სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. მათ შემოქმედებით ნიჭს, ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია... უკვე მერამდენე ემიგრანტის წერილს გაცნობთ, ყველა მათგანის ამბავი გამორჩეული და განსხვავებულია, მაგრამ მათ საერთო ტკივილი და იმედი აერთიანებს.
„ათი წელია უცხო ცის ქვეშ ვხვდები ალიონს,
ხან ბარათაშვილს ჩავკირკიტებ, ხანაც ბაირონს,
ადრიატიკის ზღვის ცქერაში ჩაკვდა ოცნება,
არადა შავი ზღვაც მყოფნიდა გასაოცებლად.“
ამ სტრიქონების ავტორი, თამრიკო ცარციძე ემიგრაციაში უმაღლესი განათლების ორი დიპლომით ჩავიდა. თავის დროზე ჯერ ქუთაისის მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი, შემდეგ კი აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. წლების მანძილზე სკოლის პედაგოგი და სასწავლო ნაწილის გამგე გახლდათ.
„ზემო იმერეთში ბევრი კარგი სოფელიაო - ამბობდა დიდი აკაკი წერეთელი. მათ შორის არის მდინარე ფრონის პირას გაშენებული უმშვენიერესი სოფელი ჯალაურთა, სადაც დავიბადე და უზრუნველი ბავშვობა გავატარე. ის ტერიტორია, სადაც ახლა სოფელია გაშენებული, თამარ მეფის დროს, ჯარების საწვრთნელი ადგილი ყოფილა და სახელწოდებაც აქედან გამომდინარე უწოდეს. ჩემს სოფელს არა ერთ ლექსში ვახსენებ:
დაგელოცოს მადლიანი იმერული,
ნაზი ჰანგი დაფრქვეული სალამურთა,
შენს საკინძეს შეწყვეტილი ღილი ვარ და,
მარად გიხმობ ჩემო ტკბილო ჯალაურთა.
იმ მთის სოფელში ჩემი ბავშვობა დარჩა და ტკბილი მოგონებები დღემდე რომ გულს მითბობს.
ის სოფლის სახლი, ის კერა და მწვანეში ეზო,
კაფიად თქმული იუმორი, ბიძია რეზო,
სქელყდიან წიგნით ღამეების თენება თეთრად,
ხმამაღლა ვამბობ ის ბავშვობა მეძახის დღესაც.
ემიგრაციის გზის დასაწყისი თითქმის ყველა ქართველისთვის ერთნაირია. მიზეზიც ერთია-ეკონომიური სიდუხჭირე- სკოლის პედაგოგს, ორი სტუდენტის დედას და უსამსახუროდ დარჩენილი კაცის მეუღლეს, მომეჩვენა, რომ გამოსავალი აქ, უცხო ცის ქვეშ იყო... ბევრი ფიქრიანი და უძილო ღამის შემდეგ გადავწყვიტე ემიგრანტობით გადამერჩინა ოჯახის მომავალი. ასე გავიდა ათი წელი. ჩემს ქვეყანაში დარჩენილი არც ერთი ქართველი არ მემეტება ემიგრანტობისთვის. აქ ყოფნა იმდენს ვერაფერს გაძლევს, რასაც გართმევს. ფაქტიურად ოჯახების გადასარჩენად გავწირეთ თავი. თანამედროვე გმირები ვართ- მართლა ასეა. ვიცით, რომ ეს გზა ვერ მიგვიყვანს ტაძრამდე და მაინც მივდივართ წინ, უფლის იმედით. დღეებს სულ ფიქრში ვატარებ. დამიჯერეთ აქ ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებ და სინამდვილეში იქ, ჩემს ქვეყანაში და სახლში „ვარ“, იქ ვხედავ, იქ ვსაუბრობ, იქ მტკივა და როცა მჭირდება ვჩხუბობ კიდეც. მოკლედ, გაორებული ვარ და ამან ჯანმრთელობა შემირყია. გული მწყდება ჩემი ექვსი შვილიშვილი უჩემოდ რომ იზრდება. გული მტკივა 93 წლის დედას ჩემი მზრუნველი ხელი რომ აკლია, მას შვილი ახლოს სჭირდება. თებერვალში დაიბეჭდა ჩემი ლექსების კრებული „დედის ძახილი", რომელიც დედას მივუძღვენი.
უცხოეთში, ქართველისთვის პოეზია თავშესაფარია. ამბობენ,,,პოეზია ტკივილიაო" და მართალია- ყველა ლექსის წერის დროს ვტირი ხოლმე. გამოგიტყდებით და, ვერ შევეგუე აქაურ ცხოვრებას. თავს დღემდე მარტოსულად ვგრძნობ და რომ არა ინტერნეტი, არ ვიცი რა იქნებოდა. ალბათ აქ გატარებული წლები მთელი ცხოვრება მეყოფა მოსაყოლად...
დღე, რომელმაც შეცვალა ჩემი წარმოდგენა ამ ხალხზე დაბადების დღის მოულოდნელად მილოცვა იყო. ვერც წარმომედგინა, რომ ამ ოჯახის ბებიას ქალიშვილებმა ეს დღე იცოდნენ. ძალიან ლამაზი სიურპრიზი გამიკეთეს. სიხარულით არ ვიცი რა დამემართა. მთავარია, რომ მე, უცხოელი ასე დამაფასეს. მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, შიშისა და ენის ბარიერისა, ამ ქვეყნის, იტალიის, მადლობელი ვარ. მე აქ არავის მოვუწვევივარ, ჩემი ნებით დავდე საკუთარი თავი სამსხვერპლოზე. მათ კი მიმიღეს და საკუთარი თავის დამკვიდრებაში დამეხმარნენ. ახლა, როცა იტალიას მძიმე წუთებში უდგას, განვიცდი და უფალს ჩემს სამშობლოსთან ერთად მის გადარჩენასაც ვთხოვ- Forza Italia!-გაუმარჯოს საქართველოს!
ემიგრაციაში გატარებული ის ათი წელი სულის სიღრმემდე მტკივა, ეს ცრემლში და ფიქრში დაკარგული ათი წელია. მიუხედავად ჩემი დიდი მადლიერებისა ამ ქვეყნის მიმართ, მაინც დაკარგულად მიმაჩნია ეს წლები და ყველა ლექსი, რომელიც აქ ტირილით დაიწერა. როცა ლექსს რამდენჯერმე ვკითხულობ ხოლმე, მერე თითქოს ნუგეში მოდის, ზუსტად რა ქვია ამას ვერ ვხსნი.
ახლა, როცა მთელ დედამიწას მძიმე ჟამი უდგას, ქართველები მაინც ვახერხებთ ერთმანეთის გამხნევებას და მხარში დგომას. ხშირად ვეხმიანებით ერთმანეთს და ვამბობთ, რომ ამ ხალხსაც და ჩვენს სამშობლოსაც დღეს ვჭირდებით. ახლა ომია, გმირებს კი უკან დახევა არ სჩვევიათ. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ მივატოვეთ ეს მოხუცები, ამას იტალიის მთავრობაც ხედავს და გვიფასებს კიდეც. ახლა ჩემი ოცნება ამ ომში გამარჯვება და სამშობლოში დაბრუნებაა. იქ ექვსი ანგელოზი შვილიშვილი მელოდება და მათ ნამდვილ ქართველებად გაზრდაში მეც მინდა, რომ მივიღო მონაწილეობა...