"სიბრძნის სიმფონია" დღეს წარმოგიდგენთ მიგელ დე უნამუნოს (1864—1936) — ესპანელ ესეისტს, ნოველისტს, პოეტს, დრამატურგსა და ფილოსოფოსს.
უნამუნოს ფილოსოფიის ცენტრალური პრობლემა პიროვნების სულიერი ცხოვრებაა.
• დიახ, ყველა მოვლენასა თუ ბედის ტრიალში ჩვენთვის ჩვეული სევდისა და მხიარულების საზრდოს ვეძებთ მხოლოდ და მხოლოდ. ერთი და იგივე შემთხვევა შეიძლება სევდიანიც იყოს და სიხარულის მომგვრელიც; ყველაფერი თანდაყოლილ მიდრეკილებებზეა დამოკიდებული.
• ნეტავი კნინობით სახელებს სიყვარულის ნიშნად რად მიიჩნევენ?.. განა სიყვარული სიყვარულის საგანს აკნინებს? შეყვარებული ვარ!.. იქნებ მართლაც დაბადებიდან ვარ შეყვარებული? თითქოს ასეცაა, სიყვარულის გრძნობა წინ უსწრებს სიყვარულის ობიექტს; უფრო მეტიც, სწორედ ჩემმა სიყვარულმა შვა ეუხენია, გამოიხმო იგი პირველქმნილი ბურუსიდან… მაინც რა არის სიყვარული? ვინ განსაზღვრა მისი არსი? სიყვარული რომ განსაზღვრო, კიდეც გაქრება… ეეჰ! გაცნობა უფრო გვიან ხდება ხოლმე. სიყვარული წინ უსწრებს გაცნობას. გაცნობა კი სიყვარულს კლავს… რა არის საჭირო სიყვარულისთვის? დანახვა! დანახვა სიყვარულის ინტუიციაა. დანახვა ბურუსში! მერე ყველაფერი ზუსტდება, ნათდება, ბურუსი იფანტება, იშლება წვეთებად, სეტყვად, თოვლად ანდა ქვებად. ცოდნა ქვების სეტყვაა. არა, არა, ბურუსია, ბურუსი!
• მიყვარს, მაშასადამე ვარსებობ! ეს სიყვარული მადლიან წვიმას ჰგავს… სიყვარულის წყალობითაა, რომ ვეხები და შევიგრძნობ ჩემ სულს. სული პირდაპირ შუაგულში ამტკივდება ხოლმე, ეს ხომ სიყვარულის წყალობითაა… და განა თვით სული სიყვარული არ არის, განსახიერებული ტანჯვა არ არის? მიდიან და მიდიან დღეები, სიყვარული კი რჩება.
• მასთანაც ვიცრუე და საკუთარ თავთანაც. მუდამ ასეა! ყველაფერი ფანტაზიაა და მეტი არაფერი. კაცი რომ ლაპარაკობს — ცრუობს, მაშინაც კი ცრუობს, როცა საკუთარ თავთან ლაპარაკობს… ფიზიოლოგიური სიცოცხლის გარდა სხვა ჭეშმარიტება არ არსებობს. სიტყვა საზოგადოების პროდუქტია და სიცრუისთვისაა შექმნილი…
• ჩვენ ხომ მარტო იმას ვიქმთ, რომ ჩვენ ჩვენ როლს ვთამაშობთ. ყველანი პერსონაჟები ვართ, ნიღბები, კომიკოსები! არც ერთი ისე არ იტანჯება ან უხარია, როგორც ამბობს და გამოხატავს, თუმცა შეიძლება კი ჰგონია, რომ ასევე უხარია ან იტანჯება; არა, არა, თორემ სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. სულის სიღრმეში კი რარიგად მშვიდად ვართ…
• ეჭვიანობა? ალბათ, სიყვარული ეჭვიანობასთან ერთად იბადება, სიყვარულს მხოლოდ ეჭვიანობა ავლენს. როგორც არ უნდა უყვარდეს ქალს მამაკაცი, ანდა მამაკაცს ქალი, ისინი ამას მანამდე არ შეიგრძნობენ, და არც თავს უტყდებიან, ანდა, ასე ვთქვათ, ერთმანეთი სინამდვილეში მანამდე არ შეუყვარდებათ, სანამ კაცი არ შეამჩნევს, რომ ქალი სხვა მამაკაცს უყურებს და ქალი არ დაინახავს, კაცი სხვა ქალს უყურებსო. შეუძლებელია, ამქვეყნად მარტო კაცს და მარტო ქალს, საზოგადოების გარეშე, ერთმანეთი შეუყვარდეთ, იმაზე აღარას ვიტყვი, რომ ყოველთვის საჭიროა მესამე…
• რასაც სიბრტყეში მოიგებ, იმას სიღრმეში წააგებ.
• დამიჯერე, გრძნობა გაცილებით უფრო საიმედო წინამძღოლია, ვიდრე ეგრეთ წოდებული სარგებელი. ადამიანმა ბევრად უკეთესად იცის, რას გრძნობს, უყვარს თუ სძულს და ბევრად უარესად, რა არის მისთვის სასარგებლო…
• იცხოვრეთ ისე, რომ სიკვდილი თქვენთვის უმაღლესი უსამართლობა იყოს.
• ადამიანი შესაძლებლობების მწვერვალს მაშინ აღწევს, როცა მიუღწეველს უმიზნებს.
• ცოლის შერთვა სულ არ არის ძნელი, ძნელი ცოლიანობაა.
• ნუ გამოივსებთ თავს იმით, რაც ჯიბეშიც კარგად თავსდება! — ნუ გამოივსებთ ჯიბეებს იმით, რაც თავშიც კარგად თავსდება.