად-ნახევარში გერმანული C1 დონეზე ვიცოდი. ეს ის უმაღლესი დონეა, რომელიც ექიმებს გერმანიაში მოეთხოვებათ.

ნათია ლეკიაშვილი
ნათია ლეკიაშვილი

- გერმანულ კლინიკაში როგორ მოხვდით?

- 2015 წელს ჩამოვედი გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში, სადაც ქართველების ექვსკაციან ჯგუფში ექიმი მარტო მე ვიყავი. თან გვახლდა ჯგუფის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო აბრალავა, რომელიც პროფესორია და უნივერსიტეტში გერმანულის კათედრის ხელმძღვანელია. აქედან დაიწყო ყველაფერი. ბატონმა ირაკლი ამირანაშვილმა გამაცნო ჰოლანდიელი აგენტი, რომელიც უცხოელი ექიმების CV-ს უგზავნის ხოლმე გერმანულ კლინიკებს და თუ კლინიკას ექიმი მოეწონება, დაასაქმებს. გამომდინარე იქედან, რომ გერმანული ძალიან კარგად ვიცოდი, ჩემს CV-ს მოჰყვა დიდი გამოხმაურება ბევრი კლინიკიდან. პირველივე გასაუბრებაზე ვიყავი კლინიკაში, რომელიც ზაქსენის მიწაზეა, რომლის დედაქალაქი დრეზდენია. ასე რომ, გერმანიაში ჩასვლიდან სამ თვეში ლაიფციგის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ აკადემიურ სასწავლო საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა. კლინიკის შეფი ჯერ კიდევ გდრ-ის ეპოქაში აფხაზეთში იყო ნამყოფი და საქართველოთი აღფრთოვანებული, ის ძალიან დამეხმარა. მის სიტყვებს არასდროს დავივიწყებ: „თქვენ სიმპათიური, ინტელიგენტი ახალგაზრდა ქალი ხართ და ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენგან კარგი ექიმი შევქმნათ". კლინიკა დამეხმარა სამუშაო ვიზის მიღებაში და ბინაც მომცეს. ეს გერმანიაში ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ამჟამად ვმუშაობ უკვე მესამე კლინიკაში, რომელიც დასავლეთ გერმანიაშია. კლინიკაში მალე ავითვისე ყველაფერი და იმას მივაღწიე, რომ დღეს ყველა პატივს მცემს და მენდობა.

ნათია ლეკიაშვილი
ნათია ლეკიაშვილი

- ამბობენ, რომ გერმანიაში კომფორტის მოყვარული ხალხი ცხოვრობს...

- დიახ, ეს კომფორტისა და კარგი ცხოვრების მოყვარული ერია, მაგრამ ამ კომფორტს სხვას არ სთხოვენ, სხვისგან არ ელიან, თვითონ შრომობენ და თავად იქმნიან. გერმანელებზე ამბობენ, ცივები არიანო, ადრე მეც ასე მეგონა, რადგან ურთიერთობაში მოზომილები, თავშეკავებულები და დისტანციურები არიან. ემოციების მართვის დიდოსტატები - ზედმეტად არ გადაგიშლიან გულს, არც ზედმეტად გადაგყვებიან და ამას არც შენგან მოელიან. პაციენტებს სახლშიც დავუპატიჟივარ, დედასთან ერთადაც კი, როცა ჩამოსული იყო.

- ვიცი, საქართველოსთან სულიერი კავშირი არ გაგიწყვეტიათ და პოეზიას, თუ შეიძლება ითქვას, „შეეფარეთ“...

- საქართველოსთან სულიერი კავშირის გაწყვეტა წარმოუდგენელია. იმ ქართველს რა ვუთხარი, ვინც ფიზიკური კავშირის დროებითი გაწყვეტის გამო თავის სამშობლოსთან სულიერ კავშირსაც გაწყვეტს. საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელიც უცხოელებს ერთი ნახვით უყვარდებათ და ქართველებს როგორ არ უნდა გვიყვარდეს?! თუმცა, ვფიქრობ, მას ისე არ ვაფასებთ, როგორც საჭიროა. რაც შეეხება პოეზიას, არ ვიცი ჩემ დაწერილ ლექსებს სიტყვა "პოეზია" თუ შეეფერება, აქ ძალიან მოკრძალებული ვიქნები. ლექსებს დიდი ხანია ვწერ, აქ წამოსვლამდეც ვწერდი. თუმცა მათი ხასიათი, შინაარსი და მოტივი ემიგრაციამ თავისებურად შეცვალა. არის თვეები, როცა ვერაფერს ვწერ, მაგრამ არის დღეები, როცა სამი-ოთხი ლექსი დამიწერია. ჩემი ლექსების პირველი კრებული „მე ჩემი გზა მაქვს" ჩემი მასწავლებლის და სკოლის დირექტორის ხსოვნას მივუძღვენი...

ნათია ლეკიაშვილის ლექსების კრებული
ნათია ლეკიაშვილის ლექსების კრებული

- თქვენთვის რა მოაქვს პოეზიას?

- პოეზია ჩემთვის სულიერი მდგომარეობაა. ვიღაცისთვის სიმშვიდე ლოცვას მოაქვს, ჩემთვის ის ლექსიცაა. ამაზე დიდი სიამოვნება ჯერ არ განმიცდია. ჩემი ლექსების მეორე კრებული „წავალ, ალბათ" 2017 წელს გამოვიდა. ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, როგორც დღესაა ყველაფერი კარგად, მუდამ ასე იქნება, ამიტომ სხვის ტკივილზე არ ფიქრობენ და ხშირად სულს უკლავენ სხვას. სიკვდილზე ფიქრი დეპრესია არ არის, სიკვდილზე ფიქრი საჭიროა იმისთვის, რომ სხვის სიცოცხლესაც გავუფრთხილდეთ. ყოველდღე ვუყურებ იმას, თუ როგორ შეიძლება, რომ ერთ წამში სიცოცხლე სიკვდილში გადავიდეს. ამ ქვეყნიდან ყველანი წავალთ და სანამ წავალთ, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. იმედია, კორონავირუსი მალე დაგვტოვებს და მერე ჩემი ლექსების მომდევნო კრებული „ლექსები რეცეპტით" გამოვა, ის უკვე აკინძულია. კრებული ქველმოქმედებას მოხმარდება.

- ფანდური და გიტარა - მათ მაშინ უხმობთ, როცა მუზა დუმს?

- გიტარა სკოლის პერიოდში ვისწავლე. ფანდური - სტუდენტობისას. ჩემი მასწავლებლები, ნიჭიერი ადამიანები დათო კენჭიაშვილი და მიშა წითელაშვილი იყვნენ. სამედიცინოზე სწავლა დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ მუსიკას ბოლომდე ვერ გავყევი, მოყვარულის დონეზე ვიცი და ძალიან მიყვარს. გერმანიაში მარტოობის დროს გიტარამ ბევრჯერ მიშველა. ფანდური არ მაქვს და დიდი ხანია აღარ დამიკრავს, იმედია, მახსოვს. გიტარა ჩემთვის საუკეთესო თერაპიაა...

- საქართველოში მადლიან ადგილზე ხართ დაბადებული...

- დიახ, სიღნაღის რაიონიდან გახლავართ, ბოდბიდან. ჩემთვის ნამდვილად წმინდაა ეს სოფელიც და ის სახლიც, სადაც გავიზარდე. ზოგადად, საქართველო მადლიანი ქვეყანაა, კახეთი ჩემ თვალში განსაკუთრებულად დალოცვილი მხარეა, ქვეყნის მთავარი ღერძია. ვფიქრობ, საქართველოს ნებისმიერი კუთხის წარმომადგენელს მისი ადგილის სიწმინდე მიჰყვება ყველგან. მე იმ ადგილიდან ვარ, სადაც წმინდა ნინოს საფლავია, ალბათ ეს სინათლეა, რაც ჩემი ცხოვრების გზას ანათებს... მადლობა უფალს ყველაფრისათვის! ძალიან მაღიზიანებს ხოლმე ბევრი ქართველის ღვინით სავსე ყანწით გამოხატული პატრიოტიზმი. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ საქართველო საუკეთესოა, რადგან ბევრი ქვეყანა მინახავს და ვიცი, რომ ასე არ არის. მინდა ჩემი უთბილესი და ულამაზესი სამშობლო საუკეთესოზე საუკეთესო იყოს. მომავალში ჩემი საქმიანობის მანდ გაგრძელებას ვაპირებ. ვფიქრობ, ყველა ახალგაზრდამ უნდა ნახოს სხვა ცხოვრება, მიიღოს ხარისხიანი განათლება და მერე ისევ თავის ქვეყანას დაუბრუნდეს...

თემები:
ქართველები უცხოეთში (81)

მთავარი თემები