„სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ ნიკოლაი ბერდიაევის მოსაზრებებს. ბერდიაევი (1874-1948) — რუსი რელიგიური და პოლიტიკური ფილოსოფოსი, მოაზროვნე, რომელმაც ქრისტიანული ხედვის ეგზისტენციალიზმის მოთხოვნილებებთან მიახლოება სცადა. მის ნაშრომთაგან აღსანიშნავია: „შემოქმედების არსი" (1916 წ.); „სული და თავისუფლება" (1934 წ.); „ხუთი მოსაზრება არსებობის შესახებ" (1936 წ.) და სხვა.
რუსი ფილოსოფოსი ნიკოლაი ბერდიაევი
© photo: Sputnik
/ • თუ თქვენ არ აღასრულებთ სიმართლეს და ამახინჯებთ მას, დამნაშავე თქვენ ხართ და არა სიმართლე.
• აჯანყებულ მასებს თავისუფლება არ სჭირდებათ, ის მათთვის უინტერესოა; მათ არ შეუძლიათ თავისუფლების ტვირთის გაძლება.
• შურისძიების გრძნობა — მონის გრძნობაა. დანაშაულის გრძნობა — ბატონის გრძნობა.
• ქრთამი — ყველა დროის ყველაზე ქმედითი რუსული კონსტიტუციაა.
• ადამიანი იმიტომ არის მონა, რომ თავისუფლება ძნელია, მონობა — ადვილი.
• თავისუფლება — ესაა უთანასწორობის უფლება.
• მონების აჯანყება ყოველთვის მონობის ახალ ფორმებს ქმნის.
• ყველას ნების შეჯამებით საყოველთაო ნებას ვერ მიიღებ.
• ვერაფერი დაამახინჯებს ადამიანის ბუნებას ისე, როგორც მანიაკალური იდეები. თუ ადამიანს შეიპყრობს იდეა, რომ მთელი მსოფლიო ბოროტება ებრაელებში, მასონებში, ბოლშევიკებში, ერეტიკოსებში, ბურჟუაზიაშია და სხვა, ყველაზე კეთილი ადამიანი ველურ ცხოველად იქცევა.
• …ბრძოლა პიროვნების რეალიზაციისთვის მტკივნეულია. ტკივილის თავიდან არიდება შესაძლებელია, თუ პიროვნებაზე უარს იტყვი. და ამას ადამიანი ძალზე ხშირად აკეთებს.
• უყვართ უმიზეზოდ… ცხოვრების უდიდესი საიდუმლო იმაში იმალება, რომ კმაყოფილებას იღებს მხოლოდ ის, რომელიც გასცემს და მსხვერპლად სწირავს თავს და არა ის, რომელიც ითხოვს და შთანთქავს. ყველანაირი შემოქმედება სიყვარულია…
• ცოდნა იძულებითია, რწმენა — თავისუფალი.
• პიროვნება მარტოობაში იბადება.
• ადამიანებმა და ადამიანთა მთელმა ჯგუფებმა, მთელმა ხალხებმა მოარგეს ქრისტიანობა, ისევე, როგორც ყველა სხვა რელიგია, თავის დონეს და ღმერთის სახეზე აღბეჭდეს საკუთარი სურვილები და ამ სახეს თავისი შეზღუდულობა დაადეს.
• სიყვარული მთაგრეხილია და არა მოსწორებული დაბლობი… სიყვარულს დაბლობში ვერ დააკავებ, ის კვდება და სხვა რამედ იქცევა… სიყვარულში არაფერია სტატიკური… სიყვარული — ეს ფრენაა, რომელიც ყოველგვარ წესრიგს ანგრევს.
• ქალი მონობისკენ არის მიდრეკილი და ამასთან, დამორჩილებისკენ.
• ჯოჯოხეთი იმისთვის კი არ არის საჭირო, რომ ბოროტმა სულებმა საკადრისი მიიღონ, არამედ იმიტომ, რომ სამოთხეში იძულებით გამწესებულ ადამიანზე სიკეთით არ იძალადონ.
• ქალისა და მამაკაცის სიყვარულს შორის დიდი განსხვავებაა; განსხვავება მოთხოვნებსა და მოლოდინებს შორის. მამაკაცის სიყვარული ნაწილობრივია, ის მთელ არსებას არ მოიცავს. ქალის სიყვარული უფრო მთლიანია. ქალი შეპყრობილი ხდება. ამაშია ქალის სიყვარულის სასიკვდილო საშიშროება.
• სიყვარული ცხოვრების ინტიმურ-პირადული სფეროა, რომელშიც საზოგადოება ვერ ერევა… როდესაც საუბარია ორის სიყვარულზე, ნებისმიერი მესამე — ზედმეტია… სიყვარული მუდამ არალეგალურია. ლეგალური სიყვარული — მკვდარი სიყვარულია. ლეგალურობა მხოლოდ ყოველდღიურობისთვისაა, სიყვარული კი ყოველდღიურობის ჩარჩოებს სცდება. სამყარომ არ უნდა იცოდეს, რომ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს…
• სახელმწიფო არსებობს არა იმისთვის, რომ დედამიწაზე სამოთხე იყოს, არამედ იმისთვის, რომ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არ იყოს.
• დაე, არ ვიცოდე ცხოვრების აზრი, მაგრამ აზრის ძიება ცხოვრებას უკვე აძლევს აზრს.
• სასწაული რწმენიდან უნდა მოდიოდეს და არა რწმენა — სასწაულიდან.