სიყვარულიც ომია, ოღონდ იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება...

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliაყვავებული ხე
აყვავებული ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიყვარულიც თავისებური ომია, განსაკუთრებული სახეობაა ომისა და დაპირისპირებისა, ოღონდ, ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების უნარი მეტი აღმოაჩნდება.

"სიბრძნის სიმფონია" დღეს მე-20 საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემოქმედს — ოთარ ჭილაძეს წარმოგიდგენთ.

ოთარ ჭილაძე (1933-2009) — მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი. 1998 წელს ჭილაძე, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად, ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.

  • სამშობლო ოჯახიდან იწყება და თუ ოჯახს მოუშლი კაცს, ცოლს გაუბახებ, შვილს ნაბიჭვრად გამოუცხადებ, მისთვის სამშობლო ჩვეულებრივ მიწაწყლად იქცევა მხოლოდ, საძოვარ და სათეს ფართობად, რომელიც არსად არ იწყება და არც არსად მთავრდება, რადგან ცის ქვეშეთში მიწა ყველგან მიწაა და წყალი ყველგან წყალია, მაგრამ იმას, ოჯახმოშლილს, ცოლგაბახებულს, შვილდაკარგულს, ქვეყნის მკვიდრი კი აღარ ჰქვია, არამედ მაწანწალა, რომლისთვისაც უკვე სულერთია, რომელ ცის ქვეშ, რომელ ჭიშკართან გამოუტანენ სამადლოდ ერთ ლუკმა პურსა და ერთ ყლუპ წყალს.
ერიხ მარია რემარკი - Sputnik საქართველო
ქვეყნად ყველაზე მძიმე ავადმყოფობა არის აზროვნება...
  • ცოლი კი სხვაა, ცოლს კაცი ირჩევს და ამ არჩევანში გამოჩნდება ხოლმე კაცის გემოვნებაცა და ღირსებაც. მაგრამ, რაც არ უნდა გემოვნებიანი და ღირსეული იყოს კაცი, მაინც შეიძლება შეეშალოს არჩევანი. ეს უკვე ბედის საქმეა, ბედის კი არა — უბედობის.
  • ცოლის მაგიერი შეიძლება იშოვოს კაცმა, დედისა კი ვერა. დედის დათმობაც არ შეიძლება, რადგან არ მოიპოვება, არც აირჩევა, არც გაიყოფა, შენიც იმდენია, რამდენიც შენი ძმისა, ორნი კი არა, შეიძლება ათნი იყოთ, დედა კი ერთია და ათივესთვის ერთნაირი.
  • დარწმუნებული ვარ, ადამიანს ოდესღაც მართლა რომ ჰქონდა უკვდავების წამალი, მაგრამ თვითონვე გაანადგურა იგი, რადგან ვერ ჩაწვდა უკვდავების აზრს. უფრო სწორედ, იმის წარმოდგენამ შეზარა, მარადიული მოწმე რომ იქნებოდა საკუთარი თუ სხვისი მონობისა, მაგრამ მაინც ვერ შეელია უკვდავებას და ღმერთი მოიგონა. კი არ მოიგონა, უკვდავებაზე სინანულმა გაუჩინა ღმერთი, უკანონო შვილივით, რადგან ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა სინდისის ქენჯნა, მოწმისათვის განკუთვნილი სასჯელი, რომელიც ხელს უშლის ადამიანს მოიშოროს მონობისკენ მიდრეკილება. ხოლო სანამ ადამიანი მონაა, სულერთია, ჭლექი მოკლავს იმას თუ ღორმუცელობა.
  • ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია - Sputnik საქართველო
    სიბრძნის სიმფონია: სიკეთე ბოროტისთვის, თათბირი შლეგისთვის, ქადაგება გონებაჩლუნგისთვის
  • ისე, კაცმა რომ თქვას, ადამიანი სწორედ თავისი სისუსტეებითაა საინტერესო. უფრო მეტიც, სისუსტეებითაა ძლიერი, ყოვლისშემძლე, ყოვლის ამტანი. შეიძლება ითქვას, ადამიანის ჭეშმარიტ სახეს მისივე სისუსტეები განაპირობებს. ადამიანი სუსტი რომ არ იყოს, არც გაფრენის სურვილი გაუჩნდებოდა ალბათ.
  • რაც უფრო ადრე განეწყობი სასიკვდილოდ, მით უკეთესი, მერე მშვიდად იცხოვრებ დარჩენილ დროს.
  • თავიდანვე იმიტომ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე – სიკვდილისთვის რომ მოემზადოს, მოსამზადებელი დროა, აი, როგორც მოწაფეებს ეძლევათ გარკვეული დრო ამა თუ იმ საგნის მოსამზადებლად. თუ დროში ვერ ჩაეტიე, ჩაიჭრები – ანუ ღირსეულად ვერ მოკვდები, გამაიმუნდები. ქვეყანას აიკლებ ამაო წუწუნით, კვნესითა და მუდარით. არ მინდა, მეშინია… სამარცხვინო საქციელია და მეტი არაფერი. ფუი ამისთანა სიცოცხლეს.
  • გერმანელი მწერალი ჰერმან ჰესე - Sputnik საქართველო
    "სიბრძნის სიმფონია" - ჰერმან ჰესე - სიბერე
  • არც სულ სიცოცხლე ვარგა და არც სულ სიკვდილი, როდისმე ერთიც მოგწყინდება და მეორეც. თანაც ვინ იცის, ან თუ იცის საიდან იცის, სიცოცხლე რომ ჯობია სიკვდილს. მესამე გზა არ არსებობს, ან მკვდარი უნდა იყო, ან ცოცხალი. ანდა, როგორც ინდოელებს სჯერათ, რამდენჯერმე უნდა იბადებოდე…
  • მასუნთქეთ ჩემი სამშობლოს სურნელი. ხურდა არ მინდა. სიცოცხლეს ვიხდი მთლიანად. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ჩვენს დროში, სამშობლოს სურნელს ვერ გაყიდი. სამშობლო იყიდება. მისი სურნელი კი არა. სურნელი მაინც აქ რჩება, გამოცარიელებულ სივრცეში, ნასამშობლარზე…
  • მეტი არც არაფერია ოჯახი. მიუხედავად უსიტყვო შეთანხმებისა, ანდა, სწორედ უსიტყვო შეთანხმების გამო, არავის არ უნდა და მაინც ყველას ხელს აძლევს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება…
  • მხედარი - Sputnik საქართველო
    საქართველოში ყოველი საქმე – ბრძოლაა… შრომაცა და ქეიფიც კი...
  • სიყვარულიც თავისებური ომია, განსაკუთრებული სახეობაა ომისა და დაპირისპირებისა, ოღონდ, ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების უნარი მეტი აღმოაჩნდება. ამიტომაც არის ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობ, გასაგები გახდეს ვინმესთვის…
  • ადამიანი არასოდეს მარტო არ ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის…
  •  

    ყველა ახალი ამბავი
    0