„ღმერთს ჩემთვის რკინის კი არა თუჯის ნერვები მოუცია“ - ქართველი საოპერო მომღერალი მილანში

გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ნიჭიერ საოპერო მომღერალს ლია ჯაშს გაგაცნობთ, რომელიც იტალიური ოპერის გულში მილანში მოღვაწეობს.

იტალიამდე მის ცხოვრებაში იყო ბათუმური პერიოდი, როდესაც 2002-დან 2015 წლამდე მუსიკალური ცენტრის სოლისტი იყო და საოპერო დასში ყველა მთავარ პარტიას ასრულებდა. ამას გარდა ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო კოლეჯში ახალგაზრდა მომღერლებს 15 წელი ასწავლიდა და არაერთი წარმატებული სტუდენტი ჰყავს აღზრდილი.

ბათუმის მერე იტალიური სკოლა გაიარა. მილანში სტაჟირებზე პირველად 2011 წელს ჩავიდა. ასპირანტურაში სწავლისას არაერთ ცნობილ იტალიელ მაესტროსთან კიდევ უფრო დიდი გამოცდილება შეიძინა და დღეს მსოფლიოს განთქმულ სცენაზე არაერთ წამყვან საოპერო პარტიას ასრულებს. სამომავლოდ მომღერალი საქველმოქმედო კონცერტების გამართვას აპირებს...

© photo: courtesy of Lia Jashiლია ჯაში
„ღმერთს ჩემთვის რკინის კი არა თუჯის ნერვები მოუცია“ - ქართველი საოპერო მომღერალი მილანში - Sputnik საქართველო
ლია ჯაში

- ქალბატონო ლია, ახლა სად ხართ, როგორია სიტუაცია თქვენ გარშემო და როგორი განწყობა გაქვთ?

- ამჟამად ვიმყოფები მილანში, სადაც სიტუაცია თანდათან მშვიდდება. იტალიაში დაუღალავად ებრძვიან ეპიდემიას. მადლობა უფალს, რომ მე არ შემხებია, რადგან ვფრთხილობდი და თავს ყველანაირად ვიცავდი. იმედია, მალე დასრულდება ეს ქაოსი და ადამიანები მთელ მსოფლიოში ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდებიან.

© photo: courtesy of Lia Jashiლია ჯაში
„ღმერთს ჩემთვის რკინის კი არა თუჯის ნერვები მოუცია“ - ქართველი საოპერო მომღერალი მილანში - Sputnik საქართველო
ლია ჯაში

- საოპერო მოღვაწეობა ბათუმში დაიწყეთ და მილანში აგრძელებთ...

- მილანში პირველად 2011 წელს ჩამოვედი სტაჟირებაზე. გავიარე კასტინგი და ვერდის "ტრავიატაში" ვიოლეტას პარტიაზე ამიყვანეს. იმავე წელს მილანში ომნის თეატრში ვიმღერე. მაშინ მილანის ვერდის სახელობის კონსერვატორიაში პროფესორმა ჯენი ანველტმა მომისმინა და ასპირანტურაში ჩაბარება შემომთავაზა. შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და აქ ოჯახი შევქმენი. გარკვეული დროის მერე პირადი ტრაგედიების გადატანა მომიწია, თან ჯანმრთელობაც შემერყა - ძლივს გადავურჩი სიკვდილს. ჩემი ახალშობილის დაღუპვას მამის უეცარი გარდაცვალებაც მოჰყვა და სიმღერის ყოველგვარი სურვილი დამეკარგა...

© photo: courtesy of Lia Jashiმეუღლესთან ერთად
„ღმერთს ჩემთვის რკინის კი არა თუჯის ნერვები მოუცია“ - ქართველი საოპერო მომღერალი მილანში - Sputnik საქართველო
მეუღლესთან ერთად

- როგორ გადალახეთ რთული პერიოდი?

- ადამიანი, ვისი წყალობითაც ეს გადავლახე, გახლდათ ჩემი მეუღლე, რომელიც მხარში ამომიდგა იმ იმედით, რომ როგორმე გამოვფხიზლებულიყავი. ყოველდღე მახსენებდა, რომ უნდა დავბრუნებოდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მისი შეძახილები ჩემთვის სტიმული გახდა... იტალიის საელჩომ მილანში ასპირანტურაში მიწვევის საბუთები აღმიდგინა, რის გამოც მათი დღემდე მადლობელი ვარ. 2015 წლის 31 აგვისტოს ასპირანტურაში ჩასაბარებლად საქართველოდან მილანში მუსიკალური ცენტრის სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილებით წამოვედი. იტალიური ენის გამოცდაში არასაკმარისი ქულების გამო საბუთები მილანის კლაუდიო აბადოს სახელობის კლასიკური მუსიკის ინსტიტუტში გადავიტანე.

© photo: courtesy of Lia Jashiუცხოელ ხელოვანებთან ერთად
„ღმერთს ჩემთვის რკინის კი არა თუჯის ნერვები მოუცია“ - ქართველი საოპერო მომღერალი მილანში - Sputnik საქართველო
უცხოელ ხელოვანებთან ერთად

- ცნობილ მაესტროსთან როდის მოხვდით?

- სპეციალიზებული ასპირანტურის ორწლიან კურსზე პროფესორ ადელიზა ტაბიადონის საოპერო კლასში ჩავაბარე. მართლა ძალიან გამიმართლა, რომ ამ გამოჩენილი იტალიელი მომღერლის საოპერო კლასში მოვხვდი. პირველ კურსზე ჩარიცხვისას საქართველოდან ველოდებოდი დაფინანსებას, რომელსაც მუსიკალური ცენტრიდან და სამინისტროდან დამპირდნენ. თუმცა როდესაც ამოიწურა ფულის შეტანის ვადა, უარი მივიღე. ისევ უკან დაბრუნება მიწევდა, მაგრამ კეთილი ადამიანები არ ილევიან ამ ქვეყნად და მათი წყალობით ისევ აქ დავრჩი.

© photo: courtesy of Lia Jashiგაკვეთილები მაესტრო მარკო ბარეტასთან
„ღმერთს ჩემთვის რკინის კი არა თუჯის ნერვები მოუცია“ - ქართველი საოპერო მომღერალი მილანში - Sputnik საქართველო
გაკვეთილები მაესტრო მარკო ბარეტასთან

- რომელი პიროვნული თვისება გეხმარებათ ცხოვრებაში?

- როგორ გითხრათ, ცხოვრებაში მეხმარება ისეთი თვისებები, როგორიცაა სიმშვიდე, პროფესიონალიზმი, ძალიან დიდი ნებისყოფა, თავშეკავების უნარი... ხშირად მითქვამს, რომ ღმერთს ჩემთვის რკინის კი არა თუჯის ნერვები მოუცია-მეთქი. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე, ამაყად გეტყვით, რომ სადაც წავედი, ყველაფერს საკუთარი პროფესიონალიზმის წყალობით მივაღწიე. დიდი მოთმინების უნარი მაქვს, მაგრამ თუ ვხედავ, რომ ვიღაც ზღვარს გადადის, არ ვპატიობ. კიდევ, სიყალბის მოთმენა არ შემიძლია, რას ვიზამთ, ჰოროსკოპით მორიელი ვარ...

- რომელი იტალიური თვისება ან ტრადიცია გაითავისეთ და რომელ ქართულ ტრადიციას ვერ ღალატობთ?

- იტალიაში ძალიან კარგი ტრადიციები აქვთ და მე მომწონს ისინი. ადრე ფილმებში მინახავს, ახლა თავად დავრწმუნდი, რომ იტალიელები ოჯახის წევრების წინ არავის აყენებენ. ოჯახი მათთვის ციხე-სიმაგრეა. ძალიან ყურადღებიანი ხალხია და ხასიათით ქართველებს ჰგვანან. რასაც ვერ შეველევი, ეს ალბათ ქართული ტრადიციული სამზარეულოა. მათ თავიანთი მოსწონთ, მე ჩემი ქართული. თუმცა ჩვენი კერძებიც მოსწონთ. ერთხელ, მახსოვს, მე და ჩემი მეუღლე ახალი ჩამოსულები ვიყავით და აკადემიას ვეძებდით. ქუჩაში მდგომ ჩვეულებრივ მოქალაქეს ვთხოვეთ, მიესწავლებინა. უცნობი დაინტერესდა საიდან ვიყავით, როდესაც ვუპასუხეთ, რომ ქართველები ვართ, სასწაული სიხარულით დაიწყო ემოციის გამოხატვა - მე იტალიელი ვარ, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ ქართველებს ნომერ პირველი სამზარეულო გაქვთ მსოფლიოშიო. მისი სიტყვები ისე გაგვიხარდა, რომ მხრებში ამაყად გავიმართეთ. ეს ხომ მარტო კერძები არ არის, სამზარეულოში ქართული ხასიათი და ტრადიციებიც ჩანს.

- თითქმის ყველა ემიგრანტი ამბობს, რომ შორიდან სხვაგვარად ჩანს ჩვენი ქვეყანა. თქვენთვის როგორია შორიდან აღმოჩენილი და დანახული სამშობლო?

- შორიდან დანახული სამშობლო ერთი დიდი სიყვარულია. სადაც უნდა იყო, რა წარმატებულიც, საკუთარი სახლი და სამშობლო მაინც სულ სხვაა. მით უმეტეს ჩემთვის, რადგან მართლა დიდი პატრიოტი ვარ. ვისურვებდი, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო გახდეს. თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა პატარა საქართველომ პანდემიასთან ბრძოლაში ისეთი პროფესიონალიზმი გამოიჩინა, რომ ევროპის უძლიერეს ქვეყნებს აჯობა და ეს ფაქტი მახარებს. ვხედავ, რომ სოციალურ ქსელებში დღეს ბევრი ითხოვს დახმარებას. მომავალში ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩავატარო საქველმოქმედო კონცერტები, რითიც მცირედით მაინც დავეხმარები მათ, ვინც ავადაა. რა თქმა უნდა, ამას ორგანიზება და ხელშეწყობა სჭირდება.

- ერთი სიმღერით რომ შეგეძლოთ ახლანდელი ემოციის გამოხატვა, რომელს შეარჩევდით?

- ალბათ ვიმღერებდი არჩილ კერესელიძის „ვედრებას“, ღვთისმშობელს ადამიანების გადარჩენას შევავედრებდი...

 

ყველა ახალი ამბავი
0