03:21 13 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი

ტოტალური აზროვნების სიმარტივე და ტყუილში ჩამალული უდიდესი სიმართლე

© courtesy of Merab Mamardashvili Foundation
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
სიბრძნის სიმფონია (40)
11984290

ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება, იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არ მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა, მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!

"სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ უდიდეს ქართველ მოაზროვნეს, ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილს (1930-1990).

მამარდაშვილმა 1954 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1968-1987 წლებში იყო სამეცნიერო ჟურნალის "ვოპროსი ფილოსოფიი" მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

1987-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

• თქვენ, ალბათ, ვერ წარმოიდგენთ, რა მიმზიდველი და დამარწმუნებელია ტოტალიტარული აზროვნების სიმარტივე. ის თხევადი საწამლავივითაა, რომელიც ბევრად უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე ცენზურა თუ ავტორების დევნა. ის შიგნიდან გღრღნის. ის შიგნიდან იჭრება ტვინში და ეს ძალზე მომხიბლავია. რეალურად გიზიდავს. საიდან მოდის ეს ხიბლი? იქიდან, რომ ასეთი აზროვნება ნებას იძლევა, თავი ჭკვიანი გეგონოს, დაიჯერო, რომ ყველაფერი გესმის, თავზე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ზოგადად ადამიანი ზარმაცია, ამიტომ ის სპონტანურად უერთდება იმას, რაც მას ჰპირდება, რაღაცად გაგხდიო, ყოველგვარი მუშაობისა და მუყაითობის გარეშე. ამ ცდუნებამ კარგი ნაყოფი გამოიღო როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე სხვაგანაც.

• ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება, იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არ მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა, მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!

• ადამიანი აღზრდის ობიექტი კი არ არის, არამედ ადამიანი არის განვითარების სუბიექტი.

• შეგიძლია ისე მოკვდე, რომ არასოდეს აღმოაჩინო, რა იყო შენი გრძნობა. ეს შენი გრძნობა იყო, შენი, მაგრამ ის ვერ იგრძენი; ფიქრი შენი იყო, მაგრამ შენ ის ვერ იფიქრე; გამოცდილება შენი იყო, მაგრამ ამ გამოცდილებიდან აზრი ვერ გამოიტანე. ასე და ამგვარად, გამოცდილება მეორდება, თითქოს შენი ცხოვრება მარადიულად ღეჭავს ერთსა და იმავე ნაჭერს ისე, რომ ვერც ერთხელ ვერ გადაყლაპა იგი…

• ყველაზე დიდი ტყუილი შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად სიმართლე, ნათქვამი ისეთ სიტუაციაში, როცა მისი დაჯერება შეუძლებელია…

• ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავად გაირბინონ აზრის დასაწყისსა და დასასრულს შორის არსებული შინაგანი სივრცე. გრძნობები უნდა დაკრისტალდეს ზოგადკაცობრიულობამდე. უნდა გარდავიქმნათ შიგნიდან და არა გარედან. არ შეიძლება ადამიანს გარედან მიენიჭოს ღირსების, სინდისისა და პატიოსნების გრძნობა.

• ყველაზე საშიში მტერი ჩვენ გარეთ კი არ არის, არამედ ჩვენშია ჩაბუდებული.

• ჩემთვის დამოუკიდებლობა პირველი და აბსოლუტური, სადღეისო მიზანია. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ დამოუკიდებლები ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ დავინახოთ ჩვენი თავი და შევქმნათ სიტუაცია, სადაც ჩვენი რეალური პრობლემები გამოჩნდება. ამ პრობლემის გადაწყვეტის პირობა კი შინაგანი განთავისუფლებაა. ე.ი. ჩვენ გვჭირდება განთავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპისაგან.

• ჩვენ იმდენ ხანს ვთვლემდით, ისე გავიყინეთ, რომ დღეს ხელახლა უნდა ვისწავლოთ სიცოცხლის გარჩევა სიკვდილისგან, ოცნებისა – რეალობისგან. ქართველებმა უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, განდევნონ უვიცობა და ისტორიული წყვდიადი მათ ზნეში, საქმიანობაში რომ დაგროვდა. საბჭოურად დაპატარავებულებმა დავკარგეთ პოლიტიკის შეგრძნების უნარი, აღარ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ რთულ საზოგადოებაში.

• ბევრჯერ ვყოფილვარ მოწმე, ძლიერნი ამა სოფლისანი სახელმწიფოს, ნაციისა და საზოგადოების სახელით როგორ თრგუნავენ აზროვნებას. სომხების, ოსებისა და აფხაზების ღირსების დაცვა – შენი, ქართველის ღირსების დაცვაა. მე მათთან ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, არავის აქვს უფლება ამით ჩემში ქართველობის გრადუსი გაზომოს.

• არ შეიძლება არსებობდეს ეროვნული იდეალი, თუ მასში ჩადებული არ არის ადამიანის თავისუფლება.

• ჩვენ გვჭირდება გათავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპებისგან.

• მტრის ხატი — ესაა დამანგრეველი ფსიქიკური ძალა იმიტომ, რომ მტერი კი არ იწვევს ეჭვს, ეჭვი შობს მტერს. ეჭვი ჯერ უსაგნოდ არსებობს. ეჭვი ჩემი უძლურებაა — მე მეშინია ყველაფრის, როცა უძლური ვარ. მტერი არის განსხეულება იმისა, რაც ჩემშივეა ფესვგადგმული, როგორც უძლურება.

• ფილოსოფია — ესაა განსჯა სიკვდილის შესახებ.

• სწორედ იმიტომ, რომ არ შეგვიძლია ვიყოთ ღმერთები, შეგვიძლია ვიყოთ ზნეობრივი, სწორედ იმიტომ, რომ არის დანაშაულის სისავსე, შეგვიძლია ვიყოთ პასუხისმგებლებიანი, ესე იგი, თავისუფალი.

• არჩევანის პრობლემას თავისუფლების პრობლემასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თავისუფლება — ეს ფენომენია, რომელსაც ადგილი აქვს იქ, სადაც არანაირი არჩევანი არაა. თავისუფლება არის რაღაც, რაც თავის თავშივე მოიცავს აუცილებლობას… რაღაც, რაც თავისი თავის აუცილებლობას წარმოადგენს, არის კიდეც თავისუფლება

• ფილოსოფიაში თავისუფლებას შინაგანი აუცილებლობა ეწოდება. თავისი თავის აუცილებლობა.

თემები:
სიბრძნის სიმფონია (40)

მთავარი თემები